სალომე სამადაშვილი: რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, 7-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების, მიგრანტების, რეგისტრირებული რუსული კომპანიების, რუსეთის მოქალაქეების მიერ შესყიდული უძრავი ქონების რაოდენობა გაიზარდა. გაზრდილია ორ ქვეყანას შორის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება დღეს, უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უფრო მაღალი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით - უმეტეს შემთხვევაში, კლების ტენდენცია გამოვლინდა.

რაც შეეხება საკუთრივ ინვესტიციებს, ეს პარამეტრი დამოკიდებულების ზრდის შესაფასებლად არ გამოდგება. მართალია, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 7-ჯერ მეტის - 56 მლნ დოლარის, მაგრამ აღნიშნული ნახტომისებური ზრდის ეფექტი საბაზისო პერიოდმა წარმოაჩინა.

2022 წლის პირველ ნახევარში, რუსული ინვესტიციების მოცულობა თითქმის მინიმალურ დონემდე შემცირდა და მისი წილი მთელს ინვესტიციებში 1%-ს გაუთანაბრდა. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთის წილი ინვესტიციებში 5%-ს შეადგენს, რაც მისი „ბუნებრივ დონესთან“ ახლოსაა. ცალკეულ შემთხვევებში მატება და კლება ადრეც დაფიქსირებულა, 2012, 2013 და 2016 წლების პირველ ორ კვარტალში რუსული ინვესტიციების წილი 2% ან უფრო ნაკლები იყო, თუმცა 2014 წლის პირველ ნახევარში მან 9%-ს, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივნისში 12%-ს მიაღწია.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა დეპუტატის მიერ მოყვანილი მაგალითით წარმოჩენილზე გაცილებით დაბალია. ამავდროულად, თავად მოყვანილი მაგალითიც ინვესტიციების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას არ ასახავს და რუსეთიდან ინვესტიციების ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს.აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: 4 ოქტომბერს, პარლამენტში დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილისადმი დასმულ კითხვაში რუსეთიდან ინვესტიციების ზრდაზე ისაუბრა: (1:31-დან) „7-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მთელი მსოფლიო, ყოველ შემთხვევაში - თავისუფალი სამყარო ცდილობს, რომ რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდეს, თქვენ [მთავრობა] რატომ აბამთ ამ ქვეყნის ეკონომიკას რუსეთს?“

ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და საგარეო ვაჭრობისგან განსხვავებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთის წილი 2003 წლის შემდეგ, წლიურად ორნიშნა არასდროს ყოფილა. სულ 2001 წლიდან 2023 წლის ივლისამდე, რუსეთიდან საქართველოში 1.1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 4%-ს შეადგენს. დაახლოებით იმავე სურათს მივიღებთ, თუ შედარებას მხოლოდ იანვარ-ივნისის პერიოდით გავაკეთებთ.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იანვარ-ივნისი (მლნ. აშშ. დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირველ ორ კვარტალში წილობრივად რუსეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა, 2011 წლიდან დღემდე, მაქსიმალურ 12%-იან მაჩვენებელს 2021 წელს მიაღწია, თანხობრივად 2021 და 2023 წლებში - 55-56 მლნ-ს. განსახილველ პერიოდში, 13-დან 10 შემთხვევაში, მათ შორის 2023 წლის პირველ ნახევარში, რუსეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 5% ან უფრო ნაკლებია.

2023 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ინვესტიციები მართლაც 7-ჯერ გაიზარდა, თუმცა გასათვალისწინებელია საბაზისო პერიოდი და ის ფაქტი, რომ გასული წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ნახტომისებური ზრდის ეფექტიც ამ სტატისტიკურ მაჩვენებელს უკავშირდება.

სექტორულად 56 მლნ-დან თითქმის ნახევარი - 27 მლნ დოლარი, საფინანსო და სადაზღვევო სფეროში გადამისამართდა, 18 მლნ დოლარი - უძრავი ქონების სფეროში, 7 მლნ დოლარი - საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 4 მლნ დოლარი - ვაჭრობაში.

სალომე სამადაშვილმა რუსეთიდან ინვესტიციების ზრდა, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის არგუმენტად დაასახელა. 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია სხვა პარამეტრებიც, ოღონდ 2023 წელზე მეტად 2022 წელს. თუ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა რუსეთთან მთლიანი ბრუნვის 11.7%-ს შეადგენდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 12.4%-მდე გაიზარდა, 2023 წელს კი 12%-მდე შემცირდა.

2019 წლის მეორე კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში რუსეთის მოქალაქეების წილი 31%-ს შეადგენდა, 2022 წელს - 20%-ს და 2023 წელს - 21%-ს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 38.4% 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებოდა საქართველოში და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, მათ მიერ დახარჯული თანხები ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში აღარ აღირიცხა.

ყველაზე დიდი ზრდა ფულად გზავნილებში დაფიქსირდა. 2021 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიანი გზავნილების 18%-ს შეადგენდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 44%-მდე გაიზარდა, 2023 წელს კი 38%-მდე შემცირდა, მათ შორის აგვისტოში - 21%-მდე.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიათა და რუსეთის მოქალაქეების მიერ შესყიდულ უძრავ ქონებათა რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა.

მთლიანობაში, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია, მაგრამ უფრო დიდი ზრდა ომის დაწყების პირველ თვეებში აღინიშნებოდა. რაც შეეხება უშუალოდ სალომე სამადაშვილის მიერ დასახელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, იქ 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით თანხობრივად მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება - 55 მლნ-დან 56 მლნ დოლარამდე, წილობრივად კი პირიქით - 12%-დან 5%-მდეა შემცირებული. 2022 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით, თანხობრივად ინვესტიციები მართლაც 7-ჯერ გაიზარდა - 8-დან 56 მლნ დოლარამდე, მაგრამ ეს ზრდა საბაზისო ეფექტმა წარმოაჩინა, გასული წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ინვესტიციები - როგორც თანხობრივად, ასევე წილობრივად (მთლიანი ინვესტიციების 1%) თითქმის მინიმალურ მაჩვენებლამდე იყო შემცირებული. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის წილი ინვესტიციებში 5%-ს გაუტოლდა, რაც ომამდელი პერიოდის საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა .

რიცხობრივად სწორად დასახელებული მონაცემისა და სტატისტიკის ნაწილობრივ არასწორად ინტერპრეტირების გათვალისწინებით, სალომე სამადაშვილის განცხადება შეფასდა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი