სოციალურ ქსელში მომხმარებელი “ბოლო ჟამის ქრისტიანები”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდე არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს. პოსტში ვკითხულობთ: “ბილ გეითსის გენმოდიფიცირებული კოღოები ახალ დაავადებებს გაავრცელებენ“... თანდართულ ვიდეოში ბილ გეითსი Oxitec-ის კოღოების პროექტზე საუბრობს.

აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია ასევე გადაამოწმეს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა: Verify, Politifact, Factcheck.AFP, Factcheck.org.

რეალურად, ვიდეოში ბილ გეითსი საუბრობს Oxitec-ის კოღოების პროექტებზე (1, 2), რომლებიც მიზნად არა დაავადების გავრცელებას, არამედ, პირიქით, კოღოების მიერ გადამტანი დაავადების პრევენციას ისახავს. ბილ და მელინდა გეითსის ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოს ქვეყნებში მალარიასთან ბრძოლაა. ფონდის ვებსაიტის მიხედვით, გაზრდილი დაფინანსების, ეფექტური ჩარევისა და პოლიტიკური მხარდაჭერის დამსახურებით, მსოფლიომ თავიდან აირიდა 1.7 მილიარდი მალარიის შემთხვევა და 10.6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. Oxitec-ი ბრიტანული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბილ გეითსის ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია. აღნიშნული კომპანია ქმნის ისეთ გენურად მოდიფიცირებულ მწერებს, რომლებიც არ გაავრცელებენ დაავადებებს და არ დააზიანებენ მოსავალსა და საქონელს.

გენურად მოდიფიცირებული ყველა კოღო მამრობითი სქესისაა, ამიტომ ისინი არ იკბინებიან. მალარიის პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ, როდესაც გენურად მოდიფიცირებული მამრი კოღოები და მდედრი დაავადების გადამტანი კოღოები გამრავლდებიან, მათი შთამომავლობა დაიღუპება სანამ ზრდასრულობას მიაღწევს, რაც, საბოლოო ჯამში, ნაკლებ დაავადების გადამტან კოღოს ნიშნავს.

2023 წლის ივნისში ამერიკის შტატებში: ფლორიდასა და ტეხასში იშვიათი მალარიის შემთხვევების გამოაშკარავების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ბრალდებები, თითქოს აღნიშნული ფაქტები სწორედ ბილ და მელინდა გეითსის ფონდის საქმიანობას უკავშირდებოდა. როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა დაადასტურეს, მალარიის პროგრამა Oxitec-ს ამერიკაში საერთოდ არ აქვს და ზემოხსენებული შემთხვევები ბილ გეითსს არანაირად არ უკავშირდებოდა.

ამდენად, მტკიცება, თითქოს ბილ გეითსის გენმოდიფიცირებული კოღოები ახალ დაავადებებს გაავრცელებენ, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი