რომან გოცირიძე: 2015 წელს ღარიბაშვილმა რუსებს მუდმივი ბინადრობა გაუმარტივა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: 2023 წლის 11 სექტემბერს „TV პირველის“ ეთერში პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე საუბრისას, რუსეთის მოქალაქეებზე მოქმედი რეგულაციებიც მიმოიხილა. მან არსებული რეჟიმი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ცვლილებებით ღარიბაშვილმა რუსებს მუდმივი ბინადრობის პერმანენტული უფლება მიანიჭა. „აიღო ღარიბაშვილმა და 2015 წელს სპეციალურად ისეთი კანონი შემოიღო, როდესაც რუსეთის მოქალაქე რჩება აქ ერთი წელი, 1 წუთით გადავა სომხეთში ან თურქეთში და შემდეგ ავტომატურად გრძელდება ეს პროცესი და ამან წარმოქმნა მუდმივი ბინადრობის პერმანენტული უფლება “, - განაცხადა დეპუტატმა.

„ფაქტ-მერტმა“ რომან გოცირიძის განცხადება გადაამოწმა:

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, 2014 წლიდან მოქმედებს. ეს კანონი უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. ამ კანონის მე-10 მუხლი უცხოელებისთვის საქართველოს სავიზო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას შეეხება. კანონის თავდაპირველი ვერსიის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე“. მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ იმ 180-დღიან პერიოდში, რომელიც აითვლება საქართველოში მისი პირველად შემოსვლის დღიდან, ხოლო, მე-3 პუნქტის მიხედვით „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით“.

ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, მათ შორის, 2015 წლის 8 მაისს. კანონის ამ რედაქციაში მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალა და ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა: „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადით − სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.

2015 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება №255. აღნიშნული სამართლებრივი აქტი აზუსტებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ადგენს სახელმწიფოთა ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. კერძოდ, უვიზოდ მიმოსვლა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობებით მიმოსვლას გულისხმობს. გამოდის, რომ დადგენილება 255-ში ჩამოთვლილ სახელმწიფოთა მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა. ამ ბრძანებაში 94 სახელმწიფოა ჩამოთვლილი, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა ღარიბაშვილმა იმით გაამართლა, რომ შედეგად რუსი ტურისტების საქართველოში შემოდინება უფრო გამარტივდებოდა, ასევე ადამიანთა შორის კონტაქტების განვითარებას შეუწყობდა ხელს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კანონის დღეს მოქმედი რედაქციით მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ისევ ძალაშია. 2015 წლის 5 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №255-ში კი დღესაც ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ლიმიტს, ანუ გამორიცხავს 180-დღიან პერიოდში 90 დღეზე მეტი ხნით უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, ხოლო მისი მე-3 პუნქტი არ ადგენს ამგვარ შეზღუდვას. გამოდის, რომ 1 წლით საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შემდეგ, პირს შეუძლია, საქართველო დატოვოს და როცა მოესურვება, მაშინ დაბრუნდეს უკან.

კანონი ამგვარ შესაძლებლობას მართლაც იძლევა, თუმცა რომან გოცირიძის განცხადებაში დასაზუსტებელია ის გარემოება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დადგენილება №255-ით ამგვარი უპირატესობით სარგებლობის უფლება, რუსეთის ფედერაციის გარდა, კიდევ 93 სახელმწიფოს მოქალაქეებს მიეცათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან 2015 წლის 5 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილებასაც მან მოაწერა ხელი, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ დადგენილებით - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გარდა, სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებსაც მიეცათ საქართველოს ტერიტორიაზე სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. აღნიშნულის გამო, რომან გოცირიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი