შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავდა გაგზავნილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: საქართველო ავღანეთში NATO-ISAF-ის პროგრამაში 2009 წლიდან ჩაერთო. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, პროგრამაში ჩართულობის თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებს უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა და მეორე ადგილზე იმყოფებოდა. იმავე წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს სამხედრო კონტინგენტის გაორმაგების შედეგად საქართველომ პირველ ადგილზე აინაცვლა.

საქართველო პირველ ადგილზე იმყოფებოდა ირაკლი ღარიბაშვილის ორივე პრემიერობის დროს - 2013-2015 და 2021 წლებში.

ფაქტობრივი სიზუსტის მიუხედავად, განცხადებას მნიშვნელოვან გარემოებაზე მითითება აკლია. კერძოდ, საქართველო ავღანეთში გაგზავნილი სამხედროთა რიცხოვნობით მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს არ ყოფილა პირველ ადგილზე. პროცესი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, კონტინგენტის ზრდის გეგმის შესახებ (იმ ნიშნულამდე, რაც საქართველოს ერთ სულზე მივლინებული ჯარისკაცების ოდენობით პირველ ადგილზე გადაიყვანდა) ინფორმაცია უკვე 2012 წლის თებერვალში იყო ცნობილი. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდი ამ მხრივ რამე ფორმით გამოსარჩევი არ ყოფილა, საქართველო ავღანეთში მივლენილი ჯარისკაცების ოდენობით მოწინავე პოზიციებზე წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო და „ქართული ოცნების“ პერიოდშიც, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტს სხვა პირები იკავებდნენ.

ანალიზი:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილმა გამოიწვია, განმარტება გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, პრემიერის გამოსვლა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და საქართველოს ალიანსთან დაახლოებაზე არასდროს უთქვამს უარი, რომლის ერთ-ერთ არგუმენტად ავღანეთში ქართული კონტინგენტის რაოდენობა დაასახელა. კერძოდ, მან აღნიშნა: „ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა“.

ავღანეთის ომი, ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლების“ სახელით, 2001 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანმა შეერთებულ შტატებს 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულის ბინ-ლადენის გადაცემაზე უარი განუცხადა. თალიბანის დამარცხების შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში NATO-ს ეგიდით ISAF (International Security Assistance Force — საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები) დაფუძნდა.

საქართველო ISAF-ის პროგრამაში 2009 წლიდან ჩაერთო, თუმცა მხოლოდ 1 ადამიანით. 2010 წლის იანვრიდან კონტინგენტის მოცულობა 175-მდე გაიზარდა, იმავე წლის ნოემბერში 924-მდე.

თუ 2009 წლის იანვარში, ISAF-ის მისია 55 100 სამხედროს ითვლიდა, 2010 წლის ნოემბერში 130 900-მდე იყო გაზრდილი. ამ დროისათვის პროგრამაში 48 სახელმწიფო იყო ჩართული. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოზე მეტი - 1550 სამხედროთი მხოლოდ ავსტრალია იყო წარმოდგენილი, თუმცა თუ სამხედროთა რაოდენობას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დავითვლით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 24.3 ჯარისკაცით ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველ ადგილზე იმყოფებოდა, უფრო მეტიც, თავად NATO-ს წევრი ქვეყნებიდანაც ყოველ 100 000 მოსახლეზე 28.9 სამხედროთი (ჯამში 90 000 სამხედრო) საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ შეერთებულ შტატების მონაცემი აჭარბებდა.

2010 წლის დეკემბერში ავღანეთში ბრიტანეთის 9500 სამხედრო იმყოფებოდა, რაც 100 000 მოსახლეზე 15.2-ია, საფრანგეთი იმ დროისთვის 3688 სამხედროთი იყო წარმოდგენილი 100 000 მოსახლეზე - 5.9, გერმანია 4341 სამხედრო, 100 000 მოსახლეზე - 5,3.

2011 წლის დეკემბერში სიტუაცია ძალიან ჰგავდა 2010 წლის დეკემბრის სურათს. კერძოდ, საქართველო 935 სამხედროთი იყო წარმოდგენილი, მთლიანი მისია 130 300-ით. აშშ ისევ 90 000-ით და ბრიტანეთი ისევ 9500-ით.

2012 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც საქართველოში ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო გადაბარებული, ქართველ სამხედროთა რაოდენობა ავღანეთში 800-მდე იყო შემცირებული, ამერიკელთა - 68 000-მდე, რაც 100 000 მოსახლეზე დათვლით 21.4 და 21.5-ს ანუ თითქმის თანაბარ მაჩვენებელს გულისხმობდა. იმავე წლის 3 დეკემბერს ქართველ სამხედროთა რიცხვმა ავღანეთში 1561-ს მიაღწია, ანუ 100 000 მოსახლეზე 42.2-ს, რითაც ქვეყანამ პირველ ადგილზე აინაცვლა. დეკემბერში ხელისუფლება უკვე გადაბარებულია, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ სამხედროთა მომზადებასა და მათ ავღანეთში ჩაყვანას გარკვეული დრო სჭირდებოდა, კონტინგენტის ზრდის გეგმა ბევრად ადრე იქნა მიღებული, დამატებითი ბატალიონის გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ ცნობები უკვე თებერვლიდან იძებნება.

2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო უკვე NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის სამხედროთა ჯამური რაოდენობითაც კი პირველ ადგილზე იმყოფებოდა, 1094 ჯარისკაცით მეორე ადგილს ავსტრალია იკავებდა. იმ დროისათვის ალიანსის წევრი 28 სახელმწიფოდან საქართველო სამხედროთა ჯამური რაოდენობით 22 ქვეყანას უსწრებდა, მათ შორის - 1.5-ჯერ 80 მლნ-იან თურქეთსაც.

2014 წლის დეკემბერში ISAF-ის პროგრამის დასრულების მომენტში ქართველ სამხედროთა რაოდენობა ავღანეთში 755-მდე იყო შემცირებული, (100 000-ზე 20.4), ხოლო აშშ-ის პროცენტულად კიდევ უფრო მეტად - 18 180-მდე 100 000-ზე 5.7. სამხედროთა ჯამური რაოდენობით საქართველო უკვე ალიანსის 24 ქვეყანას უსწრებდა, უფრო დიდი კონტინგენტი მისიაში მხოლოდ გერმანიას, იტალიას, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს ჰყავდა.

ISAF-ის მისიის RS-ით ჩანაცვლების შემდეგ, ქართელ სამხედროთა რაოდენობა 885-მდე გაიზარდა, რითაც ქვეყანამ NATO-ს ყველა წევრ-ს გაუსწრო შეერთებული შტატების გარდა. ამ დროისათვის, პიკურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედროთა რაოდენობა ჯამურად 10-ჯერ, 13 200-მდე იყო შემცირებული.

შემდგომ წლებში ქართველ სამხედროთა რაოდენობა თითქმის აღარ შეცვლილა და 2021 წლის თებერვალშიც 860-ს შეადგენდა. ამ დროისათვის მისიის საერთო რიცხოვნობა უკვე 9592-მდე იყო შემცირებული, თუმცა მეორე და მესამე ადგილებს გერმანია და იტალია შესაბამისად - 1300 და 895 სამხედროთი, ინაწილებდნენ. 100 000 მოსახლეზე დათვლით კი საქართველო უპირობო ლიდერობას ინარჩუნებდა.

2021 წლის ივნისში, საერთაშორისო მისიის დასრულებამდე 2 თვით ადრე ბოლო ქართული შენაერთის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. 12 წლის განმავლობაში ავღანეთში ნამსახურებ ქართველ სამხედროთა რაოდენობამ ჯამში 22 000-ს მიაღწია, მათგან ტერაქტებს 32 ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა.

მართალია, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები ტექნიკურად ზუსტია, თუმცა მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნული განცხადება გააკეთა. თავის ტვიტში პაპუაშვილი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომელშიც პრემიერმა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და აგრესიული შეჭრის თაობაზე კონტრვერსიული პოზიცია დააფიქსირა, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს პრემიერის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ამ კონტექსტში კი ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროს საქართველო ავღანეთში კონტინგენტით პირველ ადგილზე იყო, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამართლებად არ გამოდგება. შესაბამისად, ამ შინაარსის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ პაპუაშვილის განცხადების შეფასება ჩვენი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე შეუძლებელია და მას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი