ირაკლი ღარიბაშვილი: დევნილების ბიუჯეტი 2012 წელს იყო 25 მლნ ლარი, წელს 233 მლნ ლარია, თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: 2012 წელს დევნილთა განსახლების ღონისძიებების პროგრამის ბიუჯეტის გეგმა 32.2 მლნ ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ 29.7 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, წლიური შესრულება 92.2% იყო. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტის გეგმა 233. 9 მლნ ლარია. ნომინალურად, 2012 წლიდან, დასახელებული პროგრამის ბიუჯეტი 7.3-ჯერ არის გაზრდილი და არა 10-ჯერ, როგორც პრემიერი აცხადებს. ამასთან ერთად პროგრამის 2012 წლის ბიუჯეტსაც შემცირებულად ასახელებს, ვიდრე სინამდვილეში იყო. თუ ფარდობით მაჩვენებელს ავიღებთ, 2012 წელს დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით 0.4%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 1.07%-ია. შესაბამისად, 10-წლიან პერიოდში პროგრამის ბიუჯეტი 0.67 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა და სხვა საკითხებთან ერთად დევნილების თემასაც შეეხო და აღნიშნა: „დევნილების ბიუჯეტი 2012 წელ იყო 25 მლნ ლარი, წელს 233 მლნ ლარია. თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი. დღემდე საცხოვრებელი სახლები გადავეცით 32 ათასამდე დევნილ ოჯახს“.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებები, კერძოდ - საცხოვრებელი ფართის შეძენა, მშენებლობა-რეაბილიტაცია და კერძო საკუთრებაში გადაცემა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამით - განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 34 02), ფინანსდებოდა. 2019 წლიდან პროგრამის კოდი 27 06 03-ით შეიცვალა.

2012 წელს დევნილთა განსახლების ღონისძიებების პროგრამის ბიუჯეტის გეგემა 32.2 მლნ ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ 29.7 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, წლიური შესრულება 92.2% იყო.

მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტის გეგმა 233. 9 მლნ ლარია. ნომინალურად, 2012 წლიდან დასახელებული პროგრამის ბიუჯეტი 7.3-ჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება ფარდობით მაჩვენებელს, 2012 წელს პროგრამის ბიუჯეტი მთლიანი ასიგნებების 0.4%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი პროგრამის ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის 1.07%-ია. ათწლიან პერიოდში ზრდა 0.67 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

2012 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, დევნილთა განსახლების ღონისძიებები ბიუჯეტი 2012 წლიდან მოყოლებული სულ მზარდია და ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულებაც 90%-ს აღემატებოდა. გამონაკლისი 2019 წელი და კოვიდპანდემიის წლები იყო (2020-2021), როცა ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (2021 წელს - 51.3%).

თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების პირობებშიც აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წელს (2004 წელს) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ბიუჯეტი 16.1 მლნ ლარი იყო, ბოლო - 2012 წელს, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტმა უკვე 32.2 მლნ შეადგინა. ნომინალში ბიუჯეტი გაორმაგდა. რაც შეეხება ფარდობით მაჩვენებელს, 2004 წელს პროგრამის ბიუჯეტი მთლიანი ასიგნების 0.9% იყო, 2012 წელს კი იგივე მაჩვენებელმა 0.4% შეადგინა. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტის ფარდობითი მაჩვენებელი 9-წლიან პერიოდში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რაც შეეხება დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის სტატისტიკას, დღისთვის დევნილთა ბაზაში 92 079 ოჯახია რეგისტრირებული, რაც რიცხობრივად 286 442 პირს შეადგენს.

ამ დროისთვის საცხოვრებელი ფართით 52 826 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული,რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 57.4%-ია (დაახლოებით 164 417 პირი). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ დევნილი ოჯახების 42.6%-ია დარჩენილი (39 253 ოჯახი).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 30 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 3 000 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა.

როგორ ვიცით, „ქართული ოცნების“ ამბიციური გეგმაა, რომ 2023- 2025 წლებში საცხოვრებელი ფართი 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცეს - შესაბამისად, წელიწადში 4 000 ოჯახს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინა წლების პრაქტიკა იმდაგვარი იყო, რომ საცხოვრებელი ფართით წელიწადში მაქსიმუმ 3 000 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას, ჩვენ ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს შევიკავებთ და მხოლოდ პროგრამის მონიტორინგს გავაგრძელებთ.

განხილული მასალიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5325 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი