ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ ყველა საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: ვენეციის კომისიის 12 ივნისის დასკვნის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. აღნიშნულ კანონპროექტს კომისია საფრთხედ მიიჩნევს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის და მისი თვითნებური გამოყენების რისკს ხედავს, პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად.

დასკვნაში აღნიშნულია, საქართველოს პარლამენტმა კომისიის შუალედურ მოსაზრებაში მოცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი, ერთი შეხედვით, გაითვალისწინა, თუმცა, მთავარი პრობლემა - ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმეგ კანონის თვითნებურად გამოყენების რისკები - ვერ აღმოფხვრა. კერძოდ, დასკვნის თანახმად, კანონპროექტი კვლავ აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, საჯაროდ „შეიყვანოს შავ სიაში“ პოტენციური პოლიტიკური ოპონენტები ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით იზიარებს ევროკავშირიც, რომელმაც 14 ივნისს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვედრდიქტით მეტწილად მცდარი.

ანალიზი

ვენეციის კომისიამ 12 ივნისს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო, კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნით კომისია მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ მიიღოს კანონპროექტი, რამდენადაც მან შესაძლოა „სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს“.

ვენეციის კომისიის დასკვნას „ქართული ოცნების თავმჯდომარე“, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. „ჩვენ ორჯერ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში ეს დოკუმენტი. პირველ დოკუმენტშიც ეწერა, რომ არსებობს ორი მიდგომა – სისტემური და პერსონალიზებული და ვენეციის კომისია თავიდანვე აცხადებდა, რომ უფრო მეტად მხარს უჭერს ე.წ. სისტემურ მიდგომას, როცა ვენეციის კომისიას არ გამოურიცხავს არც პერსონალიზებული მიდგომა და აქ შემოგვთავაზა ექვსი კონკრეტული ცვლილება იმ კანონისთვის, რომელიც ჩვენ მიერ იყო პირველი მოსმენით მიღებული. ვენეციის კომისიის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ ყველა საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რითაც ვუპასუხეთ იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია პერსონალიზებულ მიდგომასთან“, -აღნიშნა მან.

კობახიძის თქმით, საქართველომ უკრაინული კანონის ანალოგი გადმოიტანა, რომელმაც ევროკომისიისგან მაღალი შეფასება მიიღო: „გახსოვთ ისტორია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა 12 პუნქტში, ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში და უფრო მეტიც, პუნქტის განმარტებასთან ერთად გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და განაცხადა შემდეგი, რომ უკრაინამ მიიღო ძალიან კარგი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ახლა დარჩენილია მხოლოდ ამ კანონის აღსრულება. ანუ, არა მარტო პუნქტი ჩაიწერა დეოლიგარქიზაციის შესახებ, არამედ ძალიან მაღალი შეფასება მიეცა უშუალოდ უკრაინულ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ჩვენ გადმოვიტანეთ საბოლოო ჯამში საქართველოში“.

„ფაქტ-მეტრმა“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომელთა შესრულების პირობითაც, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას ეხება, რაც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას გულისხმობს.

აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა.

13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ. ამავე დღეს, შესწორებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, რაზეც საბოლოო დასკვნა კომისიამ 12 ივნისს გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ მანამდე, 13 მარტს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტზე გამოაქვეყნა შუალედური მოსაზრება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია აღნიშნულ დასკვნაზე).

შუალედური მოსაზრებით კომისიამ უარყოფითად შეაფასა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი იმ ფორმით, როგორითაც ის მას წარედგინა. მეტიც, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მოიძიებინა „ოლიგარქიზაციის“ პრობლემის აღმოფხვრის სხვა შესაძლებლობები, რომლებიც შეესაბამება მიზანს და არ გულისხმობს გარკვეული პირების ოლიგარქებად გამოცხადებას გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე, არაგამჭვირვალე პროცედურებითა და არაეფექტური საპროცესო გარანტიებით.

ამასთან, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ის უპირატესობას „სისტემურ“ მიდგომას ანიჭებს და არა „პერსონალურს“ (როგორიც კანონპროექტის ქართული მოდელია). შესაბამისად, არაერთი რეკომენდაცია გასცა როგორც პრობლემის აღმოფხვრის სისტემური ზომების თვალსაზრისით, ისე, უშუალოდ გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რა წერია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში

საბოლოო დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტმა შუალედურ მოსაზრებაში მოცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი, ერთი შეხედვით, გაითვალისწინა და ასახა კანონპროექტის შესწორებულ ვერსიაში. თუმცა, კანონპროექტი, დასკვნის თანახმად, მაინც ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შესაძლო თვითნებობის აღკვეთას.

„ვენეციის კომისია აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი განახლებული კანონპროექტი, ერთი შეხედვით (prima facie) და თეორიულად ითვალისწინებს 2023 წლის მარტის შუალედური დასკვნის რეკომენდაციების უმეტესობას, ვინაიდან ისინი მიმართული იყო კანონპროექტით გათვალისწინებული „პერსონალური მიდგომის“ გაუმჯობესებაზე. მიუხედავად ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის დახვეწის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა მაინც ვერ აღმოფხვრა კანონის მთავარი პრობლემა და კანონპროექტი კვლავ აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, საჯაროდ „შეიყვანოს შავ სიაში“ პოტენციური პოლიტიკური ოპონენტები ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში“ , - წერია დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისია „ქართული ოცნების“ კანონპროექტს საფრთხედ მიიჩნევს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის, ამასთან, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით, მისი თვითნებური გამოყენების რისკს ხედავს.

„შესწორებული კანონპროექტის ბოროტად გამოყენების რისკმა და მისი დებულებების შესაძლო თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს, თუმცაღა გააკეთოს ცოტა „ოლიგარქიული“ გავლენის დასაძლევად. პერსონალიზებული დეოლიგარქიზაციის კანონი, როგორიც მოცემული განსახილველი კანონპროექტია, შეიცვს რისკს, იქცეს სახიფათო იარაღად ხელისუფლებაში მყოფთა ხელში, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით. შესწორებული კანონპროექტის თვითნებური გამოყენების რისკი განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოს შემთხვევაში საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება“, - წერია დასკვნაში.

კომისია თვლის, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, ამასთან, ოლიგარქიულ ზეგავლენებთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო უწყებებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, როგორიცაა, არსებული სისტემური გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზი და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრას.

კერძოდ, კომისიის რეკომენდაციაა, შემუშავდეს კორექტირებული, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს:

• ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;

• მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესაბამისად;

• სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;

• მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;

• ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებას;

• პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;

• ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;

• ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას;

• შეფასებას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე;

დასკვნის თანახმად, სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მისი რეკომენდაციების სრული დაცვით, უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნაში ყურადღება გაამახვილა და პარალელი გაავლო უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტთან და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში არსებული სიტუაცია განსხვავდება საქართველოში არსებული სიტუაციისგან. კომისიის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე აგრესიულმა ომმა ამ ქვეყანაში „ოლიგარქების“ უარყოფითი გავლენის შემცირება გამოიწვია და შესაბამისად, „ოლიგარქების“ წინააღმდეგ გასატარებელი ზომების დრო და მასშტაბები განსხვავებული იქნება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის.

კომისია დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოლიგარქიზაციასთან საბრძოლველად ნებისმიერი „სისტემური“ ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ქვეყნის ისტორიულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და კონტექსტუალურ მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინული კანონის ანალოგიური დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიმუშავა, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. პარტიის წამომადგენლებისგან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ თუკი ევროკომისიამ კანონის უკრაინული მოდელი მოიწონა, მაშინ მის ქართულ ანალოგთანაც არ უნდა ჰქონოდა პრობლემა არც ევროკომისიას და არც ვენეციის კომისიას. მიუხედავად ამისა, როგორც ვენეციის კომისია დასკვნაში აღნიშნავს, ერთი კონკრეტული მოდელი ყველა ქვეყანას ვერ მოერგება და უკრაინის კონტექსტი საქართველოში არსებული სიტუაციისგან განსხვავდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 14 ივნისს განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც და „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნა გაიზიარა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ", - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მოცემული განცხადება ცხადყოფს, რომ არა მხოლოდ ვენეციის კომისია, არამედ ევროკავშირი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ საქართველომ დეოლიგაქრიზაციის შესახებ შემუშავებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს და პრობლემის აღმოფხვრისთვის სისტემური მიდგომა გამოიყენოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია მმართველი პარტიის განცხადებები, რომ ქართული კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიურია, და ვინაიდან ევროკომისიამ უკრაინული კანონი მოიწონა, მის ქართულ ანალოგთანაც არ უნდა არსებობდეს შენიშვნები. როგორც აღვნიშნეთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, უკრაინაში არსებული სიტუაცია საქართველოს კონტექსტისგან განსხვავებულია და კანონის ერთი მოდელი ყველა ქვეყანას ვერ მოერგება. კომისიის თანახმად, ოლიგარქიზაციასთან საბრძოლველი ნებისმიერი „სისტემური“ ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ქვეყნის ისტორიულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და კონტექსტუალურ მდგომარეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვედრდიქტით მეტწილად მცდარი. როგორც ვენეციის კომისიის 12 ივნისის დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტმა კომისიის შუალედურ მოსაზრებაში მოცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი, ერთი შეხედვით, გაითვალისწინა, თუმცა, მთავარი პრობლემა - ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმეგ კანონის თვითნებურად გამოყენების რისკები - ვერ აღმოფხვრა. კერძოდ, კანონპროექტი კვლავ აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, საჯაროდ „შეიყვანოს შავ სიაში“ პოტენციური პოლიტიკური ოპონენტები ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი