თეონა ჭალიძე: 250 ლარი არის საარსებო მინიმუმიო... სინამდვილეში, ის მეთოდოლოგია, რითაც ეს საარსებო მინიმუმი ითვლება, არის ძველი და შესაცვლელი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ანუ ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი ხარჯები თვეში 252.1 ლარს შეადგენს.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხდება, რომელიც 2003 წლის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად არის დადგენილი. არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის რეალურ საჭიროებებს მართლაც არ ასახავს, რაზეც პრაქტიკულად ყველა თანხმდება, მათ შორის მოქმედი ხელისუფლებაც. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვა და ახალი, რეალური ზღვრის დადგენა იყო. ეს დაპირება არ შესრულებულა.

ამრიგად, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია ნამდვილად მოძველებულია და გადასახედია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ თეონა ჭალიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ჭალიძემ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია გააკრიტიკა. მისი განცხადებით: „250 ლარი არის საარსებო მინიმუმიო გვეუბნებიან. ეს მეთოდოლოგია, რომლითაც საარსებო მინიმუმს ითვლიან, არის ოცი და უფრო მეტი წლის წინანდელი, დაძველდა და იქ მხოლოდ სასურსათო პროდუქტებზეა ლაპარაკი... ამ საარსებო მინიმუმს უსწორებენ მერე პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემელებს, თითქოს საარსებო მინიმუმზე მეტი გვაქვსო გასაცემელებიო, ამის დემონსტრირება უნდათ. სინამდვილეში, ის მეთოდოლოგია, რითაც ეს საარსებო მინიმუმი ითვლება, არის ძველი და შესაცვლელი“.

მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 252.1 ლარს შეადგენს.

როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული საარსებო მინიმუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანების „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად ადგენს.

ანუ, საარსებო მინიმუმი იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა, რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს. მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“, მრავლდება. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს. ამის შემდეგ, სასურსათო კალათის ღირებულება 0.7-ზე იყოფა, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის. ანუ, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.

რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი ( რომელიც მოიცავს ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალურების, ჯანდაცვის [მათ შორის მედიკამენტების] და სხვა ხარჯებს) გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული საარსებო მინიმუმის 30%. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანს არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 75 ლარი უნდა ეყოს, რაც არარეალურია. ასევე სადავოა, რამდენად საკმარისია თვეში დაახლოებით 176 ლარი საკვებისთვის, რომელიც თავის მხრივ უნდა მოიცავდეს აუცილებელი შემადგენელი ელემენტების - ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის რეალურ საჭიროებებს მართლაც არ ასახავს და ის მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს. ამასთან, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია ნამდვილად მოძველებულია და გადასახედია. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებას და ახალი ზღვრის დაწესებას „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, გვპირდებოდა. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულებულა.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი ინდიკატორია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია