თინა ბოკუჩავა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო მკაფიო უარი ინტერპოლისგან კეზერაშვილთან, ადეიშვილთან და სააკაშვილთან მიმართებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა 2013 წელს ერთდროულად დაიწყო. 2015 წელს ინტერპოლმა ორივე მათგანი ამოიღო ძებნილთა სიიდან. ასევე, 2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნა არ გამოაცხადა.

დოკუმენტები, რომლებიც სამივე პირთან მიმართებით წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის/არდაწყების საფუძვლებზე მიუთითებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გამხდარა. შესაბამისად, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და მიზეზები, თუ რატომ შეწყვიტა/არ დაიწყო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, „ფაქტ-მეტრისთვის“ უცნობია.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მოითხოვა და მიიღო მკაფიო უარი ინტერპოლისგან ადეიშვილთან, კეზერაშვილთან და სააკაშვილთან მიმართებით, აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

19 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა. „ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება აპირებს, მოითხოვოს, რომ თავისუფალი მიმოსვლა შეეზღუდოს დავით კეზერაშვილს და მე მინდა შევახსენო ბატონ ირაკლის, რომ ეს ერთხელ თქვენმა ხელისუფლებამ მოითხოვა 2015 წელს და მიიღო მკაფიო უარი ინტერპოლისგან ბატონ კეზერაშვილთან, ბატონ ადეიშვილთან, ბატონ სააკაშვილთან მიმართებაში...მეტსაც შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] მაშინ, სანამ მოხსნიდა ივანიშვილი და დანიშნავდა მეორედ 2015 წელს, თქვა, რომ ინტერპოლმა მეთოდოლოგია შეცვალა და ამიტომ არ დააკმაყოფილეს კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენი მოთხოვნაო“.

„ფაქტ-მეტრმა“ თინა ბოკუჩავას განცხადება გადაამოწმა.

საქართველომ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადების თხოვნით ინტერპოლს 2013 წლის იანვარში მიმართა. მიმართვას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის წინასწარი პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ეხებოდა.

იმ დროისათვის, როცა იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბრალი წაუყენეს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ადეიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, რომელმაც საქართველო 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს დატოვა.

ინტერპოლმა ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილად 2013 წლის ნოემბერში გამოაცხადა. თუმცაღა 2015 წელს გაირკვა, რომ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გაუქმდა. როგორც მთავარი პროკურორის იმჟამინდელმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განმარტა - 2015 წელს, ინტერპოლის მიერ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზი მისი ლტოლვილის სტატუსი გახდა. „ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის 181-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ახალი პოლიტიკა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა მიმართ, კონკრეტულად, ეს ახალი პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ლტოლვილის სტატუსის მქონე პიროვნება, რომელზეც დასტურდება, რომ მინიჭებული აქვს ეს სტატუსი, ასევე დასტურდება, რომ ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკური ინტერესი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს მიმართ, ამ შემთხვევაში ძებნილი ადამიანი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, არ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ განხორციელდეს წითელი ცირკულარით ძებნა. სწორედ ამ ახალი პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 18 თებერვლიდან, ინტერპოლმა ცალმხრივად, ისე, რომ წინასწარ არ შეუტყობინებია ამის შესახებ პროკურატურისათვის, მხოლოდ გვაცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ და მოუხსნა ზურაბ ადეიშვილს, ასევე სერგო ქავთარაძეს წითელი ცირკულარით ძებნა“, - აღნიშნა შოთაძემ.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილის ძებნა 2013 წელს ერთდროულად დაიწყო. შს სამინისტროს 2013 წლის განცხადების თანახმად, დავით კეზერაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით რამდენიმე მუხლით, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია-ფულის გათეთრებაში ედებოდა ბრალი. იმ პერიოდში დავით კეზერაშვილი წინასწარ პატიმრობაში საფრანგეთში იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. საფრანგეთში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. როგორც პროკურორის სიტყვაში, ასევე, მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებაშიც, ხაზი ჰქონდა გასმული საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს.

აღსანიშნავია, რომ, საფრანგეთის შემდეგ, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი ბრიტანეთის სასამართლომაც თქვა. ამის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა და, როგორც კეზერაშვილის იმჟამინდელმა ადვოკატმა, შოთა მინდელმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, დავით კეზერაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნის მოტივები გახდა.

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ, ზურაბ ადეიშვილის შემდეგ, ინტერპოლმა დავით კეზერაშვილის ძებნაც შეწყვიტა. კეზერაშვილის ადვოკატის თანახმად, ინტერპოლმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წითელი ცირკულარიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გაცნობის შედეგად მიიღო, საიდანაც იკვეთებოდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

რაც შეეხება საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, წითელი ცირკულარით ძებნის გამოსაცხადებლად პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს 2014 წელს მიმართა, თუმცა 2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნა არ გამოაცხადა. იმ დროისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებული იყო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის, 2007 წლის ნოემბერში თბილისში დემონსტრანტების და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე.

სააკაშვილის უფლებადამცველების განმარტებების თანახმად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მის წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის გამოცხადებაზე უარი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო თქვა.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას განცხადების მეორე ნაწილს, ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერპოლის მიერ დავით კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება 2015 წელს ნამდვილად მიაწერა ინტერპოლში მეთოდოლოგიის ცვლილებას, თუმცა - უსაფუძვლოდ.

ინტერპოლმა სინამდვილეში 2015 წელს, მართლაც, შეიმუშავა ახალი პოლიტიკა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით, რომლის მიზანიც სწორედ ლტოლვილის სტატუსის მქონე (1951 წლის ლტოლვილთა კონვენციის ) პირების წითელი ცირკულარიდან მოხსნა იყო.

ცვლილების მიხედვით, წითელი ცირკულარი (red notice request) ან ძებნის გავრცელება (diffusion request) პირზე დაიშვება თუ:

- დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს;

- დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;

- დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ 2015 წელს სწორედ ინტერპოლის ახალი პოლიტიკის შედეგად შეწყდა მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით დავით კეზერაშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ვინაიდან მათ ლტოლვილის სტატუსი არ ჰქონიათ.

დოკუმენტები, რომლებიც სამივე პირთან მიმართებით წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის/არდაწყების საფუძვლებზე მიუთითებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა და „ფაქტ-მეტრის“ ინფორმაციით, არც ყოფილა. შესაბამისად, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და მიზეზები, თუ რატომ შეწყვიტა/არ დაიწყო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, „ფაქტ-მეტრისთვის“ უცნობია.

დასკვნა

ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა 2013 წელს ერთდროულად დაიწყო. 2015 წელს ინტერპოლმა ორივე მათგანი ამოიღო ძებნილთა სიიდან. ასევე, 2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნა არ გამოაცხადა.

გამომდინარე იქიდან, რომ 2013-დან 2015 წლამდე ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი ძებნილთა სიაში იყვნენ; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გამხდარა დოკუმენტები, რომლებიც ადეიშვილთან, კეზერაშვილთან და სააკაშვილთან მიმართებით წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის/არდაწყების საფუძვლებზე მიუთითებს, „ფაქტ-მეტრი“ თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მოითხოვა და მიიღო მკაფიო უარი ინტერპოლისგან ზემოაღნიშნულ პირებთან მიმართებით, აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია