2022 წლის სექტემბერში ქალაქ ქუთაისის მერიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოკლიპი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში ქალაქში მოეწყობა შემდეგი ობიექტები: ნიკეას ქუჩაზე მინდვრის ჰოკეის მოედანი; ჯომარდობის გამშვები და მიმღები ბაზები; ახალგაზრდობის გამზირზე მასტერლიგის ახალი სტადიონი შვიდკაცა ფეხბურთისთვის; საცოცი კედლის სპორტული ინფრასტრუქტურა; სპორტული მოედანი ჩეჩელაშვილის ქუჩაზე.

კლიპში ნათქვამია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით, 3 მლნ ლარი დაიხარჯება.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, კლიპში ნახსენები ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან, რომლის მოწყობა დასრულდა და რა მდგომარეობაა მიმდინარე პერიოდისთვის.

ქუთაისის მერიის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციისა დანართი 1 და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ობიექტები დასრულებულია, თუმცა - ვადაგადაცილებითა და გაზრდილი ღირებულებით.

გაგაცნობთ თითოეული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და მათ ღირებულებას.

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ქუთაისის მერიამ 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შეიძინა. შესყიდვით ერთი კომპანია დაინტერესდა - შპს „თეგიკა უნივერსალი“, რომელთანაც 81 990-ლარიანი ხელშეკრულება 29 ივნისს გაფორმდა. სამუშაოები 2022 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. 13 სექტემბერს მხარეები პროექტის დასრულების ვადის ერთი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. 29 ნოემბრის ცვლილებით, ვადა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. 9 დეკემბერს კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი სამუშაოების გამო, პროექტის ღირებულება 7 786 ლარით გაზრდილიყო. ამდენად, კომპანიამ სამუშაოები ვადაგადაცილებითა და გაზრდილი ღირებულებით დაასრულა. მერიამ სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში ჩაიბარა.

ნიკეას ქუჩაზე მინდვრის ჰოკეის მოედნის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ქართული“ ახორციელებდა, რომელიც, წინა შესყიდვის მსგავსად, ტენდერში მარტო მონაწილეობდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში განხორციელდა. 2022 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 827 953 ლარი იყო. სამუშაოების დასრულების ვადად იმავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. მიმდინარე წლის 22 მარტის შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ პროექტის ღირებულება 78 585 ლარით იზრდება და 906 538 ლარს შეადგენს. დოკუმენტის თანახმად, გაძვირება გამოიწვია დამატებითმა სამუშაოებმა, რომლებიც 2023 წლის 6-24 მარტს უნდა შესრულებულიყო. როგორც ვხედავთ, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სტადიონის მოწყობის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, დამატებითი სამუშაოების მიზეზით, პროექტის ვადა გახანგრძლივდა და ღირებულებაც გაიზარდა.

ჯომარდობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა: შესყიდვით დაინტერესებული ორი პრეტენდენტიდან, დაბალი ფასით მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიენიჭა და 1 844 097-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ინჟმშენ 96-თან“ 2022 წლის 16 მაისს გაფორმდა. პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადა იყო იმავე წლის 12 ნოემბერი. პირველივე ცვლილებით, ვადა 25 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის საფუძველი, როგორც შესაბამის დოკუმენტშია აღნიშნული, საპროექტო მოედნამდე მისასვლელი დროებითი გზის მოწყობის საჭიროება გახდა. ამასთანავე, საუბარია მდინარის წყალუხვობაზე (პროექტი გაზაფხულამდე რომ დასრულებულიყო, წყალუხვობა აქტუალური აღარ იქნებოდა), რაც სამუშაოებს ხელს უშლიდა. ეს ვადა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა და მეორე შეთანხმებით, პროექტის ვადა 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. მიზეზი - მდინარის არსებული დონე მუშაობის საშუალებას აღარ იძლეოდა. მომდევნო ჯერზე, პროექტის გაჭიანურების საფუძვლად მდინარის ტენიანობის მაღალი დონე და უამინდობა სახელდება და კომპანიას ვადა 24 აპრილის ჩათვლით უგრძელდება. ამასობაში სახელშეკრულებო ღირებულებაც იზრდება და 1 844 097 ლარის ნაცვლად, უკვე 1 892 149 ლარს შეადგენს. ვადაც კიდევ ერთხელ იზრდება, ამჯერად - 15 მაისის ჩათვლით. მიმდინარე წლის ივნისში მერიამ სამუშაოები ჩაიბარა და კომპანიას 1 874 653 ლარი გადაუხადა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი, ამ შემთხვევაშიც, ხანგრძლივი ვადაგადაცილებითა და 30 556 ლარით გაძვირებული ღირებულებით დასრულდა. ეს პროექტიც სრიგპ ფარგლებში მიმდინარეობდა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით შეირჩა, იყო კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 674 464-ლარიანი სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა 2022 წლის 9 ივნისს გამოცხადდა. ერთადერთი მონაწილე იყო შპს TU-KA, რომელთანაც ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება 18 ივლისს გააფორმა. პროექტის ღირებულება სავარაუდო ღირებულების ტოლია. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 30 ნოემბერს. 13 ოქტომბრის შეთანხმებით, სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა და 741 773 ლარი გახდა, ხოლო ვადა 30 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. წერილის თანახმად, მშენებლობის პროცესში გაირკვა, რომ ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა რეალურად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისგან განსხვავდებოდა. ბოლო შეთანხმებით, პროექტის დასრულების ვადად 2023 წლის 14 მარტი განისაზღვრა. არსებული მდგომარეობით, პროექტი დასრულებულია და კომპანიისთვის გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება.

ქუთაისის მერიამ 2022 წლის სახსრებით, ერთი ტენდერის ფარგლებში, შეისყიდა ასევე თხუთმეტი სპორტული მოედნის მოწყობა სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ შემთხვევაშიც, ტენდერში ერთადერთი კომპანია ჩაერთო. შპს „თეგიკა უნივერსალთან“ (რომელმაც სამუშაოები განახორციელა ასევე ჩეჩელაშვილის ქუჩაზე) გაფორმებული 187 990-ლარიანი ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 15 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ პროექტი განსაზღვრულ ვადაში დაასრულა. თუმცა ზემოთ ნახსენები სიტუაცია კვლავ განმეორდა: პროექტის განხორციელების პროცესში გამოვლინდა, რომ ხარჯთაღრიცხვაში რიგი სამუშაოები შეტანილი არ იყო. 15 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ღირებულება 13 936 ლარით გაიზრდებოდა. საბოლოოდ, მერიამ პროექტი ჩაიბარა და მიმწოდებელს 201 926 ლარი გადაუხადა.

ამდენად, მხოლოდ ხუთი შესყიდვის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, ჯამში, 3 664 545 ლარი იყო, ხოლო ცვლილებების შედეგად, მთლიანობაში, 3 832 162 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ შარშან ქუთაისის მერიამ, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში, 167 617 ლარით მეტი გადაიხადა, ვიდრე ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში იყო დაგეგმილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი