2023 წლის 6 ნოემბერს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს.

თავდაპირველად ოფიციალური განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა. მასში აღნიშნული იყო, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს.

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, გატაცებული კი - ლევან დოთიაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მონაწილეობით დაუყოვნებლივი ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის გამართვის შემდეგ კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ გააკეთა.

შეხვედრაზე ქართული მხარის უმთავრესი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი განთავისუფლება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა იყო. მისი განცხადებით, ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ „მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს“. მანვე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის საქმის „ოქროს მოწმე“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საოკუპაციო ძალებისგან მიღებული ინფორმაციით, დაჭრილი არ არის. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, თუ სად მოხდა შემთხვევა, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, ეს მოხდა კირბალში არსებულ ეკლესიასთან, „სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერმანენტულად ხელს უშლიან ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, რომ მათ მოინახულონ ტაძარი. ტაძარი, სამწუხაროდ, მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა ეკლესიის მიმდებარედ, მაგრამ ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა ვერ მოახერხეს“. ამასთანავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად მოხდა მკვლელობა, რადგან „ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას“.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება 6 ნოემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების დონეზე სხვა სახის ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმიც. მისი ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისას ე.წ. მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნეს. მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ე.წ. მესაზღვრეებმა ჯერ ჰაერში, შემდეგ კი ავტომობილის საბურავების მისამართით გაისროლეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მესაზღვრეებს, რაც საფრთხეს უქმნიდნენ მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს, მოგვიანებით კი, სცადეს, მესაზღვრეს მანქანით შესჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, სამართალდამრღვევთა კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ კი, მათი ავტომობილის საბურავებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთ-ერთი მძიმედ დაიჭრა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ“.

რაც შეეხება მომხდარის შესახებ ცნობილ სხვა დეტალებს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, კირბალთან მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმაა. „რადიო თავისუფლებასთან“ გორის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიასთან სანთლის ასანთებად იყვნენ წასულები. „რადიო თავისუფლებასთან“ ინფორმაციას იმეორებს გატაცებული მოქალაქის ლევან დოთიაშვილის მამა - იური დოთიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ლევან დოთიაშვილმა და თამაზ გინტურმა წასვლამდე სანთლები იყიდეს.

ჟურნალისტებთან თამაზ გინტურის ნათესავმა გიორგი დოლუაშვილმა განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტური საკუთარ ავტომობილში მოკლეს და მას ზურგში სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მისივე განცხადებით, გინტური 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას.

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე სოციალურ ქსელში პრორუსული განცხადებების გავრცელებით ცნობილმა Facebook-ანგარიშებმა კოორდინირებულად გაავრცელეს კონსპირაციული და დეზინფორმაციული მტკიცებები, რომელთა ერთი ნაწილი მომხდარს ოპოზიციის მოწყობილ პროვოკაციად ასაღებდა, მეორე ნაწილი კი - დასავლეთს ადანაშაულებდა და მკვლელობას სახელმწიფო გადატრიალებისთვის მოწყობილ მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებდა. პრორუსულად განწყობილი Facebook-მომხმარებლები მტკიცების გაჟღერებისას ეყრდნობიან ინფორმაციას, რომლის მიხედვით, უკანონო საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს „ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატის გივი გინტურის ძმაა. იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5;


მსგავსი სიახლეები

5317 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი