ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.

განცხადება: 2023 წლის ივლისში 15 831 978-ლარიანი ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა - შპს „გზა“. აქაც - „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამთრევი კომპანია. უკვე ორი თვის დაწყებული უნდა ჰქონდეს სამუშაოები. მესმის, რომ ტურისტული სეზონის გამო გადაიტანეს, მაგრამ, თუ სამუშაოები გადაიტანეს, ამ კომპანიას რატომ ჩაურიცხეს [ავანსი] 5 მილიონამდე ლარი.

რეზიუმე: ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ 15 831 978 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში შპს „გზამ“ გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 20 ივლისს გაფორმდა, თუმცა, ორი თვის შემდეგაც კი, კომპანიას სამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია. მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა მას, ავანსის სახით, 4 697 699 ლარი გადაურიცხა. რატომ არ მიმდინარეობს სამუშაოები და რატომ გადაურიცხა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ავანსი შპს „გზას“, ეს კითხვა შემსყიდველს დავუსვით. დაპირების მიუხედავად, პასუხი არ მიგვიღია.

კომპანიის 100%-იანი წილის მმართველ გიორგი ჭყონიასა და დირექტორ მალხაზ დუმბაძეს „ქართული ოცნებისთვის“, ჯამში, 480 000 ლარი აქვთ შეწირული. სიმართლეა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მშენებარე დენდროლოგიური პარკისთვის აჭარიდან არაერთი ხე გადარგეს. ხეების გადატანის პროცესში, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სპეციალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, შპს „გზა“ ნამდვილად მონაწილეობდა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „2023 წლის ივლისში 15 831 978-ლარიანი ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა - შპს „გზა“. აქაც - „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამთრევი კომპანია. უკვე ორი თვის დაწყებული უნდა ჰქონდეს სამუშაოები, მესმის, რომ ტურისტული სეზონის გამო გადაიტანეს, მაგრამ, თუ სამუშაოები გადაიტანეს, ამ კომპანიას რატომ ჩაურიცხეს [ავანსი] 5 მილიონამდე ლარი?“

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 831 978 ლარი იყო. მასში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა და მხარეებს შორის 15 658 999-ლარიანი ხელშეკრულება 20 ივლისს გაფორმდა. შპს „გზამ“ სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან, ორი თვე გავიდა, თუმცა, მოცემული მდგომარეობით (13 სექტემბერი), საპროექტო ლოკაციაზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მიმწოდებლისთვის, ავანსის სახით, მართლაც ჩარიცხულია 4 697 699 ლარი. გადარიცხვა 2023 წლის 28 ივლისს განხორციელდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ავანსის მიღება შესაძლებელია, მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში, იდენტური თანხის 50%-ის ოდენობით) გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში. 20 ივლისს, შპს „გზამ“ შემსყიდველს ბანკი ქართუს მიერ გაცემული საბანკო გარანტია წარუდგინა. ამ დოკუმენტის თანახმად, ბანკი უპირობო და გამოუთხოვად ვალდებულებას კისრულობს, რომ პირველივე მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც, ჯამში, არ აღემატება ავანსად გაცემული თანხის ოდენობას. საინტერესოა, რომ გარანტის ვალდებულების ზღვარი 2 348 855 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. ვინაიდან შპს „გზა“ თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიაა, აღნიშნული საბანკო გარანტია მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. თუმცა აქ საინტერესო დამთხვევაა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანიის თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ განკარგულება 2023 წლის 5 მაისს გამოსცა ანუ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე შპს „გზა“ აღნიშნულ ტენდერში ჩაერთვებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, საჯარო რეესტრიდან ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიისა და მისი მესაკუთრის მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე შეტანილია გირავნობა/ლიზინგის რეესტრში და კრედიტორად, ყველა შემთხვევაში, სს „ბანკი ქართუ“ ფიქსირდება.

რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება ერთი დოკუმენტიც კი, რომელიც სამუშაოების გადავადების მიზეზს განმარტავდა, ვცადეთ, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი შემსყიდველი ორგანიზაციისგან მოგვეპოვებინა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ პასუხს მოგვწერდა. მას დღის ბოლომდე ველოდებოდით და დაპირება შევახსენეთ კიდეც, თუმცა ჩვენი კითხვა უპასუხოდ დარჩა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ორგანიზაცია ფაქტ-მეტრის კითხვებს არ პასუხობს. საინტერესოა, რომ სამმართველოსთვის ისეთ კომპანიებზე ავანსის გაცემა, რომლებსაც სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც არ დაუწყიათ, ერთგვარ პრაქტიკად იქცა. მაგალითად, პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში ერთ-ერთ ძვირადღირებულ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილე და გამარჯვებულ შპს „ანაგთან“ 78 267 486-ლარიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პერიოდში, როცა ჩვენ სტატია გამოვაქვეყნეთ, კომპანიისთვის ანაზღაურებული იყო მთლიანი ღირებულების 16%, რაც 12 423 567 ლარს შეადგენს. თანხა გადახდილი იყო შვიდ ეტაპად და შვიდივე შემთხვევაში, ავანსის სახით. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნებოდა არც ერთი დოკუმენტი, რომლებიც სამუშაოების შესრულებას დაადასტურებდა. აღნიშნული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. მდგომარეობა უცვლელია. სხვათა შორის, სამმართველომ არც ამ კითხვაზე გვიპასუხა.

პოლიტიკოსის განცხადებით, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მმართველი პარტიის ფინანსური მხარდამჭერია. მართლაც, შპს „გზის“ 100%-იანი წილის მმართველია გიორგი ჭყონია, რომელსაც 2012 წელს პარტიის „საქართველო არ იყიდება“ სასარგებლოდ 60 000 ლარი გადაურიცხავს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ჯამში, 350 000 ლარი „ქართული ოცნებისა“ მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის შეუწირავს. გადარიცხვები განხორციელებულია 2016-2022 წლებში. მმართველი პარტიის მხარდამჭერია კომპანიის დირექტორი მალხაზ დუმბაძეც. ჭყონიას მსგავსად, 2012 წელს პარტიის „საქართველო არ იყიდება“ სასარგებლოდ თანხა მასაც გაუღია - 15 000 ლარის ოდენობით. თუმცა 130 000 ლარი, ასევე 2016-2022 წლებში, „ქართულ ოცნებასა“ და მის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შესწირა.

რაც შეეხება პოლიტიკოსის განცხადების იმ ნაწილს, რომ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ხეები გადაჰქონდა, შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში აჭარიდან არაერთი ხე გადაიტანეს და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროცესში შპს „გზაც“ მონაწილეობდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი