ლევან ხაბეიშვილი: 360 ათასი ადამიანი ცხოვრობს აჭარაში და აქედან, 147 ათასი სოციალურად დაუცველია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, აჭარაში 361 400 ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო მთლიანი მოსახლეობის 40.1% ანუ 146 792 ადამიანი.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს, ისინი, შეგვიძლია, ორ კატეგორიად დავყოთ: ბაზაში რეგისტრირებულები და ფულადი სოციალური დახმარების მიმღები პირები. ბაზაში დარეგისტრირებულად ითვლება ყველა ის პირი, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მიმართა, განცხადება დაწერა და სარეიტინგო ქულა მიენიჭა. სარეიტინგო ქულით განისაზღვრება, რა სახის დახმარებას გასცემს სახელმწიფო ოჯახზე, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ფულადი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვისი სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 120 001-ს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაიგივებულია ფულადი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარებთან. აჭარაში კი, ოქტომბრის მონაცემებით, ფულად საარსებო შემწეობას 66 832 ადამიანი იღებდა.

პოლიტიკოსი განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებზე საუბრობს, შესაბამისად, მისი განცხადება, შეიძლება, შეცდომაში შემყვანი იყოს. მით უმეტეს, რომ „სოციალურად დაუცველის“ სტატუსი ხშირად სწორედ ფულადი სოციალური დახმარების მიმღებ პირებთან არის გაიგივებული და არა - ბაზაში რეგისტრირებულ პირებთან. ამ გარემოებების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

30 ნოემბერს, აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომის დროს, უმრავლესობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით შემთხვევას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. განცხადებაში მან ახსენა აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა: „[აჭარის უმაღლეს საბჭოში] სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება დაიწყებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა 360 ათასი ადამიანი რომ ცხოვრობს აჭარაში და აქედან, 147 ათასი არის სოციალურად დაუცველი“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არაერთი განცხადება გადაამოწმა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია, რომელშიც საუბარია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ფულადი სოციალური (საარსებო შემწეობის) და სხვა სახის დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში აჭარაში მცხოვრები რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა. მანამდე ასევე გაგაცანით, რეგიონში მცხოვრები რამდენი ადამიანი და ოჯახი იღებდა ფულად შემწეობას მიმდინარე წლის აგვისტოში.

ამჯერად თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და ოქტომბრის მონაცემებს მოკლედ გაგაცნობთ.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ სახელმწიფოსგან დახმარების მიღების მიზნით, მოქალაქეები მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდებიან. ბაზაში დარეგისტრირებულად ითვლება ყველა ის პირი, რომელმაც, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მიმართა, განცხადება დაწერა და სარეიტინგო ქულა მიენიჭა.

სარეიტინგო ქულით განისაზღვრება ის, თუ რა სახის დახმარებას მიიღებს სახელმწიფოსაგან ოჯახი. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი საარსებო შემწეობა მხოლოდ ბაზაში რეგისტრირებულთა ნაწილს ენიშნება. კერძოდ, ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციარები ხდებიან ის პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ს არ აღემატება. კონკრეტულად: 30001 ქულამდე - ოჯახის თითოეული წევრი იღებს საარსებო შემწეობას 60 ლარის ოდენობით; 30001დან - 57001 ქულამდე - 50 ლარის ოდენობით; 57001 - 60 001 ქულამდე - 40 ლარის ოდენობით; 60 001 - 65001 ქულამდე - 30 ლარის ოდენობით და 120001 ქულამდე ოჯახში მცხოვრები თითოეული 16 წლამდე ბავშვი მიიღებს საარსებო შემწეობას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 361 400 ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის მიხედვით, მთლიანი მოსახლეობის 40.1% ანუ 146 792 ადამიანი, რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამდენი ადამიანი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს.

თუმცა ბაზაში რეგისტრირება არ ნიშნავს, რომ ადამიანი/ოჯახი ცალსახად, სოციალურად დაუცველია. გადაჭრით შეუძლებელია იმის თქმაც, რომ იმ ბენეფიციარების გარდა, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ ფულადი საარსებო შემწეობა დაუნიშნა, ამ ტიპის მხარდაჭერა არავის სჭირდება. ფაქტია, რომ საარსებო შემწეობის მიღმა დარჩენილი არაერთი ოჯახი სარეიტინგო ქულას არ ეთანხმება და ოჯახის თავიდან გადამოწმებას ითხოვს.

რაც შეეხება ფულადი საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობას, მიმდინარე წლის ბოლო, ოქტომბრის, მონაცემებით, აჭარაში მათი რაოდენობა 66 832 პირს შეადგენდა. აქედან 26 372 პირი ჩართული იყო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში. ამასთანავე, სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ გასულ თვეში, საარსებო შემწეობა, ჯამში, 3 782 პირს შეუჩერდა, შეუწყდა, ან მომდევნო თვიდან დაენიშნება. მათ შორის 172-მა ბენეფიციარმა შემწეობაზე უარი თვითონ განაცხადა.

ამდენად, ჩვენ მიერ განხილული გარემოებების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი