ლაშა ხუციშვილი: 2012 წელთან შედარებით, პენსიები გაზრდილია საშუალოდ, დაახლოებით, 3-ჯერ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელს სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე 110 ლარი, 67+ ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი) იყო. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარამდე იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარამდე. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება, შესაბამისად, პენსიის რეალური ზრდაც [ინფლაციის გათვალისწინებით] ნაკლებია. 2024 წელს - 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია, ინფლაციაზე კორექტირებული, 70 წლამდე პენსიონერებისთვის დაახლოებით 1.7-ჯერ, 70+ ასაკის პენსიონერებისთვის კი 1.9-ჯერ გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრი მონაცემებს ნომინალურ მაჩვენებლებში სწორად ასახელებს, თუმცა სამომხმარებლო ფასების ზრდას უგულებელყოფს, რითაც 2012-2024 წლებში პენსიის რეალურ ზრდას (მისი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით) გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

15 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა: „2012 წელთან შედარებით, პენსიები გაზრდილია საშუალოდ, დაახლოებით, 3-ჯერ. პირველი კატეგორიისთვის დაახლოებით 2.9-ჯერ, მეორე კატეგორიისთვის - 3.3-ჯერ“.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი 125 ლარი) იყო.

დღეს არსებული მონაცემებით, ასაკობრივი პენსიის ოდენობა ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არის დიფერენცირებული. მიმდინარე წლის იანვრიდან, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 295 ლარს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 365 ლარს შეადგენს. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები პენსიის 20%-ის ოდენობის საპენსიო დანამატს იღებენ. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერის პენსია 354 ლარს, 70 და მეტი ასაკის მოსახლეობისთვის კი 438 ლარს შეადგენს.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარამდე იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირებისთვის პენსია 380 ლარამდე, ხოლო 70 წლიდან ასაკის პენსიონერებისთვის 500 ლარამდე იზრდება.

გრძელვადიან პერიოდში პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფლაციის გამო, პირობითად 100 ლარით დღეს უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე წლების წინ. შემოსავლები ნომინალურ და რეალურ კატეგორიებად იყოფა. ნომინალური შემოსავალი ხელზე ასაღებ, კონკრეტულ ფულად ერთეულში გამოსახულ თანხას ასახავს. რეალური შემოსავალი კი რეალურ დოვლათს, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელზე კორექტირდება.

2024 წელს, რეალური პენსია 2012 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ნომინალურ მაჩვენებელში. რეალურად, 2024 წელს 70 და მეტი წლის პენსიონერი 415-ლარიანი პენსიით იმდენივე პროდუქტის შეძენას შეძლებს, რამდენსაც 2012 წელს 245.5 ლარით შეიძენდა. მომავალ წელს 70 წლამდე პენსიონერის პენსია კი, 2012 წლის ფასებში თუ განვიხილავთ, 186.4 ლარის შესაბამისი იქნება.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური პენსია ლარში, 2012-2024 წლებში (2012=100)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები (1)

ამრიგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში [12 წლიან პერიოდში], ნომინალურ მაჩვენებელში, 70 წლამდე პირთა პენსია დაახლოებით 2.9-ჯერ, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 3.3-ჯერ გაიზარდა. ამრიგად, მინისტრის დასახელებული ნომინალური მონაცემები სწორია, თუმცა ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება სამომხმარებლო ფასები. ამიტომაც, როდესაც გრძელვადიანი პერიოდის მაჩვენებლები დარდება ერთმანეთს, მართებულია, რეალური შემოსავლები [ანუ ინფლაციის გათვალისწინებით] შედარდეს ერთმანეთს. 2024 წელს 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია [მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით] 70 წლამდე პენსიონერებისთვის დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო 70+ ასაკის პენსიონერებისთვის კი 1.9-ჯერ. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ლაშა ხუციშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

(1) რეალური მონაცემების გაანგარიშებისას აღებულია: 2012-2022 წლების საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, 2023 წლის გასული 10 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, ხოლო 2024 წლის შემთხვევაში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი