ლევან დავითაშვილი: ნოემბერში სურსათზე ფასები შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

სამომხმარებლო ფასების ცვლილებას საქსტატი წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12 ჯგუფად გადანაწილებულ 305 დასახელების პროდუქტის მიხედვით განსაზღვრავს.

თითოეულ ჯგუფს თავისი ხვედრითი წონა გააჩნია, მათ შორის ყველაზე მაღალი 32.2%-იანი წილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიას აქვს მინიჭებული.

2023 წლის აპრილიდან წლიური (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს, ივნისიდან კი 1%-იან ნიშნულსაც ჩამოსცდა. ნოემბერში სამომხმარებლო ფასების მხოლოდ 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ამასთან სურსათის ფასები 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 3.1%-ით, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით 0.5%-ითაა შემცირებული. ფაქტობრივი სიზუსტისა და ტენდენციის მართებულად შეფასების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით,

ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: 4 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ინფლაციის ტემპის კლებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საკვებ პროდუქტებზე დეფლაციაც დაფიქსირდა (2:11-დან): „ინფლაციის დონე 0.1% იყო ნოემბრის თვეში, ნოემბრის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, აპრილის თვიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა... „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მშრალი რიცხვები გადავიტანოთ რეალურ ცხოვრებაში, სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით, ასევე წლიურ ჭრილშიც“.

ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას (მუხლი 3) წარმოადგენს. „სტაბილური ფასები“ მათ ერთ ნიშნულზე გაყინვას არ გულისხმობს, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. 2019-2022 წლებში ზედიზედ 4-ჯერ სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში დარჩენა ვერ მოხერხდა. ინფლაციამ განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულს 2021-2022 წლებში მიაღწია. ორწლიან პერიოდში ჯამურად სამომხმარებლო ფასები 22.6%-ით გაიზარდა, მათ შორის საკვებ პროდუქტზე 30.7%-ით.

ინფლაცია 305 დასახელების პროდუქტზე ფასების ცვლილების შესაბამისად დგინდება. პროდუქტები 12 ჯგუფშია გადანაწილებული. 305-დან 92 დასახელების პროდუქტი სურსათის და უალკოჰოლოს სასმელების ჯგუფიდანაა. მისი ხვედრითი წონა 32.2%-ს შეადგენს და ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. სურსათის ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაბალშემოსავლიანი პირებისთვისაა.

სამომხმარებლო კალათაში ისეთი დასახელების პროდუქტებიც შედის, როგორებიცაა: ლურსმანი, ჩაქუჩი და სურათის ბეჭდვა. რამდენი პროცენტით გაძვირდება ან გაიაფდება ჩაქუჩი, ეს ადამიანთა დიდი ნაწილის ხარჯებზე საერთოდ არ აისახება. იგივეს თქმა შეუძლებელია საკვებზე.

2019-2022 წლებში, მაშინ როცა ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებდა, სამომხმარებლო ფასები საერთო ჯამში საშუალოდ 35.3%-ით გაიზარდა, საკვებ პროდუქტზე კი 56.5%-ით.

გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საკვებ პროდუქტზე საშუალოზე მაღალმა ინფლაციამ მოსახლეობის ნაწილის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ადამიანის ხარჯი საშუალოზე მეტად გაზარდა. 2022 წლის დეკემბერში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 45%-ით - 175-დან 254 ლარამდე იყო გაზრდილი.

საკვებ პროდუქტზე ფასები 2023 წლის დასაწყისშიც საშუალოზე უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა, მდგომარეობა ოქტომბრიდან შეიცვალა. ოქტომბერ-ნოემბერში ზედიზედ ორჯერ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 1.2%-იანი და 3.1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

ცხრილი 1: წლიური ინფლაცია ზოგიერთი დასახელების საკვებ პროდუქტზე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფასები შეცვლილია ოქტომბერთან მიმართებითაც, თუმცა სეზონურობიდან გამომდინარე შედარება მხოლოდ პროდუქციის ნაწილზე იქნება რელევანტური. როგორც წესი, ნოემბერში ხილი და ბოსტნეული ისედაც ძვირდება, ციტრუსი კი იაფდება.

გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური თვალსაზრისით დეფლაციაც პრობლემაა, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზი მოთხოვნის შემცირება არ გამხდარა და ფასები მხოლოდ ნაწილობრივ დაკორექტირდა. 2022 წლის ნოემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით 16.8%-ით გაძვირდა. მთლიანობაში, ორწლიან ჭრილში, ბოლოდროინდელი გაიაფების მიუხედავად, ჯგუფში შემავალი პროდუქტები მაინც 13.2%-ითაა გაზრდილი.

აპრილიდან ინფლაციის დონე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს მართლაც ჩამოსცდა, ამასთან ნოემბერში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე დეფლაცია დაფიქსირდა. ეკონომიკის მინისტრის ნათქვამი, როგორც დასახელებული რიცხვების, ასევე გამოვლენილი ტენდენციის შეფასების ნაწილში, სიმართლეს შეესაბამება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5460 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი