მამუკა ხაზარაძე: ქართული ღვინის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ხაზარაძის განცხადება არის სიმართლე.

2022 წლის განმავლობაში საქართველოდან 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 101 662 ტონა ღვინო იქნა გატანილი. წინა წელთან შედარებით ზრდამ 5.6% შეადგინა. ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება. გასულ, 2022 წელს, ექსპორტირებული ქართული ღვინის 64%, რომლის ღირებულებამაც 160.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთში გავიდა. მიმდინარე წლის 10 თვეში ეს მონაცემი 66%-მდე გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან, ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 50%-ზე დაბალი მხოლოდ 2012, 2013 და 2015 წლებში იყო, ყველაზე მაღალი - 64%, 2016 და გასულ - 2022 წელს. შესაბამისად, რუსეთი ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება და თანაც მასზე დამოკიდებულება კი არ მცირდება, არამედ ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა ხაზარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა: „ქართული ღვინის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის“.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოდან 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 101 662 ტონა ღვინო იქნა გატანილი. 2021 წელს იმავე მონაცემმა 239.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (80 465 ტონა). როგორც ვხედავთ, ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.6% შეადგინა.

ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად დღემდე რუსეთი რჩება. 2022 წელს რუსეთში 160.9 მლნ აშშ დოლარის (69,905.6 ტონა) ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემს (131 მლნ აშშ დოლარი - 47,355.4 ტონა) 22.8%-ით აღემატება, მოცულობით ჭრილში მატება გაცილებით შთამბეჭდავი - 47.6%-ია. რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64% შეადგინა. 2022 წელს მთლიან ექსპორტში მოცულობის მიხედვით, რუსეთის წილი 68.8% იყო, 2021 წელს იგივე მონაცემი 58.8% იყო. შესაბამისად, ზრდამ 10 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც იმის დასტურია, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 10 თვეს, ამ დროისთვის ღვინის ექსპორტმა ჯამში 217.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (75 726 ტონა), საიდანაც 66% - 144 მლნ აშშ დოლარი (53 547 ტონა -70.7%), სწორედ რუსეთზე მოდის.

ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი წლების განმავლობაში შემდეგნაირად იცვლებოდა:

გრაფიკი 1: 2012-2022 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75ლ), მლნ ლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა.

განხილულ პერიოდში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დაბალი 2012 წელს იყო (34%), რაც ემბარგოთი იყო განპირობებული. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 - 128 მლნ, 2014 - 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამისვე დასტურია, რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა.

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთი ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში საწარმოო ტექნოლოგიის შემოწმებას იწყებს (წყარო: bpn). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2006 წელს ქართულ ღვინოზე ემბარგო რუსეთმა სწორედ უხარისხობის მოტივით დააწესა. რა მოხდება ამჟამად, წინასწარ განჭვრეტა ძნელია. გამორიცხული საერთოდაც არ არის, რომ იგივე განმეორდეს, რაც 17 წლის წინ. აღნიშნული კი დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს, რადგან ბაზრის დივერსიფიცირების მიუხედავად, ღვინის ექსპორტის 64% მაინც რუსეთის ბაზრებზე მოდის.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. ქართული ღვინის ექსპორტზე დაკვირვება კი საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კი არ ვამცირებთ, პირიქით, ვზრდით. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.

განხილული მასალიდან გამომდინარე, როგორც კონტექსტის, ისე სტატისტიკის გათვალისწინებით, მამუკა ხაზარაძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5513 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი