ლაშა ხუციშვილი: ბოლო 3-4 წელიწადში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაორმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის მიხედვით, გადასახადებით 19 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 102%-ით და 2021 წლის მაჩვენებელს 67%-ით აღემატება.

სახელმწიფო ნაერთ ბიუჯეტში (სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქებისა და ყველა სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) გადასახადებისგან 22 მლრდ-ს ამოღებას გეგმავს, რაც ცენტრალური ბიუჯეტის მსგავსად 2020 წლის მაჩვენებელს 100%-ით და 2021 წლის მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.

ბიუჯეტი რამდენიმე წყაროსგან ივსება, საიდანაც უმთავრესი გადასახადებია. გადასახადებზე მოდის ბიუჯეტის დაახლოებით 80%. დანარჩენ 20% სესხებისგან, გრანტებისგან, პრივატიზაციისგან, ჯარიმებისგან, სალიცენზიო მოსაკრებლებისგან და სხვა შემოსავლებისგან ივსება.

საანგარიშო პერიოდში, გადასახადების ჯამური მოცულობა, საგადასახადო განაკვეთის მატების გარეშე გაიზარდა. უცვლელი განაკვეთის პირობებში, გადასახადების მოცულობის ზრდა ორ ფაქტორს უკავშირდება, ბიზნესის ბრუნვის ზრდას, ანუ ეკონომიკურ წინსვლასა და ინფლაციას.

2020 წელთან შედარებით, დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები მართლაც გაორმაგებულია, თუმცა, პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო, 2020 შესადარებლად ნაკლებად გამოსადეგია. 67%-იანი ზრდა შთამბეჭდავი ზრდაა, მაგრამ არა გაორმაგება. ამასთან, თუ განვლილ და პროგნოზირებულ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, რეალური ზრდის ტემპი 40%-მდე მცირდება. 2020 წელთან შედარების დროსაც ზრდის ტემპი ინფლაციის გათვალისწინებით 55%-მდე მცირდება. რიცხვებში მცირე სხვაობით, თუმცა არსობრივად ნაერთ ბიუჯეტთან მიმართებითაც იგივეა მდგომარეობაა.

ინფლაციის უგულებელყოფისა და შესადარებლად არარელევანტური პერიოდის მოშველიების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას დაგეგმილ საგადასახადო შემოსავლებზე ისაუბრა და განაცხადა: (8:11-დან) „თუ 3-4 წლის წინანდელ შედეგებს შევაფასებთ საგადასახადო შემოსავლები საქართველოში არის ფაქტობრივად გაორმაგებული, დაახლოებით 11-11.5 მლრდ-დან 22 მლრდ-მდეა ასული.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, 3 ნოემბერს პარლამენტს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებული ვარიანტი წარედგინა. დაკორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობების ნაწილი 24.4 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც 20.6 მლრდ ლარი შემოსავლებზე მოდის, თავად შემოსავლებიდან გადასახადების წილი 19 მლრდ ლარია.

ბიუჯეტის შემოსულობები (ყველა სახის შემოსავალი ერთად) 4 ნაწილისგან შედგება: შემოსავლები, არაფინანსური აქტივების კლება, ფინანსური აქტივების კლება და ვალდებულებების ზრდა. ყველაზე დიდი წილი შემოსავლებს უკავია. თავის მხრივ შემოსავლებიც გადასახადებისგან, გრანტებისგან და სხვა შემოსავლებისგან შედგება, სადაც ძირითადი დატვირთვა გადასახადებზე მოდის. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობების 78% გადასახადებისგან შედგება.

ლაშა ხუციშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმა „3-4 წელიწადში“. 2023 წლის გადმოსახედიდან, ის 2019-2020 წლებია, მაგრამ რადგან საუბარი 2024 წლის ბიუჯეტს ეხებოდა, მაშინ 2020-2021 წლები.

ზოგადად, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე იზრდება. ზრდის ერთგვარ ლოკომოტივს საგადასახადო შემოსავლების ზრდა წარმოადგენს. გამონაკლისად შეიძლება კრიზისული პერიოდები, მაგალითად, 2020 წელი მივიჩნიოთ.

2019 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 9.7 მლრდ-ს მიაღწია, 2020 წელს 9.4 მლრდ-მდე შემცირდა, 2021-დან ზრდა განახლდა. პროექტის მიხედვით, 2024 წელს 19 მლრდ-ს უნდა მიაღწიოს.

გრაფიკი 1: სახელმწიფო გადასახადები ჯამურად (მლრდ ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

რას რა უნდა შედარდეს? თუ საუბარი 2024 წელზეა, მაშინ საბაზისოდ სწორედ ეს წელი უნდა იქნას აღებული. 2024-ისთვის „3-4 წლის წინ“ 2020-2021 წელია. 2020 წელი პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, საერთო ტრენდიდან ამოვარდნილია და შესადარისად არარელევანტური.

თუ 2024 წლის პროექტს მაინც 2020-შევადარებთ, 96%-იან ზრდას მივიღებთ, რაც ნამდვილად შეიძლება გაორმაგებად ჩაითვალოს. თუ 2021 წლის მონაცემს შევადარებთ, მაშინ ზრდა 67% იქნება, 67%-იანი ზრდა კი უკვე გაორმაგება აღარაა.

2021 წელს ბიუჯეტში გადასახადებიდან 11.4 მლრდ იქნა მობილიზებული, აღნიშნული თანხა სრულად ჯდება ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულ „დაახლოებით 11-11.5 მლრდ“-ში, მაგრამ აცდენაა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში, 2024 წელს გადასახადებიდან 19 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი.

საანგარიშო პერიოდში, გაზრდილია როგორც ყველა სახის გადასახადისგან მისაღები ჯამური თანხა, ასევე თითოეული გადასახადისგან მისაღები თანხა ცალ-ცალკე.

გრაფიკი 2: სახელმწიფო გადასახადები (მლრდ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შესაძლოა ლაშა ხუციშვილი ნაერთ ბიუჯეტს გულისხმობდა. 2020-2024 წლებში ნომინალური ზრდა მართლაც 100% იქნება - 11 მლრდ-დან 22 მლრდ-მდე, 2021-2024 წლებში კი მხოლოდ 64%-იანი - 13.4 მლრდ-დან 22 მლრდ-მდე. ცენტრალური ბიუჯეტის მსგავსად, ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაშიც, 2020-დან 2024-მდე პერიოდში, გადასახადებისგან მობილიზებული ნომინალური შემოსავლების გაორმაგება ფიქსირდება, 2021-დან 2024-მდე პერიოდში კი არა.

2017 წლის შემდეგ საგადასახადო განაკვეთები პრაქტიკულად არ გაზრდილა. 2011 წელს მიღებული თავისუფლების აქტით, საგადასახადო განაკვეთის ზრდა, გარდა აქციზისა, რეფერენდუმის გარეშე აიკრძალა. გადაწყვეტილება კონსტიტუციაშიც ჩაიწერა, თუმცა 2017 წელს საკონსტიტუციო უვადო გარანტია 12-წლიანი დათქმით შეიცვალა. 12 წელი ჯერ არ გასულა და აკრძალვა კვლავ ძალაშია. საანგარიშო პერიოდში, საგადასახადო კუთხით მნიშვნელოვან პროდუქციაზეც (საწვავი, თამბაქო, ავტომობილი) აქციზის განაკვეთი არ გაზრდილა. შესაბამისად, გადასახადებისგან მიღებული შემოსავლის ზრდა საგადასახადო განაკვეთის ზრდით არ ყოფილა გამოწვეული. 15%-დან 20%-მდე გაიზარდა ბანკებისთვის მოგების გადასახადის განაკვეთი, ოღონდ დივიდენდის გატანის 5%-იანი განაკვეთი განულდა. ძირითად შემთხვევაში განაკვეთის უცვლელად გადასახადებისგან მობილიზებული თანხების ზრდა, ბიზნესის ბრუნვისა და ეკონომიკის ზრდას ადასტურებს, რაც პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ამ ზრდის ეფექტს ინფლაცია ამცირებს.

2022 წელს ინფლაციამ 11.9%-ს მიაღწია, 2023 წლის 10 თვეში 3%-ს. 3%-იანი ინფლაციაა პროგნოზირებული 2024 წელსაც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს არსებული 11.4 მლრდ ლარი მსყიდველუნარიანობით 2024 წლის 13.5 მლრდ ლარს გაუთანაბრდება. მაშინაც კი, თუ შესადარებლად 2020 წელს ავიღებთ, ინფლაციის გათვალისწინებით 96%-იანი ზრდა 56%-იან ზრდამდე შემცირდება. 2021-ის შემთხვევაში - 41%-მდე. იგივე შეიძლება ითქვას ნაერთ ბიუჯეტზეც.

გრაფიკი 3: გადასახადები ინფლაციის გათვალისწინებით

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა და მის პარალელურად სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა. ზრდაა პროგნოზირებული უახლოეს წლებშიც, თუმცა ზრდას ინფლაციაც ახლავს. 10%-იანი ზრდის შემთხვევაშიც კი, რეალური ეკონომიკის გასაორმაგებლად 7 წელია საჭირო. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდა საქართველოში 2023 წელს დასრულდა.

განაკვეთის უცვლელად, საგადასახადო შემოსავლები დიდწილად ეკონომიკის ზომაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება საგადასახადო შემოსავლებიც, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

2020-2024 წლებში გადასახადებისგან მობილიზებული/მისაღები ნომინალური შემოსავალი მართლაც გაორმაგებულია, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, ზრდის ტემპი მხოლოდ 55%-ს შეადგენს, ნომინალური 67%-იანი ზრდიდან რეალურ 40%-იან ზრდამდე მცირდება შემოსავლის ზრდის ტემპი 2021-2024 წლებშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა მინისტრმა უგულებელყო როგორც ინფლაცია, ასევე პანდემიური წელი და ნომინალური მაჩვენებელი არარელევანტურ პერიოდს შეადარა, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა, როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი