2023 წლის ივლისში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აპრილის რეკორდი მოხსნა და 5.4 მლრდ დოლარს გადააჭრბა. რაოდენობრივზე მეტი მნიშვნელობა რეზერვების ადეკვატურობას ექცევა, ანუ იმას, საკმარისია, თუ - არა რეზერვების მოცულობა კრიზისულ სიტუაციაში გამოწვევების საპასუხოდ. 2022 წლის მდგომარეობით, სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, ის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, რეზერვები 2023 წელსაც ადეკვატურობის ზონაშია.

ფინანსური კრიზისის პერიოდში, საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვისა და საქართველოს მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის, ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საერთაშორისო რეზერვები გააჩნია. რეზერვების მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა (ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 3).

ლარის ემისიის მომენტში, 1995 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 171 მლნ დოლარს შეადგენდა. სავალუტო კრიზისების პერიოდში 1998-1999 წლებში ის რამდენჯერმე 100 მლნ-იან მაჩვენებელსაც ჩამოსცდა. 2004-2012 წლებში კი მკვეთრად - 196 მლნ-დან (2003 წელი) 2.9 მლრდ-მდე, გაიზარდა.

2020 წელს, 90-იანი წლების პირველი ნახევრის შემდეგ, ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნის პირობებში, ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონებზე ჯამში 873 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწია, თუმცა მობილიზებული გრანტებისა და საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, რეზერვების მოცულობა მაინც 3.5 მლრდ-დან 3.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 4 მლრდ-ს შეადგენდა. მას შემდეგ თითქმის სისტემატურად იზრდება და 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 5.4 მლრდ-ს აჭარბებს.

სავალუტო აუქციონის გარდა, ეროვნული ბანკი BMatch პლატფორმაზეც ვაჭრობს, სადაც 2023 წლის იანვარ-ივნისში 1.06 მლრდ დოლარი შეიძინა.

გრაფიკი 1: საერთაშორისო რეზერვების მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

რეზერვები მაქსიმუმზეა, მაგრამ მხოლოდ ეს ინფორმაცია არასაკმარისია. საქართველოს ეკონომიკა, სავაჭრო ბრუნვა, ან თუნდაც საგარეო ვალის მოცულობა დღეს უფრო მეტია, ვიდრე ოცი, ათი ან თუნდაც ხუთი წლის წინ. შესაბამისად, გაზრდილია რეზერვის ის მოცულობაც, რაც უსაფრთხოების ბუფერის შესაქმნელად არის საჭირო.

რეზერვების ადეკვატურობა სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით ფასდება, ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება. ამ ზღვრებში რეზერვები პირველად 2006 წელს მოექცა და 2014 წლის ჩათვლით ადეკვატურების ზონაში ნარჩუნდებოდა, გარდა 2008 და 2012 წლებისა. 2015 წელს რეზერვების მოცულობა მინიმალურ 100%-იან ზღვარს ჩამოსცდა და ადეკვატურობის ზონაში დაბრუნება მხოლოდ 2020 წელს მოხერხდა. 2022 წლის მდგომარეობით, 104%-იანი მაჩვენებლით მოთხოვნა ისევ დაკმაყოფილებული იყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, რეზერვების მოცულობა ამჟამადაც ადეკვატურობის ზონაშია, თუმცა ზრდის შესაძლებლობა ისევ არსებობს.

გრაფიკი 2: რეზერვების ადეკვატურობის კოეფიციენტი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

რეზერვების შესაფასებლად კიდევ ერთი კრიტერიუმი იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელია. რეზერვები მომავალი 3 თვის საპროგნოზო იმპორტის მოცულობას უნდა აჭარბებდეს, ანუ კოეფიციენტი (რეზერვების მოცულობა შეფარდებული მომავალი 3 თვის იმპორტის საპროგნოზო მოცულობასთან) 3-ს უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული კრიტერიუმი 2009 წლიდან მოყოლებული მუდმივად დაკმაყოფილებული იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი 3.8-ს შეადგენდა.

გრაფიკი 3. იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

რეზერვების სტრუქტურის თვალსაზრისით, მისი 69% ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, 22%-ზე მეტი დეპოზიტების სახითაა წარმოდგენილი, თითქმის 9% სესხების სპეციალური უფლებაა (SDR). რეზერვი ოქროს სახით საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია და არც აქამდე (2001 წლიდან ჩაშლილი სტატისტიკის არსებობის პირობებში) გააჩნდა.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი