ირაკლი ღარიბაშვილი: კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიდეზინფორმაციაა, რომ ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და გამოწვევებია კანონის უზენაესობის მხრივ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ ყოველწლიურად აფასებს სახელმწიფოებში კანონის უზენაესობის მდგომარეობას და შესაბამისად, კანონის უზენაესობის ინდექსს ადგენს. 2023 წლის მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უსწრებს, თუმცა საქართველოს 2015 წლიდან დღემდე, ყოველ წელს, ამ სახელმწიფოებზე უკეთესი შედეგი აქვს. საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2-2 წევრ სახელმწიფოს.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 2015-2016 წლების შემდეგ საქართველოს ინდექსი ყოველწლიურად მცირდება. შედეგად, საქართველოსთვის მინიჭებული კანონის უზენაესობის ინდექსის კოეფიციენტი 0.65 ქულიდან 0.60-მდეა შემცირებული.

პრემიერი რეგიონში საქართველოს პირველ ადგილზე უკონტექსტოდ აპელირებს და არ ხსნის, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს რეგრესი აქვს. ამასთანავე, ამავე რეიტინგზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემა მოწესრიგებულია და პრობლემები არ არსებობს. რეალურად, ქართულ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე არაერთი ანგარიში, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს (სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად მცდარია.

ანალიზი:

2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის“ გახსნას დაესწრო, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია. პრემიერმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას კი, იგი საქართველოში კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას შეეხო. „გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში, წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს. ასე რომ, ესეც არის პასუხი იმ დიდხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტიქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში და ა.შ. აი ეს კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ... . ჩვენი ქვეყანა არის მართლაც მოწინავე, ყველა პარამეტრით და რა თქმა უნდა მე მიხარია და მახარებს ეს აღიარება, რომელიც არ არის ჩვენ მიერ შედგენილი და გაკეთებული, ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.[1]

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადაამოწმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) „კანონის უზენაესობის ინდექსს“ ყოველწლიურად წარმოადგენს. აღნიშნული ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია - 1) ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, 2) კორუფციის არარსებობა, 3) მთავრობის ღიაობა, 4) ძირითადი უფლებები, 5) წესრიგი და უსაფრთხოება, 6) რეგულაციების აღსრულება, 7) სამოქალაქო სამართლებრივი მართლმსაჯულება, 8) სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება. ეს კომპონენტები ცალ-ცალკე ფასდება და საერთო ინდექსი სწორედ მათ საფუძველზე დგება. კანონის უზენაესობის ინდექსი 0-დან 1-მდე მერყეობს, სადაც 0 ქულა სახელმწიფოში კანონის უზენაესობის კუთხით უკიდურესად უარყოფით მდგომარეობას აღნიშნავს, ხოლო 1 ქულა - იდეალურს.

დღეის მდგომარეობით, კანონის უზენაესობის საერთო ინდექსში საქართველო 142 სახელმწიფოს შორის 0.60 ქულით 48-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული ინდექსი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მაღალი ინდექსი (0.65) საქართველოს სწორედ 2015 წელს ჰქონდა და რიგით 29-ე სახელმწიფო იყო. საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა ასევე 0.65 ქულით ფასდებოდა 2016 წელს, თუმცა ვინაიდან სხვა სახელმწიფოებმა გააუმჯობესეს შედეგები, საქართველომ 29-ე ადგილიდან 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ შედეგების შემდგომ საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის კოეფიციენტის კუთხითაც უკუსვლა დაიწყო და 2017-2018 წლებში 38-ე ადგილზე (0.61 ქულით) გადაინაცვლა, ხოლო 2019 წელს - 41-ე (0.61 ქულით) ადგილზე. 2020 წელს კიდევ შეინიშნა რეგრესი, რადგან საქართველოს 0.60 ქულა მიენიჭა და 42-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მიუხედავად 2021 წელს მცირე პროგრესისა (0.61 ქულა) ქართულმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო კონკურენციას და სიაში 49-ე ადგილზე დაქვეითდა. რაც შეეხება ბოლო ორ წელს, 2022-ში კვლავ 0.60 ქულამდე შემცირდა ინდექსი, თუმცა საქართველომ 49-ე ადგილზე დარჩა.

ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2015-2023 წლებში

წინა წელთან შედარებით, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსში ერთი ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 48-ე ადგილზეა, რაც იმის შედეგია, რომ სხვა სახელმწიფოებმა კანონის უზენაესობის კუთხით მდგომარეობა გააუარესეს და ამის გამო წინა წლის 0.60 ქულა 49-დან 48-ე ადგილზე გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში, წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს“, საქართველო 2023 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს მართლაც უსწრებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფო ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა ამ სახელმწიფოთა შორის. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო მართლაც უსწრებს NATO-ს (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო EU-ს (ევროკავშირის) წევრ ბულგარეთსა და უნგრეთს.

მიუხედავად ერთი შეხედვით დადებითი შედეგებისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ქართული სახელმწიფო კანონის უზენაესობის ინდექსის კუთხით 2015-2016 წლების შემდეგ რეგრესის გზას ადგას, რადგან ინდექსი ეტაპობრივად მცირდება, რაც უარყოფითი ტენდენციის მაჩვენებელია.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელს უსაფუძვლოდ ეყრდნობა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით პრობლემების არარსებობაზე საუბრობს. როგორც ცნობილია, აღნიშნული საკითხი ვენეციის კომისიამ ახლახან შეაფასა. კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ეჭვები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არაფორმალური გავლენის არხებისა და კლანური სისტემით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. ამას გარდა კომისია ხაზს უსვამს სხვა პრობლემებსაც, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას, მისი არამოსამართლე წევრების არჩევას, გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, წევრთა ეტაპობრივ არჩევას, ასევე მოსამართლეთა მივლინებისა და გადაყვანის, მოსამართლეთა ჩამოცილების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. კომისიის პოზიციით, გარკვეული წინსვლა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით არის, თუმცა ამ მხრივ ძირითადი სამუშაოები კვლავ ჩასატარებელია.

საბოლოო ჯამში, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში სიმართლეს მხოლოდ და მხოლოდ ის შეესაბამება, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2-2 წევრს. ამის მიუხედავად, იგი არ აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს ყოველწლიური რეგრესი აქვს. იგი ასევე კანონის უზენაესობის ინდექსის საფუძველზე ასკვნის, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არანაირი პრობლემა არ აქვს, რის საპირისპიროსაც, როგორც აღვნიშნეთ, არაერთი ანგარიში ადასტურებს. ამგვარად, პრემიერი ინფორმაციის არასრულყოფილი გავრცელებით ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ბოლო წლების რეალური უარყოფითი ტენდენცია დადებითად წარმოაჩინოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი