თინა ბოკუჩავა: საჯარო სკოლებში ბავშვების 77%-ს საგაკვეთილო პროცესის დროს შიათ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე

„საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის“ კვლევის თანახმად, საქართველოში სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სკოლებში ბავშვების თითქმის 35% არასდროს არ იკვებება, მოსწავლეთა 14% იშვიათად, ხოლო 24% ზოგჯერ იკვებება. სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 27% იკვებება.

სკოლაში საკვების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერებია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს და ფულის არ ქონა.

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

26 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „საჯარო სკოლებში ბავშვების 77%-ს საგაკვეთილო პროცესის დროს შიათ“.

„ფაქტ-მეტრმა“ თინა ბოკუჩავას განცხადება Unicef-ის მონაცემებზე დაყრდნობით გადაამოწმა.

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის - „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობა“ შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორისაა კვება სკოლის პერიოდში.

აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (ესენია: საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვა). 16 საჭიროებიდან სამი ან მეტი დანაკლისის მქონე ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ მიიჩნევა.

სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 27% იკვებება. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სკოლებში ბავშვების თითქმის 35% არასდროს არ იკვებება. ჯამში, მოსწავლეთა 73% სკოლაში ყოფნის დროს, ზოგჯერ ან ყოველთვის არის მშიერი (იხილეთ: დიაგრამა 1).

ყველაზე გავრცელებულ მიზეზებში თუ რატომ ვერ იკვებება ბავშვი სკოლაში, შემდეგი ფაქტორები დასახელდა: საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (შემთხვევების 36.4%) და ფულის არქონა (შემთხვევების 20.6%).

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, მთავარ მიზეზად სკოლაში საკვების საყიდლად ან გამზადებული საკვების სახლიდან წასაღებად საკმარისი თანხის არ ქონა სახელდება.

დიაგრამა 1: კვება სასკოლო საათებში

წყარო: Unicef


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი