სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა „ფანტი ნა“-მ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ არაერთხელ გადაამოწმა, მორიგი ყალბი ამბავი გამოაქვეყნა. Facebook-ანგარიში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც წყლის ფონზე არსებული დანადგარი ჩანს. ფოტოს ახლავს აღწერაც, რომლის მიხედვით ფოტოზე გამოსახულია HAARP და ის საქართველოშია განთავსებული. ავტორი HAARP-ს სტიქიური მოვლენებსაც უკავშირებს.

სინამდვილეში, გუგლის ფოტოების ძებნის ინსტრუმენტის (Google Image Search) გამოყენებით დადგინდა, რომ ფოტოზე გამოსახული დანადგარი სახელწოდებით SBX (Sea Based X-band radar) აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილია. ის შექმნილია ბალისტიკური რაკეტების დასადგენად და მათი ზუსტი მონიტორინგისთვის, ასევე ქობინების ცრუ მიზნებისა და ნამსხვრევებისგან გასარჩევად. რადარი განთავსებულია სადგურის თეთრი ხუფის ქვეშ და მსოფლიოში ყველაზე დიდი და დახვეწილი მართვადი ელექტრომექანიკური X-დიაპაზონის რადარია, რომელსაც 2.500 მილის მანძილზე მცირე ზომის ობიექტების აღმოჩენა შეუძლია. პლატფორმას, რომელზეც რადარია განთავსებული, შეუძლია 8 კვანძი სიჩქარით გადაადგილდეს, რაც საათში დაახლოებით 15 კილომეტრს უდრის.

რაც შეეხება რადარისა და სადგურის განთავსების ტერიტორიას, პირველად SBX 2006 წელს წყნარ ოკეანეში აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ფარგლებში განთავსდა და მის მიზნად აშშ-ს ტერიტორიისთვის, მათ შორის - ჰავაისა და ალასკისთვის, არსებული სარაკეტო საფრთხის აღმოჩენა და თვალყურის მიდევნება განისაზღვრა. სხვადასხვა დროს ის გადაადგილდებოდა წყნარ ოკეანეში, მათ შორის - ჰავაისა და ალასკის, მიმდებარედ. 2009 წელს დანადგარი ჩრდილოეთ კორეის მიერ ჰავაიზე ატომური იარაღით დამუქრების გამო ჰავაის კუნძულებთან განალაგეს. 2019 წლის მაისიდან სექტემბრამდე რადარი ტექნიკური სამუშაოებისთვის პერლ ჰარბორში განთავსდა, უკვე 2023 წლის 3 მარტს რადარი ჰავაიში დააბრუნეს. ამჟამად რადარი წყნარ ოკეანეში ჩრდილოეთ კორეის მიერ პოტენციურად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების მონიტორინგს აწარმოებს.

ამდენად, მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახულია HAARP და ის საქართველოში მდებარეობს, სიცრუეა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის რადარს ასახავს, რომელიც აშშ-ის ტერიტორიის მიმდებარედ წყნარ ოკეანეშია განთავსებული.

დამატებით, პოსტის მეორე ნაწილში ავტორი HAARP-ს სტიქიურ მოვლენებთან აკავშირებს. „ესაა ჩვენი უბედურების თავი ,,სტიქიურ მოვლენებს" რომ ეძახიან“, - ვკითხულობთ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ HAARP (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) დეზინფორმატორთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამიზნეა და სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის გამოწვევაში მას ხშირად ადანაშაულებენ. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, 2, 3, 4).

სინამდვილეში, HAARP ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომელიც ატმოსფეროს ზედა შრის, იონოსფეროს შესასწავლად გამოიყენება. პროგრამა აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების, ალასკის უნივერსიტეტისა და თავდაცვის მოწინავე პროექტების სააგენტოს მიერ ფინანსდებოდა. 2015 წელს საკვლევი დანადგარები ალასკას უნივერსიტეტს გადაეცა. პროგრამის მთავარი ნაწილი იონოსფერული კვლევის ინსტრუმენტია (IRI), რომელსაც იონოსფეროში 3.6 მეგავატის გამოსხივება შეუძლია. გადაცემის სიხშირეები კი 2.7-დან 10 MHz-მდე დიაპაზონში მერყეობს. რადიოტალღები იონოსფეროში ელექტრონების ტალღისებურ მოძრაობას იწვევენ, იზრდება მათი ტემპერატურა და იონოსფეროს კონკრეტულ რეგიონში ელექტრონების სიმკვრივე იცვლება. ამდენად, მეცნიერებს შეუძლიათ, შეისწავლონ, იონოსფერო ცვალებად პირობებზე როგორ რეაგირებს.

ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის გამოყენებით ამინდზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში - ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში, წარმოიქმნება. HAARP-ის მიერ გადაცემული რადიოტალღების სიხშირის ტალღები არც ტროპოსფეროში და არც სტრატოსფეროში არ შეიწოვება. HAARP-ის მკვლევრების მიხედვით, ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე სახით ამინდზე მოახდინოს გავლენა, რადგან დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია. ამდენად, HAARP-ს ამინდზე გავლენის მოხდენა - ღრუბლების ჩამოყალიბება, ქარიშხლის, შტორმის გამოწვევა და ა.შ., არ შეუძლია.

დამატებით, მსოფლიოში HAARP-ის ერთადერთი დანადგარი არსებობს და ის არა საქართველოში, არამედ გაკონთან ახლოს, ალასკაზე, შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი