რომან გოცირიძე: სავალუტო ფონდის პროგრამა ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეჩერდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: სავალუტო ფონდში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურეს, რომ მეორე მიმოხილვა შეჩერებულია, თუმცა მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პროგრამის შეჩერება ნაწილობრივ საკანონმდებლო ცვლილებებს სარეიტინგო კომპანია FITCH-მა დაუკავშირა. საკანონმდებლო ცვლილებებში პარლამენტის მიერ თებერვალში მიღებული კანონი იგულისხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. უმრავლესობის წევრებმა ვეტო ივნისში დაძლიეს, შედეგად ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი თანამდებობა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი გაჩნდა. სავალუტო ფონდი ცვლილებებს თავიდანვე ღიად უპირისპირდებოდა.

კანონის მიღების შემდეგ, პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა აირჩიეს. ოპოზიციური სპექტრი ნათია თურნავას უნდობლობას უცხადებს და მისი დამოუკიდებლობის არ სჯერა.

ანალიზი: საპარლამენტო ჯგუფ „ევროპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა: „სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა, რაც ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზეზით მოხდა. ეს მოსალოდნელიც იყო. დიდი ალბათობით ეს პროგრამა საერთოდ გაუქმდება, რითაც კიდევ ერთხელ, უკვე საფინანსო-ეკონომიკური კუთხით შეელახება იმიჯი ჩვენს ისედაც რეპუტაცია შელახულ ქვეყანას.

საქართველო სავალუტო ფონდის წევრი 1992 წელს გახდა. ფონდის მიზანს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს. სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალუტო ფონდს თანამშრომლობა უხდება როგორც ქვეყნის მთავრობასთან, ასევე ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, საქართველოს შემთხვევაში - ეროვნულ ბანკთან.

რეკომენდაციების გარდა, სავალუტო ფონდი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით სესხისა და გრანტის სახით ფინანსურ დახმარებებსაც გასცემს. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდის მიმართ 415 მლნ დოლარის (1.086 მლრდ ლარი) ვალდებულება უფიქსირდება, ხოლო მთავრობას 196 მლნ-ის (512 მლნ ლარი), რაც ჯამში 610 მლნ დოლარი იგივე 1.598 მლრდ ლარია.

სავალუტო ფონდის მიმოხილვის პირველი ნაწილი 2022 წლის დეკემბერში დასრულდა და ქართულ მხარეს 40 მლნ დოლარზე წვდომა გაუჩნდა, თუმცა ამ უფლებით (ახალი სესხით) არ უსარგებლია.

მეორე მიმოხილვის შეჩერების შესახებ ივლისში გახდა ცნობილი. მიზეზებზე თავად ფონდში არ უსაუბრიათ. სარეიტინგო კომპანია FITCH-ში ის ნაწილობრივ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შედეგად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუკავშირეს.

თებერვალში პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც საბჭოში ახალი - პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გაჩნდა. ცვლილებებამდე, საბჭოს 9 წევრიდან 1 პრეზიდენტი იყო, 3 ვიცე-პრეზიდენტი. საწყის ეტაპზე ვიცე-პრეზიდენტების ოთხამდე ზრდა იგეგმებოდა. მისი დამტკიცების შემთხვევაში აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა არააღმასრულებელ წევრთა რაოდენობას გადააჭარბებდა (5 აღმასრულებელი, 4 არააღმასრულებელი) რაც კონტროლის მექანიზმს ასუსტებდა. მსგავს მიდგომას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილიც ეწინააღმდეგებოდა. განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტს საბჭო არსებული 3 ვიცე-პრეზიდენტიდან აირჩევდა.

კანონ-პროექტის განხილვის პროცესში სავალუტო ფონდს უკმაყოფილება არ დაუმალავს. პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო ივნისში დაძლია. ვეტოს დაძლევამდე, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არ წარუდგინა.

სავალუტო ფონდი კრიტიკულ შეფასებას არც მეორედ მორიდებია და ვეტოს შესაძლო დაძლევას „გამაოგნებელი“ უწოდა. პარლამენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციაც აკრიტიკებდა და მას ნათია თურნავაზე მორგებულს უწოდებდა.

სოციალური პრობლემების ფონზე, ხშირად ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაშინ, როცა ეროვნული ბანკი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, მისი ფუნქციები და სტრუქტურა მოკლედ კონსტიტუციის 68-ე მუხლშია გაწერილი, დეტალურად კი - საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. ასევე ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ვრცელია ეროვნული ბანკის ფუნქციების ჩამონათვალიც:

1) ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება;

2) საფინანსო სექტორის ზედამხედველობა;

3) საერთაშორისო რეზერვების ფლობა და განკარგვა;

4) მთავრობის ბანკირობა და ფისკალური აგენტობა;

5) საგადახდო სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა;

6) ფულის ნიშნების ემისია;

7) საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკის წარმოება;

8) კრიზისული სიტუაციების მართვაში მონაწილეობის მიღება...

საფინანსო სექტორის ზედამხედველობაში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების გარდა, იგულისხმება ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები...

ფუნქციათა ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი წმინდა საკანონმდებლო ვალდებულების გარდა, სტაბილური განვითარებისთვის შინაარსობრივადაც უმნიშვნელოვანესია.

ნებისმიერი უწყების, მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მისი მმართველი პირები იყვნენ დამოუკიდებელნი. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, საბჭოს 9 წევრიდან, 2 ადგილი ვაკანტურია, ხოლო დარჩენილი 7-დან 3 ყოფილი მინისტრი ან მინისტრის მოადგილეა. ნათია თურნავას გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოში 2021 წლიდან წარმოდგენილები არიან ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. მათ დამტკიცებაზე პარლამენტს პრობლემა არ ჰქონია. ორი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს განსხვავებული მიდგომა აღმოაჩნდათ სხვა კანდიდატების მიმართ. 2019-2023 წლებში საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარდგენილი 4 სხვა კანდიდატი: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე ჩააგდო, თუმცა უმრავლესობა მზად იყო მთავრობის კიდევ ერთი წევრის - მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის დასამტკიცებლად.

მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, ხელმძღვანელობს, თუ - არა ეროვნული ბანკი ქართული ოცნების დირექტივებით ამ ეტაპზე შეუძლებელია, აღნიშნული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ჯერ არ გამოვლენილა. სანამ სავალუტო ფონდი პროგრამის შეჩერების შესახებ მიზეზს ოფიციალურად არ განმარტავს, მისი დაკავშირება საკანონმდებლო ცვლილებებთან ვარაუდის დონეზე დარჩება.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დამოკიდებულების შენარჩუნებაც. ცალკე აღებულ დამატებით სესხის 40 მლნ-იან ლიმიტს, საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანას პირველი მიმოხილვით გათვალისწინებული 40 მლნ დოლარიანი სესხითაც არ უსარგებლია, მაგრამ უარყოფითმა შეფასებამ ნეგატიური გავლენა შესაძლოა საინვესტიციო გარემოზე იქონიოს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი