შალვა პაპუაშვილი: [სამართლის უზენაესობის ინდექსზე] საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია, ის უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის ორ და NATO-ს ხუთ წევრს

ვერდიქტი:ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში ,,კანონის უზენაესობის ინდექსზე’’ დაყრდნობით ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე აპელირებს. პირველი, საქართველომ წინა წელთან შედარებით პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე, საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას - ევროკავშირის ორ და ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოს, უსწრებს.

2023 წლის მონაცემებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით პოზიცია მართლაც გაიუმჯობესა და 49-დან 48-ე ადგილზე დაწინაურდა, თუმცა ახლანდელი მონაცემების მხოლოდ წინა წელთან შედარებით, კონტექსტის მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ინდექსის 8 კომპონენტიდან თითოეულ კომპონენტში საქართველოს 2015-2016 წლებში 2023 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი პოზიცია ეკავა, რაც უფრო მაღალ ქულაში გამოიხატებოდა.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ნამდვილად უსწრებს. ასევე უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2-2 წევრ სახელმწიფოსაც, თუმცა ამ სახელმწიფოებზე უკეთესი შედეგი საქართველოს 2015 წლიდან დღემდე, ყოველ წელს აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი და გამოტოვებულია საქართველოს რეიტინგის ტენდენციების აღსაწერად აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ქართული სახელმწიფო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. სტატუსისთვის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციამ - „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP), 2023 წლის „კანონის უზენაესობის ინდექსი“ გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილმა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოს პროგრესის საილუსტრაციოდ სწორედ ეს ინდექსი გამოიყენა. მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა: „ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს საქართველოს ლიდერობას. "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია. აღნიშნული კვლევით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის ორ და ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ამ უდავო ფაქტების ოფიციალური დადასტურება უნდა გახდეს. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია. ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევებით და მოწინავე პოზიციებით, რაც საქართველოს და მისი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავს. აღქმების დამახინჯებით ბევრი ცდილობს ამ მიღწევების დაკნინებას. თუმცა, ყველა ეს ძალისხმევა უშედეგო იქნება“.

შალვა პაპუაშვილი ამავე განცხადებას ურთავს ინფოგრაფიკს, სადაც კანონის უზენაესობის ჯამურ ინდექსთან ერთად დამატებით მხოლოდ 3 კომპონენტის მონაცემებია ნაჩვენები:

„ფაქტ-მეტრმა“ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გადაამოწმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP), „კანონის უზენაესობის ინდექსს“ ყოველწლიურად წარმოადგენს. იგი 142 სახელმწიფოში იკვლევს კანონის უზენაესობის მდგომარეობას და ანიჭებს ქულას 0-დან 1-მდე, სადაც 0 ქულა სახელმწიფოში კანონის უზენაესობის კუთხით უკიდურესად უარყოფით მდგომარეობას აღნიშნავს, ხოლო 1 ქულა - იდეალურს.

აღსანიშნავია მეთოდოლოგიაც, რომლითაც ითვლება ზემოაღნიშნული ინდექსი. ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია - 1) ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, 2) კორუფციის არარსებობა, 3) მთავრობის ღიაობა, 4) ძირითადი უფლებები, 5) წესრიგი და უსაფრთხოება, 6) რეგულაციების აღსრულება, 7) სამოქალაქო სამართლებრივი მართლმსაჯულება, 8) სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება. ეს კომპონენტები ცალ-ცალკე ფასდება და საერთო ინდექსი სწორედ მათ საფუძველზე დგება.

დღეის მდგომარეობით, კანონის უზენაესობის საერთო ინდექსში საქართველო 142 სახელმწიფოს შორის 0.60 ქულით 48- ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული ინდექსი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მაღალი ინდექსი (0.65) საქართველოს სწორედ 2015 წელს ჰქონდა და რიგით 29- სახელმწიფო იყო. საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა ასევე 0.65 ქულით ფასდებოდა 2016 წელს, თუმცა ვინაიდან სხვა სახელმწიფოებმა გააუმჯობესეს შედეგები, საქართველომ 29- ადგილიდან 34- ადგილზე გადაინაცვლა.ამ შედეგების შემდგომ საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის კოეფიციენტის კუთხითაც უკუსვლა დაიწყო და 2017-2018 წლებში 38- ადგილზე (0.61 ქულით) გადაინაცვლა, ხოლო 2019 წელს - 41- (0.61 ქულით) ადგილზე. 2020 წელს კიდევ შეინიშნა რეგრესი, რადგან საქართველოს 0.60 ქულა მიენიჭა და 42- ადგილი დაიკავა, ხოლო 2021 წელს, მიუხედავად მცირე პროგრესისა (0.61 ქულა), სიაში 49- ადგილზე დაქვეითდა. რაც შეეხება ბოლო ორ წელს, 2022-ში კვლავ 0.60 ქულამდე შემცირდა ინდექსი, თუმცა საქართველო 49- ადგილზე დარჩა(კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს მდგომარეობის შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

კანონის უზენაესობის ინდექსის 8 კომპონენტიდან შალვა პაპუაშვილს სურათზე მხოლოდ 3 მათგანი აქვს გამოტანილი:

1) ფუნდამენტური უფლებები - დღეს საქართველო ამ კრიტერიუმით მართლაც 51-ე ადგილს იკავებს 0.62 ქულით. საინტერესოა, საქართველოში ამ მიმართულებით რა მდგომარეობა იყო წინა წლებში. 2022 წელს საქართველო 0.62 ქულით 51-ე ადგილს, 2021 წელს 0.63 ქულით 50-ე, 2020 წელს 0.61 ქულით 48-ე, 2019 წელს 0.62 ქულით 48-ე, 2017-2018 წლებში 0.61 ქულით 46-ე, 2016 წელს 0.68 ქულით 39-ე, ხოლო 2015 წელს 0.64 ქულით 38-ე ადგილებს იკავებდა.

2) სისხლის სამართლის მართლმსაჯულება - ამ მხრივ საქართველო დღეს 0.52 ქულით 53-ე ადგილს იკავებს. თუმცა წინა წლების შედეგები შემდეგია: 2022 წელს 0.51 ქულით 54-ე, 2021 წელს 0.53 ქულით 51-ე, 2020 წელს 0.52 ქულით 46-ე, 2019 წელს 0.52 ქულით 46-ე, 2017-2018 წლებში 0.51 ქულით 47-ე, 2016 წელს 0.56 ქულით 38-ე, ხოლო 0.54 ქულით 35-ე ადგილებს იკავებდა.

3) სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულებაა - დღეს საქართველო 0.53 ქულით 68-ე ადგილზე იმყოფება. 2022 წელს 0.53 ქულით 68-ე, 2021 წელს 0.54 ქულით 67-ე, 2020 წელს 0.53 ქულით 67-ე, 2019 წელს 0.54 ქულით 62-ე, 2017-2018 წლებში 0.54 ქულით 55-ე, 2016 წელს 0.61 ქულით 39-ე, ხოლო 2015 წელს 0.63 ქულით 26-ე ადგილებს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლების შემდგომ საქართველოს სამივე კომპონენტში რეგრესი აქვს. კერძოდ, რეგრესი გამოიხატება არა მხოლოდ ადგილის ცვლილებაში, არამედ ქულის შემცირებაშიც, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო შეიძლება იმიტომაც დაქვეითდეს სიაში, რომ სხვა სახელმწიფომ უკეთესი ქულა აიღოს. თუმცა, როდესაც არა მხოლოდ ადგილის მიხედვით ქვეითდება სახელმწიფო, არამედ გაუარესება აქვს ქულაში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამა თუ იმ სფეროში, იგი რეგრესს განიცდის.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ შალვა პაპუაშვილს 8 კომპონენტიდან მხოლოდ სამი მათგანი აქვს გამოტანილი ფოტოზე. საინტერესოა, რა მდგომარეობაა საქართველოში დანარჩენი 5 კომპონენტის შემთხვევაში:

1) ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის კომპონენტში საქართველო 0.53 ქულით 69-ე ადგილს იკავებს. იგი უსწრებს მონტენეგროს, მოლდოვას, ბულგარეთს, უნგრეთს, უკრაინას, ჩრდილო მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ალბანეთს, სერბეთსა და თურქეთს. თუმცა 2015 წლის შემდგომ, როდესაც საქართველოს ამ კომპონენტში 0.62 ქულა ჰქონდა და 36-ე ადგილს იკავებდა, სახელმწიფოს აშკარა რეგრესი აქვს. მითუმეტეს აღსანიშნავია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს კოსოვოც უსწრებს 0.56 ქულით.

2) კორუფციის არარსებობაც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ მხრივ საქართველო დღეს 0.68 ქულით 33-ე ადგილს იკავებს. უსწრებს სლოვენიას, ჩეხეთს, კვიპროსს, იტალიას, ხორვატიას, რუმინეთს, საბერძნეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, კოსოვოს, ჩრდილო მაკედონიას, თურქეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთს, მოლდოვას, ალბანეთსა და უკრაინას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 2015-2016 წლებში 0.73 ქულით 22-ე ადგილს იკავებდა. ფაქტია, რომ ამ მხრივაც რეგრესი შეინიშნება.

3) მთავრობის ღიაობით საქართველო 0.59 ქულით 43-ე ადგილს იკავებს. უსწრებს პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფოს. 2016 წელს საქართველოს ამ მხრივ საუკეთესო ქულა 0.63 ჰქონდა და 31-ე ადგილს იკავებდა.

4) წესრიგი და უსაფრთხოება - დღეს საქართველო 0.79 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. უსწრებს პორტუგალიას, ბულგარეთს, იტალიას, საბერძნეთს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთს, თურქეთს, უკრაინას. თუმცა ამ კომპონენტში საქართველოს უსწრებს კოსოვო, მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვ. 2015 წელს ამ კომპონენტში საქართველო 0.83 ქულით 24-ე ადგილს იკავებდა.

5) რეგულაციების აღსრულების კუთხით საქართველო 0.58 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. უსწრებს ხორვატიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, უნგრეთსა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. ამ შემთხვევაშიც, 2015 წელთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა, რადგან მაშინ საქართველო 0.62 ქულით 25-ე ადგილს იკავებდა.

როგორც ვხედავთ, დღეს საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის ჯამური რეიტინგით აღმოსავლეთ ევროპისა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მართლაც უსწრებს, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2015-2016 წლებთან შედარებით საქართველოს აშკარა რეგრესი აქვს არამხოლოდ სიაში რიგითობის გაუარესების, არამედ ქულის შემცირების კუთხითაც. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშივე, აშკარად, უკეთესი შედეგები იყო როგორც ინდექსის ჯამური რეიტინგის, ისე მისი რვავე კომპონენტის კუთხით. შალვა პაპუაშვილი საკუთარ განცხადებაში კი ამ შედეგებს მხოლოდ დადებით მოვლენად აფასებს და მიღწევად თვლის. რეალურად იგი არ აღნიშნავს 2015-2016 წლების შემდგომ დაწყებულ რეგრესს. შესაბამისად, ყურადღებას ბოლო წელს დაფიქსირებულ ერთ-ადგილიან დაწინაურებასა და სხვა სახელმწიფოებზე უკეთესი შედეგის ქონაზე გამახვილებით, კონტექსტს მიღმა მნიშვნელოვანი გარემოებები რჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი