სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. პოსტში ვკითხულობთ: „რუმინეთი ნებაყოფლობით გავიდა ნატოდან გასულ კვირას, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, როდესაც შეიტყო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავის დაცემის შესახებ.“

აღსანიშნავია, რომ პოსტს არ ახლავს წყარო, რაც ინფორმაციის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. გარდა ამისა, რომელიმე წევრის მიერ ნატოს დატოვება საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია და, ბუნებრივია, მსოფლიო მედიის ყურადღებას მიიპყრობდა. არც ქართულ და არც უცხოურ ღია წყაროებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუმინეთმა ნატო დატოვა, არ იძებნება. ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე კი რუმინეთი კვლავ წევრ ქვეყანათა სიაშია.

რაც შეეხება რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავის დაცემის შესახებ ინფორმაციას, ეს მტკიცებაც ყალბია. 2023 წლის 2 აგვისტოს რუსული დრონები რუმინეთის საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის საპორტო ქალაქ იზმაილს დაესხნენ თავს. მომხდარმა რუმინეთის შეშფოთება გამოიწვია, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსული დრონის ნამსხვრევების კვალი რუმინეთის ტერიტორიაზეც იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ რუსული დრონის რუმინეთის ტერიტორიაზე არსებობის ნიშნებს ვერ მიაკვლია. აქედან გამომდინარე, არც რუსული დრონით რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირებულა.

საგულისხმოა, რომ იენს სტოლტენბერგის იდენტური ან შინაარსობრივად მიმსგავსებული ციტატა ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება. ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც სტოლტენბერგის ყოველი გამოსვლის ტრანსკრიპტია ატვირთული, მსგავსი განცხადება არ იძებნება. მეტიც, 14 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ოფიციალური განცხადება 19 ივლისითაა დათარიღებული, რომელშიც ყურადღება ჩრდილოეთ კოსოვოში არსებულ სიტუაციაზე და ნატო-ს ჩართულობაზეა გამახვილებული. გარდა ამისა, მსგავსი კომენტარი, პოსტი ან განცხადება არც ნატოს გენერალური მდივნის Twitter-ისა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ნონა შარაბიძეს იენს სტოლტენბერგის გამოგონილი ციტატა აქამდეც გაუვრცელებია.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის მიერ ნატოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ყალბია.

------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი