სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Crazy World“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, აქვეყნებს პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ სიეტლში, ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით, თითოეულ კლასში მოსწავლეების მინიმუმ 5% არატრადიციული ორიენტაციის მქონე უნდა იყოს.

„ქალაქ სიეტლის ბავშვებს გაუჭირდებათ. როგორც ამერიკული მასმედია იუწყება, განათლების დეპარტამენტში შეიმუშავეს ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც კლასებში უნდა იყოს არატრადიციული ორიენტაციის მქონე მოსწავლეების მინიმუმ 5%. გინდა სკოლაში? გახდი გეი!“,- ვკითხულობთ პოსტში. მტკიცებულების სახით, პოსტს დართული აქვს ვებგვერდ „SeattleMet-ზე“ განთავსებული სტატიის ეკრანის ანაბეჭდი (ე.წ. სქრინშოთი), თუმცა არა ბმული, რომელიც სტატიაზე გადაგვიყვანდა. რეალურად, სიეტლში მსგავსი საგანმანათლებლო სტანდარტი არ მიუღიათ, ხოლო მტკიცებულების სახით დართული სტატიის ეკრანის ანაბეჭდი რედაქტირებულია.

Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული სურათი, სადაც თითქოს აღბეჭდილია ვებგვერდ „SeattleMet-ზე“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „სკოლის წესები“, ყალბი და რედაქტირებულია.

რეალურად, აღნიშნული საკლასო ოთახის ფოტოსურათი „SeattleMet-ის“ სულ სხვა 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაზეა თანდართული, რომლის სათაურიც შემდეგნაირად ჟღერს: „ბავშვთა მოვლის ხერხები სიეტლის საჯარო სკოლების გაფიცვის დროს“ (Child Care Options During the Seattle Public Schools Strike). რეალური სტატია, სინამდვილეში, შეიცავს რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცნენ მშობლები სიეტლის საჯარო სკოლების გაფიცვის პერიოდში.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული სტატიის პირველი აბზაცი ახსენებს სიეტლის განათლების ასოციაციას (Seattle Education Association). გაყალბებულ ფოტოანაბეჭდზეც ვხვდებით ასოციაციის სახელს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გრამატიკული შეცდომაა დაშვებული და ასოციაციის შემდეგ სიტყვა მიტყუპებულია. აღნიშნული დეტალი ასევე მიუთითებს, რომ დეზინფორმაციის ავტორებმა სწორედ ამ სტატიის ანაბეჭდი დაარედაქტირეს.

„სკოლის წესები“ (School Rules) სათაურით „SeattleMet-ის“ ვებგვერდზე სტატია საერთოდ არ იძებნება. ასევე, საიტზე არაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, სასკოლო კლასებში მოსწავლეთა 5% არატრადიციული ორიენტაციის უნდა იყოს.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, „ფაქტ-მეტრმა“ ასევე გადაამოწმა აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ვებგვერდი, ვაშინგტონის შტატის საგანმანათლებლო რეგულაციები და ქალაქ სიეტლის საჯარო სკოლების ზოგადი წესები 2023-2024 წლებისთვის. Facebook-გვერდ „Crazy World-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახალ საგანმანათლებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ზემოხსენებული წყაროები არ შეიცავს. მეტიც, თავად პოსტში ნახსენებია, რომ „ამერიკული მასმედია იუწყება, განათლების დეპარტამენტში შეიმუშავეს ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი...“, თუმცა არც ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამრიგად, ინფორმაცია, თითქოს სიეტლში, ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით კლასებში მოსწავლეთა მინიმუმ 5% არატრადიციული ორიენტაციის უნდა იყოს, მცდარია.

------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5431 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი