ლევან ანთაძე:[აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის მიხედვით] თქვენ არა მარტო შემოსავლის ნაწილში გაქვთ პრობლემა, პრობლემა გაქვთ ათვისების ნაწილში. თექვსმეტიდან ცხრა პროგრამაში არ გაქვთ ათვისება. 50%-ზე ნაკლები გაქვთ ცხრა თვეში შესრულება.

ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.

აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 389,149.0 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 69.5%-ია. რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, ის წლიური გეგმის 53.5%-ს შეადგენს.

უშუალოდ 9 თვის გეგმამ შემოსულობების ნაწილში 97.9% შეადგინა, კერძოდ, 389 149 ათასი ლარი 397 954 ათასი ლარიდან, ხოლო გადასახდელების გეგმამ - 77.4% ანუ 321 530 ათასი ლარი 415 631 ათასი ლარიდან.

შემოსულობების ნაწილში, დაბალი მაჩვენებელი „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლის საპროგნოზო გეგმის შეუსრულებლობამ განაპირობა. კერძოდ, 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 17,749.4 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 22.1%-ია. გადასახდელების ნაწილში კი განსაკუთრებით დაბალი შესრულებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოირჩევა. უწყების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 21 914,8 ათასი ლარით მცირდება. 9 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წერია, რომ 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 50%-ზე დაბალი ათვისებით ხასიათდება 7 პროგრამა და 16 ქვეპროგრამა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე, რადგან პოლიტიკოსი სწორედ პროგრამების/ქვეპროგრამების დაბალ შესრულებაზე მიუთითებს.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა: „[აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის მიხედვით] თქვენ არა მარტო შემოსავლის ნაწილში გაქვთ პრობლემა, პრობლემა გაქვთ ათვისების ნაწილში. თექვსმეტიდან ცხრა პროგრამაში არ გაქვთ ათვისება. 50%-ზე ნაკლები გაქვთ ცხრა თვეში შესრულება.“

ფაქტ-მეტრმა შეისწავლა 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში შესული ცვლილებები, 9 თვის შესრულების ანგარიში, ასევე გავეცანით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულებასთან დაკავშირებით. დანართი 1 დოკუმენტების თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო გეგმის შესრულება მართლაც დაბალია.

კერძოდ, 9 თვის მდგომარეობით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა წლიური გეგმის 69.5% ანუ 389,149.0 ათასი ლარი შეადგინა. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობები. 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 17,749.4 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 22.1%-ია.

რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 2023 წლის 9 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 53.5%-შეადგენს. 2023 წლის 9 თვის განმავლობაში, რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაშთი 67,618.9 ათასი ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 113,325.1 ათასი ლარი შეადგინა. განსაკუთრებით დაბალი შესრულებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოირჩევა. უწყების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 21 914,8 ათასი ლარით მცირდება.

ცხრილი 1. 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთი, 9 თვის მონაცემები

დასახელება

2023 წელი, საწყისი, ათასი ლ.

2023 წელი, მოქმედი, ათასი ლ.

2023 წელი, 9 თვის ფაქტი, ათასი ლ.

შესრულების მაჩვენებელი %

შემოსულობები

512,549.4

560,189.4

389,149.0

69.5

გადასახდელები

535,549.4

600,589.4

321,530.1

53.5

ნაშთის ცვლილება

-23,000.0

-40,400.0

67,618.9

-167.4

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება

შენიშვნა: შესრულების მაჩვენებელი ასახავს ფაქტის მიმართებას დაზუსტებულ გეგმასთან.

ივლისში, მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, აჭარის მთავრობამ ბიუჯეტის თავდაპირველი საპროგნოზო მაჩვენებლები გაზარდა. მან 80,415.7 ათასი ლარით დაგეგმა არაფინანსური აქტივების კლება. თუმცა, როგორც ზემოთ დავწერეთ, წლიური გეგმა მხოლოდ 22.1%-ით შესრულდა. მსგავსი სიტუაცია გასულ წელსაც დაფიქსირდა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1 და სტატია 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის მოხსენებაში „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლის დაგეგმვის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. უწყებას აღნიშნული საკითხი განხილული აქვს 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ადრე გამოქვეყნებულ დასკვნაშიც. კერძოდ, აუდიტის სამსახურმა ივარაუდა, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებელი არ შესრულდებოდა. აჭარის მთავრობამ, როგორც 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დროს, თავი იმით იმართლა, რომ არაერთგზის გამოცხადებული აუქციონები არ შედგა.

ხარჯვით ნაწილში კი, დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 50%-ზე დაბალი ათვისებით ხასიათდება 7 პროგრამა და 16 ქვეპროგრამა.

ცხრილი 2. დაბალი ათვისების მქონე პროგრამები და ქვეპროგრამები, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის მიხედვით, ათასი ლ

დასახელება

წლიური გეგმა

9 თვის გეგმა ნაზარდი ჯამით

9 თვის შესრულება

წლიური გეგმის შესრულება

9 თვის გეგმის შესრულება

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა

490.2

393.8

186.3

38.0%

47.3%

რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი

336.4

281.0

90.8

27.0%

32.3%

ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა

7,819.8

4,653.1

972.3

12.4%

20.9%

ჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება

2,917.1

975.3

-

0%

0%

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა

4,740.3

3,587.8

883.2

18.6%

24.6%

საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა

4,500.0

4,500.0

701.1

15.6%

15.6%

ჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება

4,500.0

4,500.0

701.1

15.6%

15.6%

საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა

1,296.8

791.1

373.3

28.8%

47.2%

ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის

500.0

500.0

-

0%

0%

რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიგნით

870.0

522.0

247.5

28.4%

47.4%

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის საჭირო მასალების დამზადება

840.0

384.0

143.0

17.0%

37.2%

ტურიზმის დარგში სერვისის განვითარების ხელშეწყობა

922.8

290.0

137.2

14.9%

47.3%

გზების რეაბილიტაცია

30,618.4

24,184.0

9,966.5

32.6%

41.2%

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის

357.0

278.0

113.0

31.6%

40.6%

ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობა

60.0

20.5

4.5

7.5%

22.0%

უცხოეთში სტაჟირება

90.8

63.1

28.6

31.5%

45.3%

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

365.0

195.0

86.9

23.8%

44.6%

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება

4,602.1

3,012.1

1,154.6

25.1%

38.3%

მოხალისეობა

79.2

65.9

30.6

38.6%

46.4%

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

163.4

115.1

56.4

34.5%

49.0%

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა

75.0

25.0

-

0%

0%

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა

320.6

280.4

121.0

37.7%

43.1%

სამელიორაციო სისტემების მართვა

1,393.8

1,207.5

344.8

24.7%

28.6%

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება

ბიუჯეტში რამდენიმე ისეთი პროგრამა/ქვეპროგრამაა, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, რომლის ფარგლებშიც ათვისების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალია, თუმცა მოსახლეობისთვის ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი წევრები დაინტერესდნენ, აპირებს, თუ - არა მთავრობა პასუხისმგებლობის აღებას ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების დაბალი მაჩვენებლების გამო. ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, რომლის დაქვემდებარებულ უწყებასაც ხარჯების ყველაზე დაბალი ათვისება აქვს, განმარტა, რომ ამის მიზეზი, ძირითადად, კომპანიების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად განხორციელებაა, ასევე, ტენდერები, რომლებიც არ შედგა. ასეთი კი არაერთი ტენდერია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი