იანვარ-ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით - 6.575 მლრდ კვტ/სთ-მდე, შემცირდა. ვარდნა ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების ანუ მსხვილი საწარმოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კლებას უკავშირდება. თუ გასული წლის პირველ ნახევარში მათ 2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მათი მოხმარება 28%-ით - 1.4 მლრდ კვტ/სთ-მდე, შემცირდა. კლება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებითაც აღინიშნება.

ეკონომიკის პარალელურად, ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. ზრდის ტემპი უფრო შესამჩნევი განვითარებად ქვეყნებშია. თუ 2011 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 10.2 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა, 2016 წელს ის 11.6 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წელს 14.2 მლრდ კვტ/სთ-მდე.

საქართველოს შემთხვევაში, საერთო ზრდის ტემპში მნიშვნელოვანი წვლილი ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეჰქონდა. მოსახლეობით 250 ათას-იანი რეგიონი, სადაც კრიპტოვალუტის გარდა, თითქმის არაა წარმოება, იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე 1.5 მლნ-იანი თბილისი და ერთ სულ მოსახლეზე გათვლით უფრო მეტს, ვიდრე შვეიცარია. მიზეზი ე.წ. „უფასო დენია“, რითაც კრიპტომაინერები სარგებლობენ. აფხაზეთის გარდა, დანარჩენი რეგიონებისა და კომპანიების მოხმარებაც მზარდია, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით.

2023 წლის პირველ ნახევარში, 7.6%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში დიდი კომპანიების მოხმარება თითქმის მესამედით შემცირდა, რაც ნებისმიერი საზომით დიდ ვარდნად შეიძლება ჩაითვალოს.

გრაფიკი 1: პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (მლნ კვტ/სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)

ელექტროენერგიის მოხმარების კლების მიზეზებს შორის ძირითად ფაქტორად კრიპტო მაინინგის შემცირება და ექსპორტზე ორიენტირებული ენერგოტევადი დარგების აქტივობის კლება შეიძლება ჩაითვალოს. იანვარ-ივნისში ექსპორტი საქართველოდან 19%-ით გაიზარდა, თუმცა იმავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ანუ ექსპორტი მხოლოდ რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის კლებამ მისი წარმოება შეამცირა, შემცირებულმა წარმოებამ კი მოხმარებული ელექტროენერგია.

6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სპილენძის მადნების ექსპორტი 37%-ით, ფეროშენადნობების 63%-ითა და აზოტოვანი სასუქების 41%-ით შემცირდა. ელექტროენერგიის მოხმარებაც ბი ეფ დი სი-ს (ბიტფურად ცნობილი ბიტკოინების მწარმოებელი ქარხანა) შემდეგ ყველაზე მეტად ფეროშენადნობის ქარხანამ შეამცირა. პროცენტულად დიდი ვარდნა განიცადა რუსელიოსმაც, რომელიც აგრეთვე ფეროშენადნობების მწარმოებელია.

გრაფიკი 2: მოხმარებული ელექტროენერგია (მლნ კვტ/სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)

რაოდენობრივად ელექტროენერგიის მოხმარება 6 თვეში 740 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა, საიდანაც 560 მლნ კვტ/სთ პირდაპირ მომხმარებლებზე მოდის, ხოლო ამ პირდაპირი მომხმარებლებიდან 350 მლნ კვტ/სთ 6 კომპანიაზე.

კომპანიებიდან ყველაზე დიდი - 99.7%-იანი ვარდნა, ბი ეფ დი სი-ს (ცნობილია როგორც ბიტფური) უფიქსირდება, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს, რის გამოც შესყიდულ ენერგიაში დღგ-ს არ იხდის, მიმდინარე წელს მან წარმოება პრაქტიკულად შეაჩერა. ბიტფურმა ელექტროენერგიის მოხმარების კლება გასული წლის ივნისიდან დაიწყო და უკვე ივლისში თითქმის გაანულა. 2021 წელს ბიტფურმა 434 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2022 წელს 171 მლნ კვტ/სთ, საიდანაც 168 მლნ კვტ/სთ იანვარ-ივნისზე მოდის. ბი ეფ დი სი-ს მაგალითზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაინინგი სხვა მცირე ზომის კომპანიებმაც შეამცირეს ან საერთოდაც შეაჩერეს, რამაც გავლენა საერთო სტატისტიკაზეც იქონია.

14%-ით - 1.690 მლრდ კვტ/სთ-დან 1.450 მლრდ კვტ/სთ-მდეა შემცირებული ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებაც, ამ შემთხვევაშიც კლება, მაღალი ალბათობით, ბიტკოინების წარმოების შემცირებითაა გამოწვეული.

ეპ ჯორჯიას მიწოდებისა და თელმიკოს (იგულისხმება ენერგო პრო ჯორჯია და თელასი) დანარჩენი აბონენტების მოხმარება მცირედითაა გაზრდილი.

2023 წელს ახალი დიდი გენერაციის ობიექტი ექსპლუატაციაში არ შესულა, თუმცა მოხმარების შემცირებამ ექსპორტის ზრდა გახადა შესაძლებელი. 2022 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტზე 620 მლნ კვტ/სთ გავიდა, 2023 წლის პირველ ნახევარში — 756 მლნ კვტ/სთ. კილოვატებში დათვლით ზრდის მიუხედავად 6 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1.2 მლნ-ით - 52 მლნ დოლარამდე, შემცირდა. დინამიკა ივლისში შეიცვალა და პირველი 7 თვის მდგომარეობით, ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 80 მლნ დოლარს გაუთანაბრდა - 15 მლნ-ით მეტს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი