საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 მარტს დაამტკიცა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა და მათი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლება წარმოადგენს.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ პროგრამაზე უკვე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა (სტატიები: 1; 2; 3; 4; 5; 6). ბოლო სტატიაში ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება გადავამოწმეთ. საკითხზე მუშაობის პერიოდში გაირკვა, რომ ორ მისამართზე: გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის №1,3,11-სა და გრიშაშვილის ქუჩის N9-ში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. გადავწყვიტეთ, თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დაყრდნობით, გაგაცნოთ, რა გაკეთდა და კეთდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

პირველ რიგში, ზემოთ ნახსენებ ორ პროექტს შევეხებით, რომლებსაც შპს „ერთი“ ახორციელებს. ორივე ტენდერში ის ერთადერთი მონაწილე იყო. პირველი ხელშეკრულება იოსებ გრიშაშვილის ქ. N9-ში დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას გულისხმობს, ხოლო მეორე - იმავე სახის სამუშაოებს გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1,3,11-ში. მაისში, როცა ჩვენ ამ თემაზე ვიმუშავეთ, სექტემბრის ბოლომდე ვადის გახანგრძლივების მიზეზად, ორივე პროექტთან დაკავშირებით, მოსახლეობის რაოდენობის, ასევე, ბინის მესაკუთრეთა ფართობების დაზუსტება სახელდებოდა. ამჯერად კი, 28 ივნისის შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი პროგრამის სამუშაო ჯგუფს გრიშაშვილის ქ. №9-სა და თამარის დასახლება №22-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმოება და ალტერნატიული ფართების შეთავაზება დაევალა. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა არქიტექტურულ პროექტებში შიდა გეგმარების ცვლილების საჭიროება და ამის საფუძველზე, ფინანსური გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დაკორექტირების აუცილებლობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზაფხულის თვეებში განსახორციელებელ სამუშაოებს სექტემბრის თვეში გადაიტანენ. ზუსტად იმავე დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას კვინიტაძის ქუჩა №1-ს და №3-ში მიმდინარე პროექტებში შიდა გეგმარების ცვლილებაზე, რაც, ასევე, ზაფხულის პერიოდის სამუშაოების სექტემბერში გადატანას ითვალისწინებს, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების კორექტირებით. ხელშეკრულებების ღირებულება, შესაბამისად, 6 920 100 ლარი და 7 536 260 ლარია. აქედან, პირველ შემთხვევაში, გადახდილია მთლიანი ღირებულების 51%, მეორე ხელშეკრულების ფარგლებში კი - 53%. კომპანიისთვის ანაზღაურებული თანხის მოცულობა, ჯამში, 7 566 450 ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი უკვე დასრულდა შემდეგ მისამართებზე: ჩოლოყაშვილის №84, ასათიანის №2-27, ჯავახიშვილის №45, ლერმონტოვის №106ა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ურბან სინერგიმ“ შენობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განახორციელა, რისთვისაც შემსყიდველმა 2 109 658 ლარი გადაუხადა. გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდა ასევე ჯავახიშვილის ქ. № 47-ში მდებარე სახლს, რისთვისაც 317 320 ლარი დაიხარჯა. პროექტი შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფმა“ განახორციელა.

საინტერესოა, რომ იმავე მისამართზე, ჯავახიშვილის ქ.47-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებისთვის, ბათუმის მერიას შპს „ურბან სინერგისთვის“ გადახდილი აქვს კიდევ 400 000 ლარზე მეტი, რაც დასტურდება კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარდგენილი ნაკრები უწყისებით. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოები განხორციელდა კიდევ რამდენიმე მისამართზე: ჯავახიშვილის ქ. №61, თამარის დასახლების კორპუსი №8 და რუსთაველის ქ. №10. შემსრულებლისთვის ანაზღაურებული თანხის მოცულობა, ჯამში, 1 905 147 ლარს შეადგენს. პროექტის მთლიანი ღირებულება კი 2 948 423 ლარია. პროექტი დასრულების საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი.

ინფორმაციისთვის: მეორე პროექტის ფარგლებში შენობას ისეთი სამუშაოები ჩაუტარდა, რომლებიც პირველივე პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო (მაგალითად: მიწის სამუშაოები, რაც სარდაფიდან საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანასა და გრუნტის დამუშავებას მოიცავს; ფუნდამენტის გამაგრებისთვის მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოები, მათ შორის, ღორღის საფუძვლის მოწყობა; კარ-ფანჯრების ღიობების გამაგრება; სარდაფში არსებული რკინა/ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი სანგრევი ჩაქუჩებით და სხვა). ამიტომ ფაქტ-მეტრმა შემსყიდველი ორგანიზაციისგან სცადა კომენტარის მიღება, რატომ გახდა საჭირო ჯავახიშვილის ქ. №47-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის ჯერ გამაგრება-რეაბილიტაციისა და შემდეგ გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება ორი სხვადასხვა შესყიდვის ფარგლებში. თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ამდენად, ჩვენი გათვლებით, ჯავახიშვილის ქ. №47-ში არსებული ავარიული სახლის ჯერ გამაგრება-რეაბილიტაციისა და შემდეგ გამაგრება-გაძლიერებისთვის, ორი პროექტის ფარგლებში, 700 000 ლარზე მეტია გახარჯული.

მიმდინარე წლის 28 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ანაგთან“, რომელიც ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. მაიაკოვსკის ქ. №3ა-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მერიას 15 040 858 ლარი დაუჯდება. სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე სხვა დოკუმენტაცია ჯერ არ იძებნება.

ბათუმში ხორციელდება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ფარგლებში, ე.წ „შანხაის დასახლებაში“ ორი სოციალური სახლის მშენებლობასა და ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, 26 მაისის ქ. №13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, კახაბრის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟსა და ახალი სახლის მშენებლობას, ს.ხიმშიაშვილის ქ.№94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟსა და ახალი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. შპს „ანაგი“ აღნიშნულ ტენდერშიც უკონკურენტოდ მონაწილეობდა. 78 267 486-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 16 თებერვალს გაფორმდა. სამუშაოების ხანგრძლივობის ვადა 48 თვეს მოიცავს. ამ ეტაპზე კომპანიისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 16%, რაც 12 423 567 ლარს შეადგენს. თანხა გადახდილია შვიდ ეტაპად და შვიდივე შემთხვევაში, ავანსის სახით. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება არც ერთი დოკუმენტი, რომლებიც სამუშაოების შესრულებას დაადასტურებდა.

არსებული მდგომარეობით, პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარე არც ერთი პროექტი, რომელიც მშენებლობას გულისხმობს, ჯერ ჩაბარებული არაა. კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხის მოცულობა კი, 29 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, 24 მლნ ლარს აღემატება. შვიდი ხელშეკრულების ფარგლებში, დემონტაჟი-მშენებლობა და რეაბილიტაცია-გამაგრების პროექტები ათზე მეტ მისამართზე ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, ყველა ტენდერში შემსყიდველია ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. პროგრამის შესახებ საჯარო ინფორმაცია ჩვენ რამდენიმე თვის წინ გამოვითხოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ადრესატს რამდენჯერმე შევახსენეთ, პასუხი არ მიგვიღია.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი