7 სექტემბერს სოციალურ ქსელში FB-მომხმარებელმა Patiko Antiliberasti Mxilebadze ლაივ-ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავებას გამოეხმაურა და რამდენიმე დეზინფორმაციის შემცველი მტკიცება გააჟღერა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მტკიცებები გადაამოწმა.

მტკიცება N1: სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა სომხები მიატოვა და ჯავახეთში ქართული შოვინიზმის წინააღმდეგ დაუცველი დატოვა

ლაივ-ვიდეოში Facebook-მომხმარებელმა განაცხადა (5:25): „ამ სოროსისტმა ფაშინიანმა იტალიის გაზეთ[თან] [...] უკიდურესად მძიმედ ილაპარაკა კავკასიაში რუსეთის ფაქტორზე. ასე არ ულაპარაკია თავის დროზე ზელენსკის. გადახედეთ, დევს სტატია. [ფაშინიანმა] ქართველები მოგვიხსენია როგორც შოვინისტებად. ეგ აცხადებს და იქ დაწერა, რომ რუსებმა ახალციხეში სომხები მიატოვეს და ყოვლად დაუცველი იყო სომხური მოსახლეობა შოვინისტური ქართველებისგანო.“

2 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან ნამდვილად შედგა, თუმცა დეზინფორმაციულ მტკიცებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს ჯავახეთში ქართული შოვინიზმის წინააღმდეგ სომხების მიტოვებაში დასდო ბრალი, არსად გვხვდება. იტალიურ La Repubblica-სთან ინტერვიუს დროს ნიკოლ ფაშინიანი მრავალ თემას შეეხო. მან სხვა საკითხებთან ერთად ძირითადად მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე მიმოიხილა უკრაინის ომის გავლენა სომხეთის უსაფრთხოებაზე; რუსეთის, როგორც სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტორის, როლის ცვლილება; მთიან ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებების გარანტირებისა და აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ძირითადი გზის - ლაჩინის დერეფნის დაკეტვის თემას და 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების მიუხედავად რუსეთის სამშვიდობოების მიერ ლაჩინის დერეფანზე კონტროლის დათმობას.

ცნობისთვის, 2020 წელს 27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის რიგით მეორე ომი დაიწყო. 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებოდნენ. შეთანხმებაში განსაზღვრული იყო მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ძირითადი სახმელეთო გზის - ლაჩინის დერეფნის, საკითხიც. კერძოდ, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამშვიდობოები უნდა ჩამდგარიყვნენ და გაეკონტროლებინათ. თუმცა 2022 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა, რომელნიც თავს გარემოსდაცვით აქტივისტებად აცხადებდნენ, გზა გადაკეტეს, ხოლო აპრილში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაამონტაჟეს, რამაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. აღნიშნულ პროცესებში რუსეთის მხრიდან 2020 წელს ლაჩინის დერეფნის კონტროლის ვალდებულების მიუხედავად, რუსი სამშვიდობოები არ ჩართულან.

ამდენად, რუსეთის მიერ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის უფლებების, უპირველესად გადაადგილების თავისუფლების გარანტირების ვერ შესრულების კონტექსტში ნიკოლ ფაშინიანი მართლაც საუბრობს, თუმცა ის მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას განიხილავს და არა ჯავახეთს. მეტიც, ინტერვიუს დროს ის საერთოდ არ ახსენებს სიტყვა „შოვინიზმს“. მისი განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს ის მისია, რომელიც სამმხრივი შეთანხმების მიხედვით აიღეს და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არსებითად, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში, უსაფრთხოება გულისხმობს გადაადგილების თავისუფლებას და ეს უფლება არ ხორციელდება, რაც შემაშფოთებელია“.

დამატებით, იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო მხოლოდ ერთხელ, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხზე კომენტირებისას ახსენა. ნიკოლ ფაშინიანი სამხრეთ კავკასიას და სომხეთის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მდებარეობაზე საუბრისას თქვა, რომ „მცდარი შთაბეჭდილებაა, რომ ჩვენ დასავლეთსა და რუსეთს შორის ვართ. ჩვენ ვართ საქართველოს, თურქეთს, ირანს და აზერბაიჯანს შორის და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები გვავალდებულებს სტაბილური და მოწესრიგებული ურთიერთობების დამყარებას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს უშუალო მეზობლებთან. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ ამცირებს გეოპოლიტიკური ცენტრების როლს, გავლენასა და მნიშვნელობას რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“.

მეტიც, ფაქტი, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ქართული შოვინიზმის საფრთხის წინაშე მყოფად მოიხსენია და ამაში ბრალი რუსეთს დასდო, არცერთი ღია ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება.

ამდენად მტკიცება, რომ ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ქართული შოვინიზმის წინაშე მიტოვებაში დასდო ბრალი, ყალბია.

მტკიცება N2: ნატოს წარმომადგენელმა სომხეთს NATO-ში შესვლისკენ მოუწოდა

Facebook-მომხმარებელმა ასევე გააჟღერა მტკიცება, რომ ნატოს წარმომადგენელმა სომხეთს NATO-ში შესვლისკენ მოუწოდა. ლაივ-ვიდეოში ის ამბობს (13:20) „არ დააყოვნა ევროპის პრეზიდენტმა, ნატოს წარმომადგენელმა და მოუწოდა სომხეთს შემოსულიყო ნატოში“.

Facebook-მომხმარებელი მტკიცების გაჟღერებისას ეყრდნობა გიუნტერ ფელინგერის პოსტს, რომელიც მან X პლატფორმაზე (წარსულში Twitter) გამოაქვეყნა და სომხეთის მისამართით NATO-ში შესვლისკენ მოწოდება გააჟღერა.

თუმცა გავრცელებული მტკიცების საპირისპიროდ გიუნტერ ფელინგერი არა NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი, არამედ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია NATO-ს გაფართოების ევროპული კომიტეტის (European Committee for NATO Enlargement) დამფუძნებელი და პრეზიდენტია. NATO-ს გაფართოების ევროპული კომიტეტი ალიანსის შემადგენელი სტრუქტურა არაა. გიუნტერ ფელინგერს კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არანაირი პოზიცია არ უკავია.

ამდენად მტკიცება, რომ სომხეთს NATO-ში შესვლისკენ ალიანსის წარმომადგენელმა მოუწოდა, მცდარია.

აღნიშნული დეზინფორმაცია რუსულმა და სომხურმა მედიებმაც გაავრცელეს, რასაც სომხურენოვანი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა. იხილეთ ბმული.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი