რეზო ხარაზი: 200 მლნ ბათუმზე გამოყოფილი ტენდერი მოიგო „საბა კონსტრაქშენმა“. ესაა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან და სახელმწიფო აუდიტის 2023 წლის დასკვნაში წერია, რომ ამ კომპანიას მითვისებული აქვს და აქ არის გამქრალი თანხები. ასევე ამ კომპანიასთანაა დაკავშირებული „გმირთა ხეივანი“ და 7 მლნ ლარი გადარიცხულია. ჯამში, 30 მლნ ჯდება „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაცია, დროში გაწელილი [პროექტი]. 7 მლნ გადაირიცხა ისე, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.

ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „საბა კონსტრაქშენთან“ 200 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ ბათუმში სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ლოკაციებს მოიცავს პროექტი, რადგან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ახლა მზადდება. შემსყიდველმა კი გვიპასუხა, რომ ამის შესახებ ჯერ თვითონაც არ იცის. კომპანიისთვის ავანსის სახით გადახდილია 60 მლნ ლარი. „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს ბათუმში „გმირთა ხეივნის“ მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში (რომელიც აჭარის სხვა ლოკაციებსაც მოიცავს) მგფ-მ მას ნამდვილად გადაუხადა 3 მლნ ლარი, ავანსის სახით, ხოლო იმავე ლოკაციაზე რამდენიმე ხიდის მოწყობის პროექტის ფარგლებში, ასევე, ავანსის სახით, 8 მლნ ლარზე მეტია ანაზღაურებული. ამ კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებს „ამხანაგობა მეგობრობის ხიდი“, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც სწორედ „საბა კონსტრაქშენია“.

რაც შეეხება კომპანიის მიერ თანხის მითვისებას, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნამდვილად წერია, რომ პროექტის ღირებულება გაზრდილია 71 408 ლარით, რაც საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუსაბამობით არის გამოწვეული. ეს კი საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს წარმოშობს.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „200 მლნ ბათუმზე გამოყოფილი ტენდერი მოიგო „საბა კონსტრაქშენმა“. ესაა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან და სახელმწიფო აუდიტის 2023 წლის დასკვნაში წერია, რომ ამ კომპანიას მითვისებული აქვს და აქ არის გამქრალი თანხები. ასევე ამ კომპანიასთანაა დაკავშირებული „გმირთა ხეივანი“ და 7 მლნ ლარი გადარიცხულია. ჯამში, 30 მლნ ჯდება „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაცია, დროში გაწელილი [პროექტი]. 7 მლნ გადაირიცხა ისე, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.“

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

200 მლნ ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ის ქალაქ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. ტენდერი, რომელშიც ერთადერთი მონაწილე შპს „საბა კონსტრაქშენი“ იყო, მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და „საბა კონსტრაქშენს“ შორის ხელშეკრულება სექტემბერში გაფორმდა. სამუშაოების შესრულების საერთო ვადა სამი წელია. კომპანიამ, წერილობითი დავალების მიცემიდან ორ თვეში, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ტექნიკურ დავალებაში წერია, რომ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ლოკაცია. კონკრეტულად რომელი - ამის შესახებ არსად, მათ შორის, არც ხელშეკრულებაში, მითითებული არაა. „ფაქტ-მეტრმა“ საკითხის გარკვევა შემსყიდველ უწყებაში სცადა. ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. 26 ოქტომბერს მოგვწერეს, რომ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგაც, არ იციან, რომელ ობიექტებს მოიცავს პროექტი, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხა დადგინდება. თუმცა, კონკრეტული ლოკაციების დადგენამდე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა „საბა კონსტრაქშენს“ 60 მლნ ლარი, ავანსის სახით, უკვე გადაურიცხა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის შესახებაც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, არის ის, რომ, მართალია, მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება (საჭიროების შემთხვევაში), ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური მიდგომების შესაბამისად, მაგრამ დავალება არ გულისხმობს ობიექტების არსებული იერსახის სავალდებულოდ შენარჩუნებას.

„საბა კონსტრაქშენი“ იყო გამარჯვებული მგფ-ის მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერშიც. კერძოდ, 2021 წლის 16 ივნისს მგფ-მა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში გააფორმა. სამუშაოები 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. სარეაბილიტაციო ობიექტებს შორის იყო ბათუმის „გმირთა ხეივანი“. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე კვლევა რამდენჯერმე გამოაქვეყნა. იხ. სტატია 1 და სტატია 2. ამ შემთხვევაშიც, შემსყიდველმა „საბა კონსტრაქშენს“ 3 მლნ ლარის ოდენობის ავანსი გადაურიცხა. სამუშაოების დასრულების ვადა კი არაერთხელ გახანგრძლივდა. იმავე ხეივანში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა „ამხანაგობა მეგობრობის ხიდმა“, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც სწორედ „საბა კონსტრაქშენია“. 16 500 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლისთვის 8 250 500 ლარი ასევე სამუშაოების დაწყებამდე, ავანსის სახით არის გადახდილი. ეს პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არც ერთი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი ატვირთული არაა.

პოლიტიკოსი ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროექტსაც ახსენებს. აღნიშნულ ტენდერში შემსყიდველი „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ იყო. საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ 2020 წელს იმუშავა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება გაზრდილია 71 408 ლარით. იმავე დასკვნის თანახმად, ღირებულების მატება გამოწვეულია გამოსაყენებელი მასალების რაოდენობის ზრდით, რაც, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო, არასწორად გაანგარიშებული და გაუთვალისწინებელი მასალების სახით, შესასრულებელ სამუშაოებში დაემატა. თავის დროზე, დოკუმენტაციის ექსპერტიზის დროს, ეს შეუსაბამობა გამოვლენილი არ იყო, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს წარმოშობს.

ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, მიითვისა, თუ - არა კომპანიამ აღნიშნული თანხა, რადგან ეს შესაბამისი უწყების კომპეტენციაა. ფაქტია, რომ „საბა კონსტრაქშენი“ აჭარაში არაერთ მსხვილბიუჯეტიან პროექტს ახორციელებს (ან განახორციელა) და თითქმის ყველა - დიდი ვადაგადაცილებით, მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველი მას, ავანსის სახით, ყოველთვის სოლიდურ თანხას ურიცხავს (არ ვგულისხმობთ, რომ ეს კანონდარღვევით ხდება). შეგვიძლია ჩაქვში მშენებარე სპორტული ინფრასტრუქტურაც გავიხსენოთ. პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო. მისი მოკლე დროში დასრულება აჭარის მთავრობამ არაერთხელ დააანონსა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). თუმცა მიმწოდებელს ობიექტი ჯერაც არ ჩაუბარებია და თავდაპირველი ღირებულებაც გააძვირა. კერძოდ, შემსყიდველს, 4 406 083 ლარის ნაცვლად, 4 512 032 ლარის გადახდა მოუწევს.

ამდენად, რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი