სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3)მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. პოსტის მიხედვით, ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მაკგინლიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობისკენ მოუწოდა.

საინტერესოა, რომ ვიდეოში მსახიობი ნამდვილად მიმართავს ვინმე ვლადიმირს, თუმცა მთელი ვიდეოს განმავლობაში არსად არ ახსენებს არც ზელენსკის, არც უკრაინას ან რაიმე ისეთს, რითაც შევძლებდით ვიდეომიმართვა ზელენსკისთან დაგვეკავშირებინა. გარდა ამისა, მსახიობი ვიდეოში ამბობს, რომ მას დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაცია ვინმე ვლადიმირის ნარკოდამოკიდებულების შესახებ ვინმე ჯეინმა მიაწოდა.

საგულისხმოა, რომ არსებობს ვებ-გვერდი cameo.com, სადაც გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებელია, ცნობილ ადამიანებს სასურველი შინაარსის ვიდეოს ჩაწერა შეუკვეთო. Cameo.com-ზე ჯონ მაკგინლისაც აქვს საკუთარი გვერდი, სადაც ვიდეოს ფასი 475 დოლარია.

გადამოწმების შედეგად მიმოხილვების სექციაში აღმოჩნდა ორი ვიდეო, სადაც მსახიობი ზუსტად იმ მაისურითა და სათვალითაა წარმოდგენილი, როგორც პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში. იდენტურია ასევე ვიდეოს უკანა ფონიც. სავარაუდოდ, ვინმე ვლადიმირისადმი ჩაწერილი ვიდეოც ამავე სერიიდანაა.

დეზინფორმაციის გამავრცელებლები ამტკიცებენ, რომ მსახიობის ინსტაგრამ გვერდი ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დაბლოკეს, თუმცა რეალურად, ჯონ მაკგინლის ინსტაგრამზე საკუთარი ანგარიში არ აქვს.

იგი აქტიურად იყენებს Twitter-ს. მის twitter-ზე აღმოვაჩინეთ 2021 წელს გამოქვეყნებული პოსტი, სადაც მსახიობი ამბობს, რომ მისი სახელით ყალბი ინსტაგრამ-გვერდი შექმნეს.

მსახიობის ფან-კლუბის ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, სადაც თითქოს იგი ზელენსკის მიმართავს, სინამდვილეს არ შეესაბამება და იგი cameo.com-ისთვისაა შექმნილი.

ამავე გვერდზე რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული პოსტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მსახიობი ინსტაგრამს არ იყენებს.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია StopFake-მაც გადაამოწმა.

ამგვარად, მტკიცება, რომ ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მაკგინლიმ უკრაინის პრეზიდენტი ნარკოდამოკიდებულად მოიხსენია და მკურნალობისკენ მოუწოდა, ყალბია.

საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს, რომლებშიც თითქოს ამერიკელი მსახიობები ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრობენ, კრემლის პროპაგანდა აქტიურად იყენებს. მაგალითად, „ფაქტ-მეტრმა“ მსგავსი ინფორმაცია აქამდეც გადაამოწმა, როცა პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ მსახიობი ელაიჯა ვუდი ზელენკის ნარკოდამოკიდებულად მოიხსენიებდა და მკურნალობას ურჩევდა. აღნიშნული მტკიცებაც ყალბი აღმოჩნდა.

------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი