რომან გოცირიძე: ჩვენი მთავარი საექსპორტო პარტნიორი სომხეთია, მეორე რუსეთი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2023 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, საექსპორტო პარტნიორებში 360 მლნ დოლარით პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. 337 მლნ-ით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სამეულს კი რუსეთი 281 მლნ-ით ასრულებს. ათეულში ასევე შედის: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ესპანეთი და უკრაინა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებდა, მეორეს - აზერბაიჯანი, მესამეს - რუსეთი, სომხეთი კი მეექვსე პოზიციაზე იმყოფებოდა. უფრო ადრე, 2021 წლის იანვარ-მაისში, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, პირველ ადგილს ისევ ჩინეთი იკავებდა, მეორეს - რუსეთი, მესამეს - აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი - მეშვიდეს.

ჩინეთის წილი ექსპორტში 2021 წლის იანვარ-მაისში 17.1%-ს შეადგენდა, ახლა ის 7.7%-მდეა შემცირებული. სომხეთის წილი 5.1% იყო და 14.4%-მდეა გაზრდილი. 2 წლის წინ ყაზახეთი და ყირგიზეთი ათეულში საერთოდ არ იძებნებოდა. მთლიანად დსთ-ს ქვეყნების წილი ექსპორტში 2021 წლის იანვარ-მაისში 44.9%-ს შეადგენდა, 2022 წლის იანვარ-მაისში - 37.7%-ს და 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 61.8%-ს.

ანალიზი: პალიტრანიუსის ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ 4 ივლისს საგარეო ვაჭრობაზე საუბრისას რომან გოცირიძემ განაცხადა: „ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები, როცა ჩვენ გაგვქონდა ექსპორტი, იყო თურქეთი, ჩინეთი, რუსეთიც იყო. გაქრა ჩინეთი, თურქეთიც გაქრა. ვინ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი? ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი არის სომხეთი და ნომერ მეორე არის რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი“.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ემბარგომდე რუსეთი - როგორც ნაცნობი ბაზარი, საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო პარტნიორად იქცა. გამონაკლისს 2000 და 2004 წლები წარმოადგენდა. ემბარგოს შემდეგ რუსეთი თურქეთმა ჩაანაცვლა. 2010-2015 წლებში ავტოექსპორტის ხარჯზე აზერბაიჯანი დაწინაურდა. 2016-2017 წლებში პირველობა რუსეთმა დაიბრუნა, 2018-2019 წლებში ისევ აზერბაიჯანმა. 2020-2022 წლებში ჩინეთი დაწინაურდა. სომხეთი 2023 წლამდე პირველ ადგილზე არასდროს ყოფილა.

გრაფიკი 1: ლიდერი ქვეყნები ექსპორტში (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მეზობელი სახელმწიფოებია და მათი წილი ექსპორტში ყოველთვის მაღალი იყო (გამონაკლისრუსეთის შემთხვევაში ემბარგოს პერიოდი წარმოადგენდა). ჩინეთი 2010 წლამდე თითქმის არ ჩანდა, 1995-2009 წლებში ჯამურმა ექსპორტმა ჩინეთში მხოლოდ 50 მლნ დოლარი შეადგინა, 20-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში იმავე პერიოდში და 30-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში. 2010 წელს ექსპორტი 27 მლნ-მდე გაიზარდა, 2014 წელს - 90 მლნ-მე, 2017 წელს - 200 მლნ-მდე, 2020 წელს - 477 მლნ-მდე და 2022 წელს - 737 მლნ-მდე. ძირითად საექსპორტო პროდუქციას სპილენძის მადნები წარმოადგენს.

სომხეთი 2023 წლამდე პირველი არასდროს ყოფილა, თუმცა ხშირად ხუთეულში და ზოგჯერ სამეულშიც იკავებდა ხოლმე ადგილს.

2010-იანი წლების დასაწყისში, სომხეთში ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა 100 მლნ დოლარს აჭარბებდა. 2015 წლიდან სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, რამაც ქვეყანაში არარუსული წარმოების (ოფიციალურად კავშირის არაწევრ ქვეყანაში წარმოებული) ავტომობილების იმპორტი გააძვირა. იმავე წელს სომხეთში საქართველოს ჯამური ექსპორტი 2014 წელთან შედარებით 108 მლნ-ით - 288 მლნ-დან 180 მლნ დოლარამდე შემცირდა, მათ შორის - ავტოექსპორტი, 129 მლნ-დან 42 მლნ-მდე.

2019 წელს ბაზარი მცირედით ცოცხლდება და 432 მლნ-მდე იზრდება. თუმცა 2021-2022 წლებში ისევ კლება ფიქსირდება. 2022 წელს კი თანხობრივად მაქსიმუმს ­- 584 მლნ-ს აღწევს. ასეთი შედეგი ძირითადად წლის მეორე ნახევრის დამსახურებაა. 2022 წლის იანვარ-მაისში სომხეთში ექსპორტი 149 მლნ-ს შეადგენდა, რაც წილობრივად 7%-ს უდრიდა, წლის ბოლოს კი მისმა წილმა უკვე 10.5%-ს მიაღწია. ამავე დროს თუ პირველ 5 თვეში სომხეთი საექსპორტო პარტნიორებში მე-6 ადგილს იკავებდა, წლის ბოლოს 2 პოზიციით დაწინაურდა, რა დროსაც ბულგარეთი და თურქეთი უკან ჩამოიტოვა. სომხეთში ექსპორტის წილი კიდევ უფრო მეტად - 14.4%-მდე, 2023 წლის იანვარ-მაისში გაიზარდა, რამაც ამ ქვეყანას საექსპორტო პარტნიორებში პირველი ადგილის დაკავების საშუალება მისცა.

გრაფიკი 2: ექსპორტი სომხეთში იანვარ-მაისის პერიოდში (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წლის იანვარ-მაისში, სომხეთში ექსპორტირებულ პროდუქციაში მსუბუქ ავტომობილებს 41%-იანი წილი ეკავათ. კიდევ 11% სატვირთო ავტომობილებზე, ბულდოზერებსა და 10 ან მეტ მგზავრზე გათვლილ ავტომობილებზე მოდიოდა.

337 მლნ დოლარით, 5 თვის მონაცემებით, საექსპორტო პარტნიორებში მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. აზერბაიჯანის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების წილი 56%-ს აღწევს. ამდენივე წილი ჰქონდა მსუბუქ ავტომობილებს აზერბაიჯანში ექსპორტში 2013 წელს, სანამ ბაქო 2005 წლამდე გამოშვებულ ავტომობილების იმპორტს შეზღუდავდა. აზერბაიჯანი გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც ექსპორტში მეორე ადგილს იკავებდა, ოღონდ ჩინეთის შემდეგ.

რუსეთი, ასევე 5 თვის მონაცემებით, 281 მლნ-ით საექსპორტო პარტნიორებში, გასული წლის მსგავსად მესამე ადგილს იკავებს. თუმცა მისი წილი 10%-დან 11.2%-მდეა გაზრდილი. 281 მლნ-დან 69 მლნ ღვინოზე მოდის, 45 მლნ ფეროშენადნობებზე, 41 მლნ მსუბუქ ავტომობილებზე, 28 მლნ მინერალურ წყლებზე. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილები სიაში მესამე ადგილზეა, პროცენტულად ყველაზე დიდი 459%-იანი ზრდა 7.4 მლნ-დან 41.4 მლნ დოლარამდე ამ მიმართულებით ფიქსირდება.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთში ექსპორტი 142%-ით არის გაზრდილი, აზერბაიჯანში 50%-ით და რუსეთში 33.8%-ით. მეოთხე ადგილზე მყოფ ყაზახეთში ექსპორტის ზრდის ტემპმა 279%-ს მიაღწია. 5 თვეში საქართველომ ყაზახეთში სულ 242 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა, საიდანაც მსუბუქ ავტომობილებს 187 მლნ-ით 78%-იანი წილი ეკავათ.

1432%-ით 210 მლნ-მდეა გაზრდილი ექსპორტი ყირგიზეთშიც. ყირგიზეთის შემთხვევაში ექსპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი 182 მლნ დოლარი 87%-ს უახლოვდება.

პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების ხარჯზეა გაზრდილი. მთლიანი ავტოექსპორტი 316%-ით - 191 მლნ-დან 795 მლნ დოლარამდეა გაზრდილი. გასული წლის იანვარ-მაისში მსუბუქ ავტომობილებს ექსპორტში 9.1%-იანი წილი ეკავათ, 2023 წლის იანვარ-მაისში ის 31.8%-მდე გაიზარდა.

თუ მხოლოდ სტატისტიკას განვიხილავთ, რომან გოცირიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა. პირველ ადგილს ექსპორტში ნამდვილად სომხეთი იკავებს, ხუთეულში შედის ასევე ყაზახეთი და ყირგიზეთი. ამავე დროს რუსეთი მესამეზეა და არა მეორეზე, ტაჯიკეთი კი 21-ე პოზიციას იკავებს და ტოპ საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებში არაა.

განცხადების მეორე ნაწილია კონტექსტი. რომან გოცირიძის თქმით, საქართველო თურქეთთან, სომხეთთან, ყაზახეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდებაში იღებს მონაწილეობას და სანქცირებული ტვირთვისთვის სატრანზიტო ფუნქციას ითავსებს. მსგავსი ბრალდებები კი კონკრეტული ფაქტებით არ დასტურდება. რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში სანქცირებული ტვირთი არ იძებნება. სანქციების აღსრულების ფაქტი საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენელმა დევიდ ო'სალივანმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის ოფისის გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმაც დაადასტურეს. თუმცა სანქციები ცალკე თემაა, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ ადრეც დაუწერია (სტატია 1, სტატია 2), ხოლო განცხადების ის ნაწილი, სადაც დეპუტატი საექსპორტო პარტნიორების რიგითობაზე საუბრობს, მეტწილად სიმართლეს შეესაბამება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი