ანტივაქსერი თინა თოფურია სოციალურ ქსელში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. „ინგლისში 2020 წელს დაფიქსირდა საგანგაშო სტატისტიკა. საშვილოსნოს ყელის კიბო 56% ით გაიზარდა ახალგაზრდა ქალებში. რასთან იყო ეს კავშირში? პაპილომა ვირუსის შხამქცინასთან!“, - ვკითხულობთ პოსტში. გავრცელებულ დეზინფორმაციაში, ასევე ხაზგასმულია რომ, HPV ფერტილურობაზე [ნაყოფიერებაზე] უარყოფითად მოქმედებს.

BBC-ის ინფორმაციით, 2021 წელს გამოქვეყნებული რეალური მონაცემების თანახმად, ადამიანის პაპილომავირუსის, ანუ HPV ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს თითქმის 90%-ით ამცირებს. დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ორგანიზაციის (Cancer Research UK) შეფასებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინას ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მეცნიერების ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესობა გამოწვეულია პაპილომა ვირუსით და ვაქცინის დახმარებით, დაავადების აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ინგლისში გოგონებისთვის ვაქცინა 2008 წელს შემოიღეს. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Lancet-ში, ვაქცინაციის შედეგებს ასახავდა. კვლევამ აჩვენა, რომ ინგლისში HPV იმუნიზაციის პროგრამის დანერგვის შემდეგ, ახალგაზრდა ქალებში კიბოსწინარე წარმონაქმნები და საშვილოსნოს ყელის კიბო მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო იმ ქალებში, ვინც 12-13 წლის ასაკში აიცრა. აღნიშნულ ჯგუფში, არავაქცინირებულ ჯგუფთან შედარებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირე 87%-ით შემცირდა.

2020 წელს, დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითმა ორგანიზაციამ (Cancer Research UK) გაავრცელა ინფორმაცია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი იკლებდა, რაც განპირობებული იყო სკრინიგის დაბალი დონით. Cancer Research UK-ის ცნობით, ბოლო ათწლეულში 25-დან 29 წლამდე ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს მკვეთრი მატება (54%-იანი) ფიქსირდებოდა. მიზეზად კი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში ქალების დაბალ ჩართულობას ასახელებდა. როგორც ვხედავთ, ამ კონკრეტული მონაცემს ვაქცინაციასთან კავშირში არ არის. პირიქით, ამავე ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ HPV ვაქცინირებულებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირე მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება ვაქცინაციის გლობალურ შედეგებს, 2019 წელს Lancet-ში HPV ვაქცინაციის შემაჯამებელი მეტა-ანალიზი გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციას 5 წელზე მეტია იყენებენ, თინეიჯერ გოგონებში პაპილომა ვირუსის გავრცელება - 83%-ით, ხოლო 20-24 წლის ქალებში 66%-ით შემცირდა.

თინა თოფურიას მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაშია, ასევე არის მტკიცება, თითქოს HPV ვაქცინა ფერტილურობის [ნაყოფიერების] პრობლემებს იწვევს. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ HPV-ის ვაქცინები ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდეს. ჯანმო–ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტმა შეისწავლა კავშირი უშვილობასა და პაპილომა ვირუსის ვაქცინას შორის და დაასკვნა, რომ არსებული მონაცემებით, HPV ვაქცინაციასა და უშვილობას შორის კავშირი არ არსებობს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერების პრობლემებს არ იწვევს. მეტიც, პაპილომა ვირუსის ვაქცინა ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, რაც მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება. აპვ ვაქცინით აუცრელობა კი ადამიანს კიბოსა და კიბოსწინარე სიმსივნეების რისკის ქვეშ აყენებს.

ამრიგად, Cancer Research UK -ის 2020 წლის მონაცემებით, გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაში (25-29 წელი) კიბოს შემთხვევების მატება მართლაც დაფიქსირდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში ქალების დაბალ ჩართულობით იყო განპირობებული და მას ვაქცინაციასთან კავშირი არ ჰქონია. 2021 წელს, Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინგლისში HPV იმუნიზაციის პროგრამის დანერგვის შემდეგ, ახალგაზრდა ქალებში კიბოსწინარე წარმონაქმნები და საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირე მკვეთრად შემცირდა.

შესაბამისად, მტკიცება, თითქოს HPV ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკებს ზრდის, არის ყალბი ამბავი. მტკიცება, თითქოს HPV ვაქცინები ნაყოფიერების პრობლემას იწვევს, ასევე ყალბია.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი