ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე:2021 წლის იანვრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე აღარაა. პრემიერის პოსტი მან უფრო ადრე, 2013 წლის ოქტომბერში დატოვა და მას შემდეგ პოლიტიკური თანამდებობა აღარ დაუკავებია. ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად პოლიტიკური და პარტიული თანამდებობის არმქონე მოქალაქეა და მისი დასანქცირება ქვეყნის დასანქცირებასთან ვერ გაიგივდება.

ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირდაპირ საქართველოს სანქცირება არასდროს მოუთხოვიათ. ამგვარი ინტერპრეტირება ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან მხოლოდ ორი ტიპის - საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირების მოთხოვნისა და საქართველოს მხრიდან სანქცირების რეჟიმის დარღვევის შესახებ ოპოზიციონერთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს შეიძლება მოჰყოლოდა.

მთავრობის წევრების ან მთავრობის მეთაურის დასანქცირება, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე უმძიმეს სურათს შეუქმნის. ფაქტობრივად, მთავრობის წევრების დასანქცირებასა და ქვეყნის დასანქცირებას შორის ზღვრის გავლება, შეუძლებელია. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მხრიდან სანქციების რეჟიმის დარღვევაზე მითითებას, ბუნებრივია, ეს გულისხმობს იმ დაშვებას, რომ საქართველოში სანქციები ირღვევა, რაც თავის მხრივ შეიძლება ქვეყნისთვის სანქციების დაწესების წინაპირობას წარმოადგენდეს. ორივე ეს მსჯელობა პოლიტიკური შეფასების საგანია და „ფაქტ-მეტრი“ მისი ვალიდურობის განხილვაში ვერ შევა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მართებული არ არის პოლიტიკოსების კრიტიკა ქვეყანაში მათი შეხედულებით არსებული პრობლემებზე საუბრის გამო. შესაბამისად, თუ ქართველი პოლიტიკოსები გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ და ამაზე საუბრობენ, მათი გაჩუმების მიზნით - მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოება, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, მიუღებელია.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება წარმოადგენს მსჯელობას, რომელიც მთლიანად პოლიტიკური შეფასების და ინტერპრეტაციის ჩარჩოებში ჯდება და შეუძლებელია, ჩვენი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ვერდიქტით შეფასდეს. სწორედ ამიტომ, „ფაქტ-მეტრი“ ქადაგიშვილის ამ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი: სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო'სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა: „რაც შეეხება ოპოზიციის ყბადაღებულ ნარატივს: „დაასანქცირეთ საქართველო“, რომელსაც დაუღალავად იმეორებენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათი ეს მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ ისინი ზნეს არ შეიცვლიან და იგივე სიჯიუტით გააგრძელებენ ქვეყნის წინააღმდეგ ამ პროპაგანდას“. კონტექსტის გათვალისწინებით, დეპუტატი გულისხმობდა, რომ ოპოზიცია რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის უსაფუძვლო ბრალდების გამო, საქართველოს დასანქცირებას ითხოვდა, თუმცა ბრალმდებლების მოლოდინი არ გამართლდა.

ინდივიდუალური სანქციები, ცალკეული პიროვნების ან კომპანიის წინააღმდეგ არც თუ ისე იშვიათია. სახელმწიფოს წინააღმდეგ კი მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იდგმება, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს თავს ესხმის ან განადგურებით ემუქრება, აწყობს ეთნოწმენდას, ტოტალურად არღვევს ადამიანის უფლებებს... სეგრეგაციის დროს სანქციები მოქმედებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ბირთვული იარაღის შექმნისა და მუქარის გამო თითქმის სრულ იზოლაციაშია მოქცეული ჩრდილოეთ კორეა. ბირთვული პროგრამა გახდა ირანის დასანქცირების ძირითადი მიზეზიც. 2022 წლიდან ამ ქვეყნებს რუსეთი და მისი მოკავშირე ბელარუსიც მიემატა.

ყირიმის ანექსიისა და დონბასში წამოწყებული გამოუცხადებელი ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდული ფორმით სანქციები 2014 წლიდან უკვე მოქმედებდა. 2022 წლიდან კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ცენტრალური ბანკის რეზერვები გაიყინა, კომერციული ბანკები SWIFT-დან ჩაიხსნა, შეიზღუდა საერთაშორისო ვაჭრობა, რუსეთისთვის ევროპისა და ამერიკის ცა ჩაიკეტა, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობებიდან ჩაიხსნენ.

ახალი სანქციების გამოცხადება ჯერ კიდევ 22 თებერვლიდან დაიწყო (21 თებერვალს რუსეთმა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო) 24 თებერვლის შემდეგ სანქციების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილი 2022 წლის მარტში იქნა მიღებული, თუმცა სანქციები შემდგომ თვეებშიც გაფართოვდა და 2023 წლის ივნისში ევროკავშირმა მისი მე-11 პაკეტი დაამტკიცა.

რუსეთი უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრა, შესაბამისად, სანქციები ბელარუსზეც გავრცელდა. ომის საწყის ეტაპზე გაჩნდა მოლოდინი, რომ ირანს სანქციებს შეუმსუბუქებდნენ და მეტი ნავთობის ექსპორტის საშუალებას მისცემდნენ, რომელსაც რუსული ნავთობი ნაწილობრივ მაინც უნდა ჩაენაცვლებინა. ირანმა სხვა გზა არჩია და რუსეთს, ძირითადად კამიკაძე დრონების სახით ღია სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, ასევე უარი განაცხადა ურანის გამდიდრების შეჩერებაზე, რამაც მოლაპარაკებები ჩაშალა.

იმისთვის რომ სანქციები ეფექტიანად აღსრულდეს, ის მის დამრღვევზეც ვრცელდება. ეს პირობა ზოგიერთ ქვეყანას აიძულებს, რომ პრაგმატული მოსაზრების გათვალისწინებით, არ გარისკოს.

საქართველო ოფიციალურად სანქციებს არ შეერთებია. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა ომის დაწყების მეორე დღესვე 2022 წლის 25 თებერვალს გააკეთა. პრემიერისა და მთავრობის სხვა ოფიციალური პირების განმარტებით, სანქციები საქართველოს ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დააზარალებდა და პარალელურად, რუსეთთან ესკალაციის რისკიც გაიზრდებოდა. მსგავსი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ თავად არ დაარღვევდა სანქციებს, რუსეთისთვის ერთგვარ მაშველ რგოლად არ იქცეოდა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ვერ მოხვდებოდა.

ბრალდება, რომ საქართველო სანქციებს არღვევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პრესაში რამდენჯერმე გაჟღერდა, თუმცა 16 თვის განმავლობაში ამ ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა მნიშვნელოვნად შეამცირა, საქართველომ პირიქით - გაზარდა. მსგავსი პოლიტიკა ბრიუსელში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა სანქციების დარღვევას არ ნიშნავს. ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, ფეროშენადნობები, 50000 ევროზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები... სანქცირებული პროდუქციის ჩამონათვალში არ შედის. საქართველოსთვის სანქციების დარღვევად არც რუსული საწვავის შესყიდვა ითვლება.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ სანქციების შესაძლო დარღვევის 1300-მდე შემთხვევა აღკვეთა.

ოპოზიციის ნაწილი მთავრობას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. კრიტიკა ძირითადად ცალკეულ საეჭვო ტრანზაქციებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებების პუბლიკაციებს ეყრდნობოდა. ასეთი საფუძველი გამხდარა ისეთი ავტორიტეტული გამოცემის სტატიებიც, როგორიცაა New York Times ან Politico. თუმცა, ეს სამართლებრივად არამყარი არგუმენტებია და თავად ამ მასალებში მოყვანილი მტკიცებებიც ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტირებადი ან/და არასათანადოდ დასაბუთებულია. არგუმენტი საგარეო ვაჭრობის გაზრდილი ბრუნვის შესახებ ასევე არამყარია და ჩაშლილი სტატისტიკა არ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის სანქცირებული პროდუქციით ვაჭრობა ხდება.

იმ ფაქტს, რომ საქართველო სანქციებს არ არღვევს, დასავლეთში ყველა პასუხისმგებელი პირი ადასტურებს. ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო 'სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ერთობლივმა ვიზიტმა საქართველოში გარკვეული კითხვები და შიშები გააჩინა, რაც მალევე მათმა შემდგომმა განცხადებებმა გააქარწყლა. სანქციების აღსრულების შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ სტატია თებერვალში მოამზადა. სტატიის გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგაც სანქციების დარღვევის დამადასტურებელი ფაქტი გამოვლენილი არ არის.

სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები შეიძლება არ იყოს სათანადოდ დასაბუთებული, თუმცა ბრალდება, რომ ისინი საქართველოს როგორც სახელმწიფოს დასანქცირებას ითხოვდნენ, მცდარია. ღია წყაროებით მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

სხვადასხვა მოტივით, „არჩევნების გაყალბება“, „პოლიტპატიმრების არსებობა“, „არაფორმალური მმართველობა“... ოპოზიციის ნაწილი პერსონალურ სანქციებს, ძირითადად ბიძინა ივანიშვილის, მათივე განმარტებით, როგორც ქვეყნის რეალური მმართველის წინააღმდეგ ომის დაწყებამდეც ითხოვდა. 2021 წლის იანვრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე აღარაა. პრემიერის პოსტი მან უფრო ადრე 2013 წლის ოქტომბერში დატოვა და მას შემდეგ პოლიტიკური თანამდებობა აღარ დაუკავებია. ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად პოლიტიკური და პარტიული თანამდებობის არმქონე მოქალაქეა და მისი დასანქცირება ქვეყნის დასანქცირებასთან ვერ გაიგივდება.

სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საჯარო კომუნიკაცია მწირია. ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ცალკეული რელევანტური უწყებები ინფორმაციას ძირითადად უკვე წარმოშობილი კითხვების ან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებენ, ხშირად არასრულად. პროაქტიული კომუნიკაციისგან და საკითხის ირგვლივ არსებული გარკვეული ბუნდოვანების განმარტებისაგან კი თავს იკავებენ. მაგალითად, „ფაქტ-მეტრის“ არერთი მცდელობის მიუხედავად, დახურული სამუშაო შეხვედრის ან ინფორმაციის გაცვლის სხვა ინტერაქტიური შესაძლებლობის გამოყენების თხოვნა შემოსავლების სამსახურის მხრიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი