სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში სიდონია კავკასიელი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ფოტოებს ავრცელებს, წარწერით, „ყველაფერზე წამსვლელი“. რეალურად, ეკლესიის ფონზე წარმოდგენილი ფოტოები ნამდვილი არ არის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული.

პოსტში გამოქვეყნებული ფოტოები თავდაპირველად Arakelyan Arthur-ის Facebook პროფილზე გავრცელდა, წარწერით „ეკლესიის ბრძოლა ჰელოუინის წინააღმდეგ“. ავტორი პოსტის აღწერაშივე უთითებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა dalle3 და bingimagecreator.

დამატებით, ინფორმაციის გადამოწმებისთვის „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ გვერდს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ გავრცელებული ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და მას ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოებს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ფონზე მყოფი ბავშვების სახეები არაბუნებრივად გამოიყურება. ხელოვნურ ინტელექტს ასევე უჭირს ხელების გენერირება, ზოგჯერ თითები ზედმეტია, ზოგჯერ ნაკლები, ზოგჯერ კი ერთმანეთშია შერწყმული:

პოსტის ავტორს კომენტარებში უთითებს, რომ გენერირებული ფოტოები პროგრამით Bing Image Creator (Dall.e-3) აქვს შექმნილი:

Arakelyan Arthur Facebook-ის აღწერაში წერს, რომ ის „მიმების“ შექმნითაა დაკავებული. შესაბამისად მის გვერდზე ე.წ. ინტერნეტ-მიმებს და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოებს ხშირად ვხვდებით.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ ჰელოუინთან დაკავშირებით 25 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან“.

ჰელოუინი (All Hallows’ Evening - ყველა წმინდანთა დღე) 31 ოქტომბერს აღინიშნება, დასავლურ ქრისტიანულ საეკლესიო დღესასწაულ „ყველა წმინდანთა დღის“ წინა ღამეს. დღესასწაულის წარმომავლობა სადავოა და მის ფორმირებაში მონაწილეობდნენ როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული ტრადიციები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ჰელოუინი სათავეს იღებს კელტურ ფესტივალ სამაინიდან (Samhain - კელტური ახალი წელი, აღინიშნება 31 ოქტომბერს), რომელიც ზაფხულისა და მოსავლის აღების სეზონის დასასრულს ნიშნავს. კელტებს სწამდათ, რომ სამაინის დღესასწაულზე ჩვენსა და მიღმიერ სამყაროს შორის არსებული კედლები თხელდებოდა, რაც სულებს დაბრუნებისა და მოსავლისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას აძლევდა. სწორედ ამიტომ, მაგიდებთან განკუთვნილი იყო სპეციალური ადგილები სულებისათვის, სთავაზობდნენ საჭმელსა და სასმელს, ასევე ანთებდნენ კოცონს ბოროტი სულების გასანეიტრალებლად. კოსტიუმების ჩაცმის ტრადიცია სათავეს იღებს მე-16 საუკუნის ბრიტანეთიდან, სადაც სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ხალხი კარდაკარ დადიოდა და საჭმელს ითხოვდა ლექსის ან სიმღერის სანაცვლოდ. მათი უმრავლესობა გამოწყობილი იყო სულის ფორმაში, რადგან რწმენის თანახმად, ამ გზით შეძლებდნენ ბოროტი სულებისაგან თავის დაცვას. დღესდღეობით, თანამედროვე ფორმით, ჰელოუინი დაცლილია რაიმე სახის რელიგიური შინაარსისგან (ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი