მას შემდეგ, რაც ,,TV პირველის’’ ეთერში პრემიერ მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავრცელდა, ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერის სავარაუდო კორუფციული ქმედების მიზეზით მისი პასუხისმგებლობის საკითხზე დაიწყეს მსჯელობა.

ამჟამად, ოპოზიციაში პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის ინიციირებისთვის 50 დეპუტატის ხმის მოგროვებაა საჭირო. გარდა ამისა, პარტიანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და ღარიბაშვილის მხრიდან ჩადენილ შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა „TV პირველის“ სიუჟეტს დეზინფორმაციულს უწოდებს. მათი თქმით, რეისი კომერციული იყო და მასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებით, სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა, 34 ათასი ევროს (ეკვივალენტი ლარში) ოდენობის თანხა შეიტანა. მისი თქმით, თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებული ხარჯები სწორედ ამ თანხით დაიფარა.

განვითარებული მოვლენების ფონზე კვლავ აქტუალური გახდა ანტიკორუფციული ბიუროს მნიშვნელობასთან დაკავშირებული დისკუსია. კერძოდ, საკითხი იმის შესახებ, თუ პრემიერის მიერ დანიშნული ბიუროს უფროსი რამდენად გამოავლენს იმ ზომების გატარების ნებას, რომლითაც იგი კანონმდებლობის მიერ არის აღჭურვილი.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციისა დაკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე შექმნა. მე-4 პრიორიტეტით ევროკავშირი ქვეყნისგან მოითხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; ...”. ნათელია, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებაზე მიანიშნებს.

2022 წლის ნოემბერში შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ბიუროს ამოქმედებიდან დღემდე, მისი ქმედითობა, დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება და საერთო ჯამში - ევროკომისიის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ეჭვ ქვეშ არაერთხელ დაუყენებიათ. 2023 წლის 11 სექტემბერს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ,,ევროოპტიმისტების’’ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ, ანტიკორუფციული ბიუროს დაკომპლექტების წესი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბიურო, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, პრემიერ მინისტრის ან მინისტრების კორუფციულ საქმიანობას არ გამოიძიებს. აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძემ სხვა არაერთ ოპოზიციონერთან ერთად (იხ. ვასო ურუშაძის, ანა ნაცვლიშვილის, დავით უსუფაშვილის, ბერდია სიჭინავას განცხადებები) აღნიშნული პოზიცია ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში გააჟღერა და თქვა, რომ „როცა ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს პრემიერ-მინისტრი არჩევს და ნიშნავს, ის მუდამ აღმასრულებელიხელისუფლების მორჩილი და მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება“.

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას დიდწილად მართლაც მისი უფროსის დანიშვნის წესი და პოლიტიკური ანგარიშვალდებულება განსაზღვრავს, რადგან ანტიკორუფციულ ბიუროს სწორედ მისი უფროსი ხელმძღვანელობს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ანტიკორუფციულიბიუროსუფროსს ამ მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი (იხ. კანონის 2016 მუხლი) ნიშნავს (ვრცლად იხ. კანდიდატის სტატუსმეტრი).

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ხოლო პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და ანტიკორუფციულ ბიუროს უფროსს თანამდებობაზე [6 წლის ვადით] დანიშნავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 10 თებერვლის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად 6 წლის ვადით რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მისი უფროსის დანიშვნის წესს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, პრემიერის მიერ ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტი იმთავითვე ამ პირისა და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ორგანოს მთავრობაზე დამოკიდებულებისა და მიკერძოების საფუძვლად არ უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესმა, ორგანოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკების გარდა სხვა არაერთი ფუნდამენტური პრობლემური ასპექტიც გამოკვეთა.

ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში მოსაზრება გაჟღერდა, რომ ბიურო კორუფციასთან ბრძოლის ქმედით ინსტრუმენტებს არ შეიცავს, საგამოძიებო ფუნქციებით არ არის აღჭურვილი და შესაბამისად, ის ევრორეკომენდაციის მოთხოვნასთან შესაბამისი არ არის. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა’’ საქართველოს განცხადებაში, სადაც ანტიკორუფციულ ბიუროს რეფორმაა მიმოხილული, წერია, რომ ,,დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლასგარდა ამისა, გამოცხადებული რეფორმა არ პასუხობს კორუფციასთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსმაღალი დონის კორუფციის ზრდასა და სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას“.

მართლაც, თუ გავაანალიზებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის იმ დებულებებს, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას არეგულირებენ, შევამჩნევთ, რომ ბიუროს საქმიანობა უმეტესწილად კორუფციასთან დაკავშირებულ ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრას, სამოქმედო პაკეტების დამტკიცებას, ორგანოებისთვის კოორდინაციის გაწევას, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას და ა.შ. ემსახურება. რაც შეეხება, კორუფციასთან ბრძოლის ქმედით ინსტრუმენტებს, ბიურო მსგავსი ინსტრუმენტებით ნაკლებად არის აღჭურვილი (იხ. კანონის მუხლი 20 15). აღნიშნული მოწესრიგება, საკმაოდ პრობლემურად უნდა მივიჩნიოთ ევრორეკომენდაციის ფონზე, რომელიც სახელმწიფოს ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ოპოზიციურმა პარტიამ, „ლელომ“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ჯერ კიდევ 2021 წელს დაარეგისტრირა, ამ კანონპროექტით, „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო“ უნდა ჩამოყალიბებულიყო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო რიგი საგამოძიებო ფუნქციებით, (საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი. ) შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჩამორთმეოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია და გადასცემოდა დამოუკიდებელ სააგენტოს, თუმცა ცხადია, ლელოს ინიციატივამ მოქმედ პარლამენტში წარმატებას ვერ მიაღწია.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკები სრულიად რომც გამოვრიცხოთ, ფაქტია, რომ ახალშექმნილი ბიურო არ არის საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვილი, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კი კვლავ სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს ხელშია, რაც ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის ერთ ორგანოში თავმოყრის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი