ლევან ხაბეიშვილი: საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს... პენსია უნდა გაიზარდოს 600 ლარამდე

5 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პენსიების ზრდასთან დაკავშირებით პარტიის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააჟღერა: „საპენსიო ასაკმა მამაკაცებში უნდა დაიწიოს 60 წლამდე... პენსია უნდა გაიზარდოს 600 ლარამდე“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, სახელმწიფოს პენსიონერების შენახვა რა უჯდება და პენსიის 600 ლარამდე გასაზრდელად დამატებით რა თანხა იქნება საჭირო.

სახელმწიფო პენსიის მიზანი ხანდაზმულ მოქალაქეთა, კონსტიტუციით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლების დაცვა და რეალიზაციაა. სახელმწიფო პენსიის დაფინანსების წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია, პენსიის ოდენობაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება.

პენსიის ოდენობა ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არის დიფერენცირებული. 2023 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 295 ლარს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 365 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები პენსიის 20%-ის ოდენობის საპენსიო დანამატს იღებენ. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერის პენსია 354 ლარს, 70 და მეტი ასაკის მოსახლეობისთვის კი 438 ლარს შეადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 827,815 ასაკით პენსიონერია. მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯებიც ყოველწლიურად მზარდია, რაც განპირობებულია, როგორც პენსიის ოდენობის ზრდით, ასევე პენსიონერთა რაოდენობის ზრდით. 2023 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის 3,379,200.0 ლარია გამოყოფილი, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების [21,880,117.1 ლარი] 15%-ს აღემატება.

ასაკით პენსიონერების პენსიის ოდენობა თუ გათანაბრდება და 600 ლარამდე გაიზრდება, საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯებისთვის წელიწადში დამატებით სულ მცირე 2.5 მილიარდი ლარი იქნება საჭირო. ჯამში, საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები დაახლოებით 5.9 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 27% პენსიის ხარჯები იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 60-დან 65 წლამდე ასაკის 109 ათასი მამაკაცი ცხოვრობს. თუ დავუშვებთ, რომ მამაკაცებში საპენსიო ასაკი 60 წლამდე შემცირდება, ამ შემთხვევაში, საპენსიო ხარჯები წელიწადში დამატებით დაახლოებით 785 მლნ ლარით გაიზრდება. ჯამში, საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები 6.7 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30%-ს აღემატება. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპი, რაც საპენსიო ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. შედარებისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი 6.8 მილიარდი ლარს შეადგენს. ანუ, სამინისტროს თითქმის მთლიანი ბიუჯეტი საპენსიო უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს და სხვა გასაცემელებზე: სოციალური დახმარება, სახელმწიფო დაზღვევა ფაქტობრივად არაფერი დარჩეს, ან სამინისტროს ბიუჯეტმა 10.1 მლრდ ლარს უნდა გადააჭარბოს, რაც თავის მხრივ, ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.

ამრიგად, თუ საპენსიო ასაკი მამაკაცებში 60 წლამდე შემცირდება, ამასთან პენსიის ოდენობა 600 ლარამდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება და 6.7 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30%-ზე მეტი მხოლოდ საპენსიო ხარჯები იქნება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პენსია არ არის ერთადერთი სოციალური ხარჯი ბიუჯეტში. დღევანდელი მოცემულობით, სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფის მუხლის ამგვარი ზრდა არარეალისტურია. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად, ეტაპობრივად, შესაძლებელია, ბიუჯეტის სოციალური ხარჯების, მათ შორის - საპენსიო უზრუნველყოფის მუხლის, ზრდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი