სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წარმომადგენელი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ფოტოს აქვეყნებს. „რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ“,- წერია პოსტის აღწერაში.

ზურაბ ქადაგიძის მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც აეროპორტშია გადაღებული, მალევე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა (1,2,3,4,5). პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხაზარაძე მოსკოვში გაფრინდა. რეალურად, მამუკა ხაზარაძეს თბილისი-მოსკოვის რეისთან კავშირი არ ჰქონია. როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, „ლელოს“ ლიდერი 20 აგვისტოს ბათუმიდან - თბილისში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გაფრინდა.

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით პოსტი ტელეკომპანია „იმედმაც“ გამოაქვეყნა.

ტელეკომპანია „იმედს“ მამუკა ხაზარაძე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც მან თვითმფრინავის ბილეთების ფოტოებიც გამოაქვეყნა. „გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, სელფისაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში“,-წერია პოსტში. მამუკა ხაზარაძის აღნიშნული პოსტის შემდეგ, თავად ზურაბ ქადაგიძემაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაუშვა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსი არა მოსკოვიდან, არამედ ბათუმიდან ჩამოფრინდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 20 აგვისტოს, 22:00 საათზე თბილისის აეროპორტში ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა ბათუმი-თბილისის რეისი. ამავე პერიოდში, კერძოდ 22:00 ჩამოფრინდა ვნუკოვო-თბილისის რეისიც, 35 წუთის დაგვიანებით. როგორც მოსკოვის რეისის, ასევე ბათუმის თვითმფრინავის მგზავრები შესაბამისად, ერთსა და იმავე ჩამოსვლის დარბაზში მოხვდებოდნენ. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მამუკა ხაზარაძე მოსკოვში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმი-თბილისის რეისის ნომერი (D40304) ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებული ბილეთების ნომრებს ემთხვევა.

ამდენად, მტკიცება, რომ პარტია „ლელოს“ ლიდერი - მამუკა ხაზარაძე, მოსკოვში გაფრინდა, მტკიცებულებების გარეშეა. თავად მამუკა ხაზარაძის გასაჯაროებული ინფორმაციით კი დგინდება, რომ ის ბათუმი-თბილისის რეისით ჩამოვიდა თბილისში.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5431 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი