ლევან დავითაშვილი: ნავთობისა და გაზის მოპოვება ბოლო წლებში გაორმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი

2022 წელს საქართველოში 39 ათასი ტონა ნავთობი იქნა მოპოვებული, რაც ბოლო პერიოდის მინიმალურ მაჩვენებელთან (27 ათასი ტონა 2017 წელს) შედარებითაც კი არ არის გაორმაგებული (39%-ით აღემატება), უფრო ადრეულ წლებთან მიმართებით კი საერთოდ შემცირებულია. მაგალითად, 2022 წლის მონაცემი 2013 წლის მაჩვენებელს 23%-ით ჩამორჩება, ხოლო 2009-2015 წლებში ყველა ცალკეული წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. შესაბამისად, მტკიცების ნაწილი, სადაც ნავთობის მოპოვების გაორმაგებაზეა საუბარი, რეალობას არ შეესაბამება. ამავდროულად, მოპოვებული ნავთობის ჯამური მაჩვენებელი უმნიშვნელოა და მისი ცვლილების ტენდენციაზე საუბარი შინაარსს არის მოკლებული.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზს, სასაქონლო ბუნებრივი აირის მოპოვებამ 2009-2022 წლების მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია და 16 მლნ კუბურ მეტრი შეადგინა. 2022 წელს მოპოვება 14 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა, 2009-2020 წლებში კი 5-11 მლნ კუბური მეტრის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განცხადება მეტ-ნაკლებად სწორად აღწერს ტენდენციას, თუმცა ბუნებრივი აირის შემთხვევაშიც მიზერულ მაჩვენებლებზეა საუბარი და მისი ცვლილების განხილვა ასევე მოკლებულია შინაარსს.

მშრალ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ლევან დავითაშვილის განცხადება მცდარია ნავთობის ნაწილში და მხოლოდ სიმართლის ელემენტებს შეიცავს ბუნებრივი აირის ნაწილში, თუმცა ორივე შემთხვევაში უგულებელყოფილია ფაქტი, რომ მოპოვების მასშტაბი უმნიშვნელოა. კერძოდ, საქართველო წლიურად 1.4 მლნ ტონა ნავთობს მოიხმარს. ადგილობრივი მოპოვება მოთხოვნის 3%-ზე ნაკლებია და ისიც იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვების შემთხვევაში ნედლ ნავთობზეა საუბარი. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა კი 2.5 მლრდ კუბურ მეტრზე მეტია. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი მოპოვება მოთხოვნის 1%-საც კი ვერ აკმაყოფილებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

4 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა (27-ე წამიდან): „ნავთობის მოპოვება გაორმაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო წელს. ასევე 111 %-ით გაზის მოპოვება გაიზარდა“.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 39 ათასი ტონა ნავთობი იქნა მოპოვებული, რაც 2021 წელთან შედარებით 11%-ით, 2020 წელთან შედარებით კი 30%-ით მეტია. 2009-2022 წლებში საქართველოში ყველაზე მცირე ოდენობით, 28 ათასი ტონა ნავთობი - 2017 წელს მოიპოვეს. ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ 2022 წლის მონაცემი 2017 წელსაც, ანუ ბოლო წლების ყველაზე მცირე მონაცემს, რომ შევადაროთ, ზრდის ტემპი 39% იქნება, რაც 2.5-ჯერ ნაკლებია დასახელებულ ზრდის ტემპთან შედარებით. ამავდროულად, ის ჩამორჩება 2009-2015 წლების პერიოდისთვის ნებისმიერი ცალკე აღებული წლის მაჩვენებელს.

გრაფიკი 1: საქართველოში მოპოვებული ნედლი ნავთობი (ათასი ტონა)

წყარო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად 39%-იანი ზრდაც არაა მცირე, 2022 წლის მაჩვენებელი, 2009-2015 მოპოვების დონეს მაინც ვერ გაუთანაბრდა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს ნავთობის მოხმარებამ 2021 წელს 1.4 მლნ ტონა შეადგინა, გამოდის რომ ადგილობრივი მოპოვება მოხმარების მხოლოდ 2.8%-ია. თუმცა აქ მეორე პრობლემაცაა, გადამუშავების გარეშე, ნედლი ნავთობი არ მოიხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო, მცირე ოდენობით მოპოვებული ნავთობიც, ნედლეულის სახით მთლიანად ექსპორტზე გადის. ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი, მაზუთი და სხვა საბოლოო ნავთობპროდუქტები 100%-ით იმპორტირებულია.

მდგომარეობა თითქმის იგივეა ბუნებრივ გაზთან მიმართებითაც. 2021-2022 წლებში 2016-2017 წლებთან შედარებით მოპოვება გაორმაგებულია, მაგრამ 2022-ში, 2021-თან შედარებით, მცირე კლება მაინც ფიქსირდება. მთავარი პრობლემა კი ამ შემთხვევაშიც წილობრივი მაჩვენებელია. ზოგადი ზრდის დინამიკის მიუხედავად, ადგილობრივი მოპოვება მოთხოვნის 1%-საც ვერ აკმაყოფილებს.

გრაფიკი 2: საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი გაზი (მლნ კუბური მეტრი)

წყარო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

საქსტატის ცნობით, 2021 წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2.8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია, შესაბამისად, ადგილობრივმა მოპოვებამ მოთხოვნის მხოლოდ 0.6% დააკმაყოფილა, დარჩენილი 99.4%-ით ქვეყანა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოვიდა.

ნავთობისგან განსხვავებით, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული ბუნებრივი გაზის მოცულობა 2013 წლიდან მოყოლებული სტაბილურად იზრდება. თუ 2012 წელს სამხრეთ კავკასიის, იმავე შაჰ-დენიზის გაზსადენმა 3.2 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაატარა, 2022 წელს ტრანზიტის მოცულობა 6-ჯერ 19.8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, საიდანაც 5%-ს საქართველო განსაკუთრებული ფასდაკლებით ყიდულობს. რეალურად, შაჰ-დენიზიდან შესყიდვა უფრო მეტია (2022 წლის ბალანსში შაჰ-დენიზის გაზის წილი 1155 მლნ კუბური მეტრი იყო ტრანზიტზე გატარებული 19.8 მლრდ კუბური მეტრიდან ანუ 5.8%). 2020 წელს ბუნებრივი გაზის ბალანსში შაჰ-დენიზის წილი 34%-ს შეადგენდა, 2022 წელს 42%-ს, 2023 წლის საპროგნოზო ბალანსში 45%-ს. ბოლო პერიოდში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში ბუნებრივ გაზზე შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნება ტრანზიტის დამსახურებით მოხერხდა და არა ადგილობრივი მოპოვების გზით.

ბოლო წლებში „ახალი საბადოს აღმოჩენის“ შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. რეალურად, არაფერი შეცვლილა, მოპოვება კვლავ მინიმალურ მაჩვენებელზეა, მოხმარება კი იზრდება. როგორც ნავთობის, ასევე გაზის მოპოვება ცვალებადია, ზრდას კლება მოსდევს და პირიქით, მოხმარების ზრდის ტემპი კი უფრო სტაბილურობით ხასიათდება.

ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრის განცხადება მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი, ნავთობის შემთხვევაში კი მცდარია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამახინჯებულია კონტექსტი - „გაორმაგებაც“ და „111%-იანი ზრდაც“ მასშტაბური ზრდის შთაბეჭდილებას ქმნის, მაშინ როცა მოხმარების სტრუქტურაში მსგავს ზრდებს არსებითი ცვლილება არ მოუხდენია, არ შემცირებულა ტარიფები, არ შემცირებულა სხვა სახელმწიფოებზე ენერგოდამოკიდებულება და არც მოპოვებიდან მიღებული შემოსავლები გამხდარა არსებითი მნიშვნელობის მატარებელი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია