სოციალურ ქსელში მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) ვიდეოს ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, 500 000-ზე მეტი მამაკაცი მიდის ლიბიის სანაპიროზე და ემზადება იტალიის გავლით ევროპაში შესაჭრელად. რეალურად, ვიდეოში ლიბიის უსაფრთხოების ძალების მიერ არალეგალების წინააღმდეგ ჩატარებული „სპეცოპერაცია“ ჩანს.

თავდაპირველად, აღნიშნულ თემაზე პოსტი სოციალურ ქსელში Twitter-ის ანგარიშმა „RadioGenova” გაავრცელა.

„შეხედეთ, 500,000 ადამიანი მზადაა შეიჭრას იტალიაში ლიბიიდან. ნამდვილი აპოკალიფსი. შეაჩერეთ შეჭრა, გადაარჩინეთ ევროპა!“

მოცემული გვერდი მიგრანტების თემასთან დაკავშირებით სხვა ვიდეოებსაც ავრცელებს (1,2,3):

„ლიბიიდან იტალიაში, მხოლოდ კაცები! მალე თქვენს სახლთან, ევროპაში. შეაჩერეთ შეჭრა, გადაარჩინეთ ევროპა!“

„RadioGenova”-სა და სხვა ანგარიშების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „France 24“-მა გადაამოწმა. გამოცემა წერს, რომ „RadioGenova“-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ლიბიაში, კერძოდ ქალაქ მუსაიდშია (მდებარეობს ეგვიპტის საზღვართან) გადაღებული. გავრცელებული ვიდეოებიდან ერთ-ერთი თავდაპირველად, 1 ივნისს, პოლიციის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე გააზიარეს წარწერით: „პოლიციის განყოფილების მოვალეობები [...] ქალაქ მუსაიდში“(იხილეთ ფოტო).

ლიბიაში გადაღებულ ვიდეოებში ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული „სპეცოპერაცია“ ჩანს, რომელიც ქვეყანაში 31 მაისიდან 2 ივნისამდე განხორციელდა. ადგილობრივი მედიის „Libya News 24“-ის სტატიაში, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული „სპეცოპერაციის“ შედეგად მუსაიდიდან ასამდე ემიგრანტის გაყვანა მოხდა: „მუსაიდის ოპერაციებმა ამ დრომდე გაათავისუფლა 1500 ემიგრანტი ადამიანებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი საწყობებიდან“. სტატიაშია ასევე მითითებულია, რომ ემიგრანტებს შორის იყო 700 ეგვიპტელი, რომელთა დიდი ნაწილი მუსაიდის გამშვები პუნქტის გავლით თავიანთ ქვეყანაში დააბრუნეს.

რაც შეეხება მიგრანტების რაოდენობას, „France 24“ ვარაუდობს, რომ ციფრი 500 000 გაზვიადებულია, ამ დასკვნის საშუალებას 2023 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ლიბიის ფილიალის ანგარიში იძლევა, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში სულ 706 000 მიგრანტი იყო. 2022 წლის განმავლობაში იტალიამ დაახლოებით 105 000-ზე მეტი მიგრანტი მიიღო, იგულისხმება როგორც ქვეყანაში ცხოვრების მსურველები, ასევე პირები, რომლებსაც იტალიის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენება სურდათ. ამავდროულად, არც ერთი სხვა წყარო აღნიშნულ რაოდენობას არ ადასტურებს.

ამდენად, ლიბიიდან იტალიისკენ 500,000 იმიგრანტის გადაადგილება არ დასტურდება. Facebook-ის ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში „სპეცოპერაციაა“ ასახული და არა-ევროპისკენ მიმავალი იმიგრანტები.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი