ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2014 წლის 27 ივნისიდან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება წარმოადგენდა. 2018 წლის იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთანაც ამოქმედდა. მსგავსი ან შინაარსობრივად მასთან გათანაბრებული შეთანხმება აქვს გაფორმებული საქართველოს ბრიტანეთთან, თურქეთთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან. ამ სახელმწიფოებში მოსახლეობის ჯამი 2.3 მლრდ-ს შეადგენს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 29%-ია. უფრო მაღალი, 43%-ია ამავე ქვეყნების წილი მსოფლიო ეკონომიკაში, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, გაცილებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ანალიზი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ინტერვიუში, ორი სახელმწიფოს ეკონომიკური დაახლოების შესაძლებლობებზე საუბრისას, თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობასაც შეეხო. კერძოდ, პრემიერმა განაცხადა: „საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან.“

საქართველო საერთაშორისო ვაჭრობის მიმართ გახსნილია. ექსპორტი არ იბეგრება, ხოლო იმპორტზე დაწესებული ტარიფები დაბალია, ან - განულებული. 2023 წელს გადასახადებიდან ბიუჯეტში 16.3 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, საიდანაც იმპორტის გადასახადის წილი 0.8%-ზე ნაკლებია და მხოლოდ 130 მლნ ლარს შეადგენს.

იმპორტის გადასახადის სიმცირეს განაპირობებს, ერთი მხრივ, დაბალი ტარიფი (0%, 5% ან 12%), ხოლო მეორე მხრივ, ძირითად სავაჭრო პარტნიორების დიდ ნაწილთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ან შინაარსობრივად მასთან გათანაბრებული ხელშეკრულებები. მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებულია ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, EFTA-სთან (ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი), თურქეთთან, უკრაინასთან, დსთ-სთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან.

2022 წლის მდგომარეობით, სავაჭრო ბრუნვის 80% (ექსპორტის 86% და იმპორტის 78%) იმ ქვეყნებზე მოდიოდა, რომელთანაც საქართველო დაუბეგრავად ვაჭრობდა.

ბაზრის ზომა, როგორც წესი, ეკონომიკის მოცულობის მიხედვით იზომება. იმ ქვეყნების ჯამური ეკონომიკა, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აკავშირებს, 40 ტრლნ დოლარს აჭარბებს, რაც პლანეტის ეკონომიკის 40%-ზე მეტია. ეს ფაქტი ინფორმაციის გადმოსაცემად გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი იქნებოდა, თუმცა პრემიერმა ღარიბაშვილმა აქცენტი მაინც მოსახლეობის რაოდენობაზე გააკეთა.

ცხრილი 1: ქვეყნები მოსახლეობა (2023 წელი) და ეკონომიკის სიდიდე (2022 წელი)

წყარო: worldpopulationreview.com და მსოფლიო ბანკი

ჩამოთვლილ ქვეყნებსა და ქვეყანათა ჯგუფებში მოსახლეობა, ჯამში, მართლაც 2.3 მლრდ-ია. დასახელებული რიცხვი რაოდენობრივად სწორია. ამასთანავე, ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯამური წილი პლანეტის მოსახლეობასთან მიმართებით, უფრო ნაკლებია, ვიდრე მათი ეკონომიკის ჯამური წილი - პლანეტის ეკონომიკასთან მიმართებით. ამდენად, მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება მანიპულაციად ვერ ჩაითვლება.

ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შესახებ საქართველო მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, კორეასთან, ინდოეთთან, ისრაელთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან აწარმოებს. წარმატების შემთხვევაში, საქართველო იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც პლანეტის ეკონომიკის 2/3-ზე მეტს აწარმოებენ და სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, დაუბეგრავად ივაჭრებს.

კონსენსუსი იმის შესახებ, თავისუფალი ვაჭრობა სჯობს, თუ - პროტექციონიზმი, არ არსებობს. ეკონომისტთა ნაწილის აზრით, პრიორიტეტული თავისუფალი ვაჭრობაა, რადგან ტარიფების გაუქმების შედეგად, პროდუქტზე ფასები მცირდება, რაც მოსახლეობას უფრო მეტი და მრავალფეროვანი საქონლის შეძენის საშუალებას აძლევს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი ადგილობრივი წარმოების დაცვაა, ეს მიზანი კი იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესების გარეშე არ მიიღწევა.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ქვეყნები, რომლებსაც დანარჩენ სამყაროსთან თავისუფალი ვაჭრობა აკავშირებთ, უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ჩაკეტილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები. თავისუფალი ვაჭრობის რეიტინგის მიხედვით, პირველი ათეული ასე გამოიყურება: სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საქართველო, მავრიტანია, შვეიცარია, ტაივანი, ბრუნეი, ნორვეგია, ესპანეთი. მართალია, ვერც საქართველო და მით უმეტეს, ვერც მავრიტანია განვითარებულ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლება, მაგრამ დანარჩენი რვა მდიდარია. იმავე რეიტინგის ბოლოს ჩადი, ეკვატორული გვინეა, სუდანი, ჯიბუტი, ზიმბამბვე და ჩრდილოეთ კორეაა მოქცეული. ამ შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე, ყველა ღარიბია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს - ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს - საქართველოში გახსნიან, ისინი ევროკავშირში საქონლის ექსპორტს თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეძლებენ. მსგავსი შესაძლებლობა ადრეც არსებობდა, თუმცა ამ დრომდე გამოუყენებელია. 2023 წლის მდგომარეობით, ჩინეთის ეკონომიკა მეორე ადგილზეა, შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირი (ჯამურად) კი - მესამეზე. პანდემიამდე, 2019 წელს, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა 562 მლრდ ევროს შეადგენდა, რაც 2022 წელს 856 მლრდ ევრომდე გაიზარდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი