• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში კახეთში მოსული სეტყვის კონტექსტში დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში კახეთში მოსული სეტყვის კონტექსტში დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებლები კახეთის რეგიონში მოსული სეტყვის კონტექსტში დეზინფორმაციას ავრცელებენ (1,2,3). ავტორები ამტკიცებენ, რომ სეტყვა HAARP-ს უკავშირდება, ნაწილი კი თვლის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, პირიქით, სეტყვის გამოსაწვევად გამოიყენეს.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და შენობების სახურავები.

სტიქიის შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა პოსტები, რომელთა მიხედვითაც კახეთში მოსული სეტყვა ხელოვნურად იყო გამოწვეული, მტკიცებულების სახით კი ყინულის ბურთულების დიდი ზომა და ფორმა მოჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე წარმოდგენილი ყინულის ბურთულების არც ზომა და ფორმა გაოცებას არ უნდა იწვევდეს. სეტყვისას, მათ ფორმაზე, ფერსა და სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ტემპერატურა, წყლის შემცველობა, ქარის სიჩქარე. როგორც წესი, სეტყვისას ყინულის ბურთულას აქვს კონუსის ფორმა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი ზედაპირი ბოლომდე არ გაიყინა, შესაძლოა, სხვა ბურთულებს შეეწებოს და შედეგად სხვადასხვა ფორმის ყინულის ბურთულა მივიღოთ. ხაზგასასმელია, რომ რაც უფრო ძლიერია ღრუბლებში არსებული ჰაერის აღმავალი ნაკადები, მით უფრო დიდია ყინულის ბურთულას ზომაც. რეალურად, სეტყვის პროცესში წარმოქმნილი ყინულის ბურთულას ზომა დაახლოებით 1-13 სანტიმეტრამდე მერყეობს. ხოლო, მსოფლიოში რეკორდული ზომის, კერძოდ, 20.3-სანტიმეტრიანი ყინულის ბურთულები, 2010 წელს აშშ-ში მოვიდა.

მტკიცება 1: აღნიშნული სტიქია HAARP-ს (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას) უკავშირდება

Facebook-ის მომხმარებელი Salome Shonia, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია, „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2), კახეთში მომხდარ სეტყვას HAARP-ს უკავშირებს. „ჰარპით გაზრდილი სეტყვა. გენმოდიფიცირებულ საკვებს არ ჰგავს? (..) ამ იარაღის გამოცდას უკავშირდება ჰაიტის მიწისძვრაც, ქარიშხალი კატრინა და ყველა დიდი უბედურება. დღეს ასეთია თანამედროვე მსოფლიოს ომი. თურქეთის დამანგრეველ მიწისძვრასაც როგორი არაბუნებრივი ნათებები უძღვოდა წინ ყველამ ნახა. შოვის ტრაგედიის წინა დღეებშიც ცა ზუსტად ისე იყო დასერილი როგორც ჰარპს სჩვევია“.

HAARP-ს, რომლის შესახებ კონსპირაციები მუდმივად ვრცელდება, ისეთ მოვლენებს უკავშირებენ, როგორიცაა მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა და სხვ. მაგალითად, სოციალურ ქსელში სწორედ HAARP-ს უკავშირებდნენ შოვის ტრაგედიას, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას (აღნიშნულ თემებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2, 3).

სინამდვილეში, HAARP (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) არა იარაღი, არამედ ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომელიც იონოსფეროსთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ იონოსფერო ატმოსფეროს ზედა ნაწილია, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება, 500 კილომეტრს აღწევს და მზის ულტრაიისფერი სინათლის საშუალებით იონიზებული (დადებითად დამუხტული) ატომებითა და მოლეკულებით შედგება. იონოსფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

HAARP-ის იონოსფეროს შემსწავლელი დანადგარის მშენებლობა აშშ-ს საჰაერო ძალებმა 1993 წელს დაიწყო, ხოლო 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.

HAARP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ HAARP არის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის გადამცემი იონოსფეროს შესასწავლი პროგრამა. პროგრამის მთავარი ნაწილი იონოსფერული კვლევის ინსტრუმენტია (IRI), რომელსაც იონოსფეროში 3.6 მეგავატის გამოსხივება შეუძლია. გადაცემის სიხშირეები კი 2.7-დან 10 MHz-მდე დიაპაზონში მერყეობს. პროგრამის გადამცემები იყენებენ რადიოტალღებს, რათა დროებით იმოქმედონ იონოსფეროს შეზღუდულ არეალზე, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ბუნებაში ჩვეულებრივ ძნელად დასაკვირვებელი ფენომენები შეისწავლონ. IRI-ის გამოყენების შედეგად წარმოქმნილ პროცესებზე კონტროლირებადი გზით დაკვირვება საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უკეთ გააცნობიერონ პროცესები, რომლებიც მზის ბუნებრივი სტიმულაციის ქვეშ მუდმივად ხდება.

ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის ამინდზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში - ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. ჯესიკა მეთიუსი, HAARP-ის პროგრამის მენეჯერი ალასკას უნივერსიტეტში, USA Todays-სთან აცხადებს, რომ პროგრამის გადამცემებს და პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს არ შეუძლიათ ამინდის მანიპულირება, HAARP-ის მიერ გადაცემული რადიოტალღების სიხშირის ტალღები არ შეიწოვება არც ტროპოსფეროში და არც სტრატოსფეროში. ამავდროულად, HAARP-ის მკვლევრების მიხედვით, ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე სახით ამინდზე მოახდინოს გავლენა, რადგან დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია. ამდენად, HAARP-ს ამინდზე გავლენის მოხდენა - ღრუბლების ჩამოყალიბება, სეტყვა, ქარიშხლის, შტორმის გამოწვევა და ა.შ., არ შეუძლია.

მტკიცება 2: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სეტყვის გამოსაწვევად გამოიყენეს

Facebook-ის მომხმარებელი Gvan Ca კახეთის სტიქიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: „რას იტყვით ღრუბლები სეტყვის საწინააღმდეგოდ თუ გამოსაწვევად დაამუშავეს?კლიმატის ცვლილებას აბრალებენ მეზღაპრენი.რთველის წინ მაინც და მაინც კახეთი ამოარჩია კლიმატის ცვლილებამ ისეთი გონიერია.გინახავთ აქამდე ასეთი არაბუნებრივი ზომისა და ფორმის სეტყვა?ამიერიდან ხშირად ნახავთ დაანონსებულია“,-წერია პოსტის აღწერაში.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამონტაჟდა. კახეთის რეგიონში განთავსებულია 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი. „სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური წარმოადგენს C დიაპაზონის, ორმაგად პოლარიზებულ დოპლერულ რადიოლოკატორს, რომელიც იღებს მონაცემებს სეტყვის წარმომშობი ღრუბლის შესახებ. სპეციფიკური ალგორითმის გამოყენებით, პროგრამა ყველა ამ მონაცემს ამუშავებს და უსწრაფესად აგზავნის მართვის ცენტრში. ცენტრალური მართვის ცენტრი წარმოადგენს პერსონალისთვის განკუთვნილ ადგილს, სადაც ამინდის რადარებიდან და რაკეტების გამშვები ადგილებიდან მიღებული ინფორმაციის მოგროვება და გადამუშავება ხდება. ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ მართვის ცენტრიდან ხდება შესაბამისი საცეცხლე წერტილის შერჩევა და ღრუბლის სარაკეტო დამუშავება“,- ვკითხულობთ „დელტა“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა წარმოადგენს 60 მმ-იან უმართავ რაკეტას, რომელიც შეიცავს 50-70 გრამ ვერცხლის იოდიდის რეაგენტს. რეაგენტი იფანტება 2,5-4,5 კმ სიმაღლიდან 30-35 წამის განმავლობაში. სეტყვის ღრუბლებში ვერცხლის იოდიდის მიზანმიმართული განაწილება იწვევს ნაადრევ წვიმას. შესაბამისად, ხელს უშლის სეტყვის წარმოქმნასა და ყინულის ბურთულების გაფართოებას. იდეალურ შემთხვევაში, ყინულის ბურთულები მიწამდე დაცემისას მთლიანად დნება.

კახეთის სტიქიის კონტექსტში, „დელტა“-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. განცხადებაში წერია, რომ გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. თუმცა, მიუხედავად „დროული ჩარევისა“, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსულ ფრონტალური ტიპის ღრუბლებში უკვე არსებული 42-მმ-იანი სეტყვის მარცვლები მაინც გაიზარდა 50 მმ-მდე. ჯერჯერობით ზარალი სრულად დათვლილი არ არის, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გარეშე ზარალი უფრო მეტი, შესაძლოა, 100% ყოფილიყო.

ამდენად, მტკიცება, რომ კახეთში მომხდარი სტიქია ხელოვნურად იქნა გამოწვეული და რომ ის HAARP-სა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას უკავშირდება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ზელენსკი
#სეტყვა
#HAARP
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა