ირაკლი ლექვინაძე: ბოლო პერიოდში ფასები მხოლოდ საწვავზე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ლექვინაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 3%-ია განსაზღვრული. 2019-2022 წლებში ინფლაციის განაკვეთი 4.9%-11.9%-ის ფარგლებში მერყეობდა, 2023 წლის მეორე კვარტლიდან კი კლება დაიწყო (არა ფასებმა, არამედ მისი ზრდის ტემპმა). აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუდმივად იზრდებოდა, მაგრამ 3%-ზე ნაკლებით.

ინფლაცია შეიძლება წინა თვესთან მიმართებითაც გაიზომოს. ზრდის ტემპის კლება ამ შემთხვევაშიც აღინიშნება. მიმდინარე წელს ფასები წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად - 0.8%-ით, იანვარში გაიზარდა.

ინფლაციის საერთო დონის კლების მიუხედავად, ზოგიერთი ჯგუფის პროდუქტზე (საცხოვრებელზე, განათლებაზე) ფასები მაინც 3%-ზე მეტადაა გაზრდილი.

საერთო ჯამში, სექტემბრის ინფლაცია (წლიური) დაბალია - 0.7%. ზომიერია ფასების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებითაც - 0.6%, ძირითად პროდუქტებზე ფასები ან შემცირებულია, ან მცირედითაა გაზრდილი, რის გამოც ირაკლი ლექვინაძის განცხადება შეფასდა როგორც სიმართლე.

ანალიზი: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ 28 სექტემბერს ინფლაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ფასების ზრდა მხოლოდ საწვავზე შეინიშნება: „ამ ეტაპზე, ერთადერთი ფასების ზრდის პროცესი, რაზეც იზრდება, ეს არის საწვავი, რომელსაც შეიძლება გადამდები გავლენის ეფექტი ჰქონდეს სხვადასხვა პროდუქტებზე. ამ ეტაპზე, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით“.

ინფლაციას სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა განსაზღვრავს. სამომხმარებლო კალათა 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს, რაც 12 ჯგუფადაა დაყოფილი. იმის მიხედვით თუ რა ინტენსივობით მოიხმარს ამა თუ იმ პროდუქტს ადამიანი, თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა წონა აქვს მინიჭებული.

ფასები გამუდმებით იცვლება, ძირითადად ზრდის მიმართულებით, რაც თანამედროვე ეკონომიკაში ნორმად ითვლება, პრობლემა დგება მაშინ, როცა ზრდის ტემპი დაგეგმილ მაჩვენებელს აჭარბებს.

საქართველოში მიზნობრივ ინფლაციად 3%-ია მიჩნეული, რომელიც ხშირად ირღვევა. პანდემიამდეც, 2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 4.9%-ს მიაღწია. 2021-2022 წლებში ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს გაუთანაბრდა (2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, თუმცა დეკემბერში ფასების ზრდის ტემპმა 13.9%-ს მიაღწია), 2023 წლის მეორე კვარტლიდან კი კლება დაიწყო. აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუდმივად იზრდებოდა, მაგრამ 3%-ზე ნაკლებით. ინფლაციის დონე შემცირებულია წინა თვესთან შედარებითაც. თვიურად მიმდინარე წელს რამდენჯერმე დეფლაციაც დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: სექტემბრის ინფლაცია 2022 წლის სექტემბერთან შედარებით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უფრო დეტალური ანალიზის მიხედვით, სურსათი წლიურად 0.2%-ითაა გაძვირებული, უალკოჰოლო სასმელები - 2.9%-ით, თამბაქოს ნაწარმი - 5.3%-ით, ალკოჰოლური სასმელები - 6%-ით. შედარებით მეტად, 11.4%-ითაა გაძვირებული ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე, 11.7%-ით - ამბულატორიულ და სამედიცინო მომსახურებაზე, 8.4%-ით - საშუალო განათლებაზე, 27.9%-ით - საფინანსო მომსახურებაზე. ამის საპირისპიროდ ფასები სამედიცინო პროდუქციაზე 14.1%-ითაა შემცირებული, სატელეფონო მოწყობილობებზე - 15.8%-ით, ტურისტულ მოგზაურობაზე - 8%-ით.

რადგან სხვადასხვა პროდუქტსა და პროდუქტთა ჯგუფს ინფლაციის ფორმირებაში სხვადასხვა ხვედრითი წონა გააჩნია, საბოლოო ინფლაცია საშუალო შეწონილი მაჩვენებლით ითვლება და არა საშუალო არითმეტიკულით. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ხვედრითი წონა 32.2%-ია და რადგან ამ ჯგუფში შემავალი პროდუქციის ფასები მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა, მან მთლიან ინფლაციაზეც იქონია გავლენა.

თუ ფასებს წინ თვეს, ანუ ამ შემთხვევაში აგვისტოს შევადარებთ, მაშინ ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაბალი - 0.6% იქნება. ზრდის ტემპი მაღალი არც წინა თვეებში ყოფილა, ყველაზე მაღალი თვიური ინფლაცია - 0.8%, იანვარში დაფიქსირდა. იმის გამო, რომ იანვარ-სექტემბერში რამდენჯერმე დეფლაციაც დაფიქსირდა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი უცვლელად შენარჩუნდა. ეს არ ნიშნავს, რომ ფასები არაფერზე გაზრდილა, უცვლელად შენარჩუნდა ფასების საერთო დონე, ანუ ცალკეულ პროდუქციაზე ფასების კლებამ ცალკეულ პროდუქციაზე ფასების ზრდა დააბალანსა.

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მკვეთრი ზრდა ორ ჯგუფში ფიქსირდება, ტრანსპორტში - 2.6%, რაც თვიურ ჭრილში მაღალია და განათლებაში - 5.5%.

გრაფიკი 2: 2023 წლის სექტემბრის ინფლაცია აგვისტოსთან შედარებით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ტრანსპორტის ჯგუფში ზრდა საწვავის გაძვირებას უკავშირდება. სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, დიზელის ფასი საშუალოდ - 5.9%-ით, ხოლო ბენზინის ფასი 7.6%-ით გაიზარდა.

საქართველო საწვავით 100%-ით იმპორტდამოკიდებულია. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთი აზერბაიჯანთან, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად რიგით მომწოდებლად ითვლებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი მისი წილი დრამატულად გაიზარდა. მიზეზი სანქციები გახდა. რუსეთმა ფასდათმობის პოლიტიკა აირჩია. შედეგად, ქართველი იმპორტიორებისთვის იაფი რუსული საწვავი უფრო მომგებიანი გახდა.

ბოლო თვეებში ნავთობის საერთაშორისო ფასი გაიზარდა, საწვავის ფასი პლატსზე დგინდება, მაგრამ თავად პლატსის ფასს ნედლი ნავთობის ფასი განსაზღვრავს. საერთაშორისო ფასის პარალელურად, რუსული ნავთობიც გაძვირდა , რასაც ბოლოს ის ფაქტიც დაემატა, რომ რუსეთმა სექტემბერში ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა.

საწვავის ფასი გავლენას მგზავრობისა და ტრანსპორტირების ღირებულებაზეც ახდენს, შესაბამისად, თუ ზრდა გაგრძელდა, ინფლაციის დაჩქარების რისკიც გაიზრდება.

საერთო ჯამში, სექტემბრის ინფლაცია (წლიური) დაბალია - 0.7%. ზომიერია ფასების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებითაც - 0.6%, ძირითად პროდუქტებზე ფასები ან შემცირებულია, ან მცირედითაა გაზრდილი, რის გამოც ირაკლი ლექვინაძის განცხადება შეფასდა როგორც სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი