ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა (იხ. დამატებით). სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივნისათვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე 2008 წლის 15 აგვისტოს ქალაქ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. როინ შავაძე, რომელიც იყო ოფიცერი ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე, გამოკითხვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოიძახეს. გამოკითხვა 2008 წლის 8-12 აგვისტოს რუსეთთან წარმოებულ ომში მის როლს შეეხებოდა. მომდევნო დღეს, 16 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში იგი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქუჩაში, სახელმწიფოს ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს. მოწმეთა ვერსიით, შავაძე 20-მდე შენიღბულმა და მძიმედ შეიარაღებულმა პირმა აიყვანა. მას პოლიციის ავტომანქანაში ტენიდნენ, ურტყამდნენ და ყვიროდნენ, რომ ის „სამშობლოს გამყიდველი“ და „ქართველი ბიჭების სისხლზე პასუხისმგებელი“ იყო. დაკავებიდან 6 საათში როინ შავაძის მეუღლემ ც.შავაძემ შეიტყო რ.შავაძის გარდაცვალებისა და ქალაქის მორგში გადასვენების ამბავი.

2008-დან 2020 წლამდე როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას შემაჯამებელი დასკვნა არ გაუკეთებია, არც რაიმე საგამოძიებო მოქმედება განუხორციელებია და ასევე არ ჩანს მომჩივანი იქნა, თუ - არა ცნობილი დაზარალებულად. 2012 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილის მეუღლემ, ც.შავაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე სახელმწიფოს არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა, მას სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. სასამართლო აღწერს ვიდეომტკიცებულებას, რომელიც მომჩივანმა წარმოადგინა. ვიდეოში ჩანს როინ შავაძის ცხედრის ვიზუალური დათვალიერების პროცესი. გარდაცვლილს შიშველ სხეულზე აღენიშნება ჩალურჯებები, რამდენიმე შემავალი ჭრილობა მხრის, მკერდის, მუცლისა და ორივე ბარძაყის არეში. მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები იმგვარადაა დეფორმირებული, რომ სავარაუდოდ, მოტეხილია. მომჩივანი ასევე დავობდა იმაზეც, რომ სახელმწიფომ დაარღვია საქმის სათანადოდ გამოძიების პროცედურული ვალდებულება.

სასამართლომ იმსჯელა როინ შავაძის საქმეში მისი სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული დარღვევების თაობაზე, რასაც „ფაქტ-მეტრი“ მოკლედ მიმოიხილავს:

სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება პროცედურულ ნაწილზე გაამახვილა. სასამართლოს დასკვნით, რ.შავაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიება სახელმწიფომ არაეფექტიანად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება პროკურატურის წარმომადგენელთა ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ განაგრძო, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდნენ. ზემოაღნიშნული აკრძალული იყო მაშინდელი ქართული კანონმდებლობითაც და კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის სტანდარტსაც არღვევდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ც.შავაძემ სახელმწიფოს 2010-2011 წლებში რამდენიმეჯერ მიმართა დაზარალებულის სტატუსის მიღების მიზნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არც რეგიონულმა და არც მთავარმა პროკურატურამ არ დაუკმაყოფილა. იმის გამო, რომ ც.შავაძე არ იქნა ცნობილი დაზარალებულად, იგი ვერ სარგებლობდა დაზარალებულის უფლებებით. მათ შორის, ის ვერ იღებდა ინფორმაციას გამოძიების თაობაზე და გვამის გაკვეთის ექსპერტიზის სასამართლო დასკვნა არ შეეძლო მოეპოვებინა.

სასამართლო პროცედურულ ნაწილზე აღნიშნავს იმასაც, რომ გამოძიებას რ.შავაძის მკვლელობის თაობაზე რაიმე შემაჯამებელი დასკვნა არ გაუკეთებია. ასევე არ გამოიკვეთა კონკრეტული მიზეზი, რომელიც გამოძიების გაჭიანურებას გაამართლებდა. სასამართლოს განცხადებით, „დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს უდრის, ვინაიდან უმოქმედობის უმიზეზო პერიოდების არსებობა და ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობა გამოძიებას არაეფექტიანად აქცევს, მისი საბოლოო შედეგის მიუხედავად“[1]

თავდაპირველი გამოძიების დროს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის, აგრეთვე საქმის წარმოებიდან გარდაცვლილის ნათესავის ჩამოშორებისა და აუხსნელი გაჭიანურებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოძიება არაეფექტიანად მიიჩნია და სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებების დარღვევა დაადგინა.

რაც შეეხება კონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევას, სასამართლოს განცხადებით, სახელმწიფო ვალდებული იყო, წარმოედგინა სარწმუნო მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები რ.შავაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კონტროლქვეშ ყოფნის პროცესში. „სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა გარდაცვლილის სხეულის გამოკვლევის დამადასტურებელი მტკიცებულება, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულის წარმოდგენა აუცილებელი იყო მისი ფიზიკურად დაზიანებისა და გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. რადგან სახელმწიფომ აღნიშნული ვერ შეძლო, სასამართლომ ვერ გაითვალისწინა სახელმწიფოს ოფიციალური ვერსია ლეტალური ზომების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.“[2]

სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმეთა ჩვენებებსაც, საიდანაც ცხადი ხდება, რომ პოლიცია როინ შავაძეს დაკავებისას სასტიკად ექცეოდა. მნიშვნელოვანია საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებაც, სადაც კარგად ჩანს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები. ამ მტკიცებულებებმა შეუძლებელი გახადა სახელმწიფოს პოზიციის გაზიარება იმის შესახებ, თითქოს როინ შავაძე მისი პატიმრობიდან გაქცევის პრევენციისთვის აუცილებელ ზომებს ემსხვერპლა.

სახელმწიფოს წარმომადგენელთა სასტიკი ქმედებების დამადასტურებელი ჩვენებების, გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ვიდეოჩანაწერის და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენების აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების არსებითი ხელყოფა დაადგინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილის დარღვევა დაუდგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ შავაძის გარდაცვალებიდან 15 წლის, ხოლო ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან 3 წლის თავზე სახელმწიფომ როინ შავაძის საქმეზე 10 პირი ბრალდებულად ცნო, მათგან 8 დააკავა, ხოლო 2-ზე ძებნა გამოაცხადა.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი