მიშა ბოლქვაძე:[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს] არ აქვს ურნები და არ ჰყავს ავტომობილები, რომ გაიტანოს სოფლებიდან, დასახლებებიდან ნაგავი. ამავდროულად, დამატებით შეიძინეს ავტომობილები, ცხრა ერთეულზეა საუბარი, რაშიც ხელვაჩაურელების ბიუჯეტიდან გადაიხადეს ნახევარი მილიონი [ლარი].

ვერდიქტი: მიშა ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს ცხრა ახალი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს, ჯამში, 438 896 ლარი დაუჯდა. მერიამ ხუთი ერთეული Renault Duster-ი „ფრანს ავტოსგან“ კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე შეისყიდა, ხოლო ოთხი ახალი FIAT TIPO 1.6-ს შესყიდვაზე ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „სტრადა მოტორსთან“ გააფორმა. ორივე მიმწოდებელს თანხა სრულად გადაერიცხა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მერიის ბალანსზე ოცდარვა მსუბუქი ავტომობილი ირიცხება, აქედან ორი მას აჭარის ა/რ მთავრობამ უსასყიდლოდ სარგებლობისთვის 2022 და 2023 წლებში გადასცა. რვა ახალი ავტომობილით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერი და მათი მოადგილეები გადაადგილდებიან.

ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიშა ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა: „[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს] არ აქვს ურნები და არ ჰყავს ავტომობილები, რომ გაიტანოს სოფლებიდან, დასახლებებიდან ნაგავი. ამავდროულად, დამატებით შეიძინეს ავტომობილები, ცხრა ერთეულზეა საუბარი, რაშიც ხელვაჩაურელების ბიუჯეტიდან გადაიხადეს ნახევარი მილიონი [ლარი].“

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადების პირველი ნაწილი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და შესაბამისი ტექნიკის უქონლობას შეეხებოდა, „ფაქტ-მეტრმა“ უკვე გადაამოწმა (იხილეთ სტატია).

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცხრა ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვას, ინფორმაცია ღია წყაროებშიც იძებნება. ამასთანავე, 2023 წლის იანვარში ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელშიც დეტალურად ვისაუბრეთ, რომელმა სახელმწიფო უწყებამ და მუნიციპალიტეტმა რამდენი ახალი ავტომობილის შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულებები 2022 წლის ბოლოს. საუბარია 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მეორე და მესამე კლასის 400-მდე მსუბუქ ავტომობილზე, რომლებიც 2022-2023 წლებში უნდა იყოს გამოშვებული. ყველა შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში განხორციელდა. ამ ჩამონათვალში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი ხუთი ახალი Renault Duster-იც მოხვდა. შემსყიდველმა „ფრანს ავტოსთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 29 დეკემბერს გააფორმა და მიმწოდებელს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, 270 000 ლარი გადაუხადა. დანართი 1

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს კი მერიამ, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ხელშეკრულება შპს „სტრადა მოტორსთან“ გააფორმა და ოთხი ახალი FIAT TIPO 1.6 შეიძინა. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 168 896 ლარია გადახდილი.

ჯამში, 2023 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო საშუალებებს ცხრა ახალი ავტომობილი შეემატა, რომელთა შესყიდვაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს 438 896 ლარი დაუჯდა.

„ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ, არსებული მდგომარეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკში ოცდარვა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. აქედან ათი ავტომობილის შესყიდვის თარიღად 2023 წელია მითითებული. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ივნისში ერთი ავტომობილი - KIA SELTOS-ი - მერიას აჭარის ა/რ მთავრობამ უსასყიდლოდ სარგებლობისთვის გადასცა. ქონების საწყისი ფასი 65 000 ლარი იყო, თუმცა გადაცემის დროს სატრანსპორტო საშუალებაზე დარიცხული აკუმულირებული ცვეთა 8 125 ლარს შეადგენდა. დანართი 2 2022 წლის ივლისში აჭარის მთავრობისგან მერიამ ასევე უსასყიდლოდ მიიღო 2011 წელს გამოშვებული HYUNDAI SANTAFE, რომლის საბალანსო ღირებულებაც 21 464 ლარი იყო, ხოლო დარიცხული აკუმულირებული ცვეთა - 4 249 ლარი. დანართი 3

ცხრილი 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოქმედი ავტომობილები 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით

ავტომობილი

შესყიდვის წელი

ღირებულება შეძენის დროს

ვინ სარგებლობს

ავტომანქანა KIA SELTOS", CV -902-GG გადმოცემული აჭარის ავტონომიური LL 011 PL რესპ.მთავრობის მიერ

6/22/2023

65000.00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე

ავტომანქანა-HyuNDAI SANTAE E 'XV -011-VX" გადმოცემული აჭარის ავტონომიური რესპ.მთავრობის მიერ

7/25/2022

21464.00

საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე

FIAT TIRO- II045-KI -

8/16/2023

42224.00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე

FIAT TIPO- II 046-KI -

8/16/2023

42224.00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე

FIAT TIPO- II 048-KI

8/16/2023

42224.00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძე

FIAT TIPO- II 047-KI -

8/16/2023

42224.00

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მინდია დიასამიძე

RENRUL T Duster მაღალი განმავლობის

6/27/2023

54000.00

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე

RENRUL T Duster მაღალი განმავლობის

6/27/2023

54000.00

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე

RENRUL T Duster მაღალი განმავლობის

6/27/2023

54000.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართელო

RENRUL T Duster მაღალი განმავლობის

6/27/2023

54000.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართელო

RENRUL T Duster მაღალი განმავლობის

6/27/2023

54000.00

ა(ა) იპ ხელვაჩაურის სასაფლაოები

ავტომანქანა "MITSUBISHI L"200"

2020

58243.00

ხელვაჩაურის მერია - სახედრო სამსახური

ავტომანქანა "MITSUBISHI L"200"

2020

58243.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართელო დროებით სარგებლობაში

ავტომანქანა "MITSUBISHI L"200"

2020

58243.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართელო დროებით სარგებლობაში

FORD TRANZIT WFOHXXGBVHXT82821 sax # RB238RB

2016

13400.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურბის სამსახური

პიკაპი

TOYOTA HILUX

2012

44500.00

შპს ხელვაჩაურის წყალი

pajero io jipiViV104VV საკრებულო

2011

47400.00

ხელვაჩაურის მერია

Hyundai X-35 VB107vvW

2011

44500.00

ხელვაჩაურის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური

BMW 479 BMV

1991

8300.00

ხელვაჩაურის მერია

მიკროავტობუსი Vb092vv

2010

15000.00

ხელვაჩაურის მერია - სამხედრო სამსახური

MITSUBISHI PAJERO IO მაღალი გამავლობის

2011

18000.00

ხელვაჩაურის მერია

MITSUBISHI PAJERO IO მაღალი გამავლობის

2011

18000.00

ხელვაჩაურის მერია

MITSUBISHI PAJERO IO მაღალი გამავლობის

2011

18000.00

ხელვაჩაურის მერია

MITSUBISHI PAJERO IO მაღალი გამავლობის

2011

18000.00

ხელვაჩაურის მერია

პიკაპი MITSUBISHI L 200

2008

30436.00

შპს ხელვაჩაურის წყალი

HYUNDAI TUCSON 02 ტ

2006

48500.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო

მიკროავტობუსი ვაგონური

2005

12700.00

ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური

ავტომანქანა ნივა BAM 468

1993

3500.00

ხელვაჩაურის მერია - მაჭახლის მუზეუმი

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 4

როგორც ვხედავთ, ათი ახალი ავტომობილიდან, რვა ავტომობილით მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები გადაადგილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ მაღალი გამავლობის ახალი სატრანსპორტო საშუალებები შეიძინა, მაჭახლის მუზეუმი მაინც 1993 წელს გამოშვებული რუსული წარმოების „ნივით“ სარგებლობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი