სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Tamuna Tamo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3,) ანიმაცია „სიმფსონების“ ერთ-ერთი ეპიზოდიდან ნაწყვეტს ავრცელებს. ავტორი აღწერაში წერს: „სიმფსონებს სცოდნიათ ჰავაის ამბები. ნაჩვენებია პირდაპირი ენერგეტიკული იარაღით შეტევა“. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰავაიში ტყის ხანძარი გამოწვეულია „ენერგეტიკული იარაღის“ საშუალებით და ამის რაიმე სახით წინასწარმეტყველება არც სიმფსონების ეპიზოდში ჩანს.

„ფაქტ-მეტრმა“ უკვე გადაამოწმა დეზინფორმაცია, რომელიც ჰავაის ხანძრის გამომწვევ მიზეზად ე.წ. „ენერგეტიკულ იარაღს“ ასახელებდა. სინამდვილეში, როგორც ამერიკის ამინდის ეროვნული სამსახური (NWS), ისე დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ რომ, სავარაუდოდ, კუნძულზე ხანძრის გაჩენას მშრალმა, ქარიანმა ამინდმა შეუწყო ხელი. დეტალურად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

დეზინფორმაცია, თითქოს „სიმფსონებმა“ ჰავაიში ენერგეტიკული იარაღის გამოყენება იწინასწარმეტყველეს, როგორც X-ზე (აქამდე ცნობილი როგორც Twitter), ასევე Facebook -ზეც გავრცელდა. აღნიშნული დეზინფორმაცია კი არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ (1, 2, 3,) გადაამოწმა.

იარაღი, რომელსაც ჰავაიში ხანძრის გამოწვევას მიაწერენ, სხვადასხვა სამიზნე ობიექტის გასანადგურებლად ლაზერისა და სხვა ელექტრომაგნიტური ენერგიის ტექნოლოგიას იყენებს. ამ იარაღის სახეობას მიმართული ენერგიის იარაღს უწოდებენ (directed energy weapon). აღნიშნული ტიპის იარაღიდან დამაზიანებელი მოქმედება ვიწრო კონად კონცენტრირებული გამოსხივებით ხორციელდება.

„სიმფსონების“ იმ ეპიზოდში, „Monty Burns' Fleeing Circus“, საიდანაც კონსპიროლოგებმა ნაწყვეტი ამოჭრეს, არათუ ჰავაი, არამედ მიმართული ენერგიის იარაღიც კი არაა ნახსენები. რეალურად, ანიმაციაში ლაზერის წყარო ქრომირებული ძეგლია, რომელიც ვიდეონაწყვეტში გამიზნულად არაა ნაჩვენები. ანიმაციაში მოქმედება კი ჰავაის მაგივრად სპრინგფილდში ხდება.

ამდენად, მტკიცება თითქოს „სიმფსონების“ ზემოხსენებულ ეპიზოდში „ენერგეტიკული იარაღის“ გამოყენებაა ნაჩვენები და ამით ანიმაციამ ჰავაის ტყის ხანძარი იწინასწარმეტყველა, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი