სოციალურ ქსელში გერმანიის შს მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება (1,2,3,4,5). ანგარიშები ამტკიცებენ, რომ მიგრაციის ხელშეკრულება, რომელსაც 2023 წლის 18 დეკემბერს ქართულმა და გერმანულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ, საქართველოში უცხოელი მიგრანტების გადმოყვანას გულისხმობს. რეალურად, არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციის და საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის საკითხებს დაარეგულირებს. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში გადმოყვანას არ მოიცავს.

გერმანიის შს მინისტრი ნენსი ფეზერი სპეციალურ წარმომადგენელ იოახიმ შტამპთან ერთად თბილისში 2023 წლის 18 დეკემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაურთან ერთად მიგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება.

სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, მიგრაციის შეთანხმება არალეგალური მიგრაციის შემცირების საწინდარია. სამინისტროს თანახმად, საქართველო, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, გერმანიაში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის 15,6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო.

ვიზიტამდე გერმანიის შს მინისტრმა განაცხადა: „შეთანხმებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკვე არსებულ კარგ თანამშრომლობას იმ ადამიანების დაბრუნების საკითხში, რომლებიც ვალდებულნი არიან დატოვონ ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის ეფექტური შეზღუდვისკენ“. მიგრაციასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა ასევე აღნიშნა: „ჩვენ ვაორგანიზებთ და ვაკონტროლებთ მიგრაციას მიგრაციის ხელშეკრულებებით. ჩვენ კვალიფიციურ მუშაკებს, რომელთა საჭიროება ბევრ ინდუსტრიაში დგას, იმიგრაციის საშუალებას ვაძლევთ. ამავდროულად, ვაფორმებთ სავალდებულო შეთანხმებას, რომ გერმანიაში დარჩენის უფლების არმქონე ადამიანები დაბრუნდებიან [თავიანთ ქვეყნებში]“.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა 2023 წლის 16 ნოემბერს, ხოლო ბუნდესრატმა 2023 წლის 15 დეკემბერს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად გამოცხადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულით, გერმანიაში მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განცხადების განხილვის პროცედურები შეიძლება მნიშვნელოვნად დაჩქარდეს. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკური დევნის საფრთხის არარსებობაა.

რას გულისხმობს საქართველო-გერმანიის მიგრაციის შეთანხმება?

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მიგრაციის ხელშეკრულებით კიდევ უფრო გაძლიერდება მხარეებს შორის თანამშრომლობა და აღნიშნული ხელშეკრულება არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის ხელშეკრულება სეზონური მუშაკებისთვისაც ქმნის პერსპექტივებს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება.

ასევე, შეთანხმება სპეციალისტების გადამზადების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს. გერმანიის შს სამინისტროს თანახმად, გერმანია და საქართველო მზად არიან გააძლიერონ თანამშრომლობა სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევრების გაცვლითი პროგრამების კუთხით. ეს სფერო, სხვა საკითხებთან ერთად, მაგალითად, მოიცავს პროექტებს, რომლებიც ფოკუსირებულია ევროპის კვლევებზე.

ამავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით: „შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“.

ამდენად, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით არ დასტურდება, რომ მიგრაციის შეთანხმება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოყვანას გულისხმობს.

არის, თუ - არა მიგრაციის შეთანხმებასთან კავშირში გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, იენს შპანის 17 დეკემბერს გაკეთებული განცხადება?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ იენს შპანი გერმანიის ბუნდესტაგში გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ბავარიის ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CSU) ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა. აღნიშნული ალიანსი ოპოზიციაშია და გერმანიის მმართველი კოალიციის წევრი არ არის.

გაზეთ Neue Osnabrücker Zeitung-ში 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში შპანმა CDU-ს 70 გვერდიანი პროგრამის სამუშაო ვერსიის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც პირველად გასულ ორშაბათს წარადგინეს. პროგრამის სამუშაო ვერსია ისეთ საკითხებთან ერთად, როგორებიცაა: შრომითი ბაზარი, პენსია, ბიუჯეტი და ა.შ. მიგრაციის საკითხზე პარტიის პოლიტიკის შეთავაზებებსა და ხედვას მოიცავს. პროგრამის თანახმად, პირს, რომელიც ევროპაში თავშესაფარს ითხოვს, გადაიყვანენ უსაფრთხო ე.წ მესამე ქვეყანაში, სადაც საემიგრაციო პროცედურებს გაივლის. პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღნიშნული მესამე ქვეყანა თავად უზრუნველყოფს პირის დაცვას. ეს ინიციატივა CDU-ის ე.წ. „ძირითადი პრინციპის“ პროგრამის ძირითადი პუნქტია, რომლის მიხედვითაც, მთავრობაში მოსვლის შემდეგ პარტია შეეცდება გააფორმოს შეთანხმებები მესამე მხარის ქვეყნებთან, რომლებიც კანონიერად ვალდებულნი იქნებიან, დაიცვან მათ ქვეყანაში ჩასული მიგრანტები.

გაზეთ Neue Osnabrücker Zeitung-ის სტატიაში იენს შპანი აღნიშნავს, რომ ემიგრაციის შესამცირებლად, საჭიროა, რომ ყველა ახალი არალეგალი მიგრანტი გაიგზავნოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: განა, რუანდა, ან აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან - საქართველო და მოლდოვა. „რუანდამ განაცხადა, რომ მზადაა, ალბათ განაც. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მოლაპარაკებებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა“, - განაცხადა შპანმა. მისი თქმით, ეს გეგმა ლტოლვილებისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდება. „ბევრი ადამიანი არც კი გადაწყვეტს გამგზავრებას [გერმანიაში], თუ მათთვის ნათელი იქნება, რომ 48 საათის განმავლობაში ისინი აღმოჩნდებიან უსაფრთხო მესამე ქვეყანაში, ევროკავშირის გარეთ“.

აღსანიშნავია, რომ CDU-ის მოწოდებებს უკვე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელმაც არალეგალი მიგრანტების ე.წ. „მესამე ქვეყანაში“ გადაყვანასთან დაკავშირებით აღნიშნული მოწოდებები უარყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ CDU პრობლემაზე მუშაობის სანაცვლოდ „თეორიული დებატების“ გამწვავებას ცდილობს.

რას ამბობს გერმანიის კანცლერი მიგრაციის კონტროლის გაძლიერებაზე და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებაზე?

მიგრაციის საკითხზე 2023 წლის ოქტომბერში გერმანიის კანცლერმაც ისაუბრა. Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ არალეგალური მიგრაციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამავდროულად, „საბოლოოდ, ფართომასშტაბურად უნდა დაიწყოს იმ ხალხის დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს.(...) ვაძლიერებთ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას, რათა ევროპაში ნაკლები ხალხი შემოვიდეს და შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები დარეგისტრირდებიან პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად. სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ ევროპაში. ევროპარლამენტი, იმედია, ამ მექანიზმს მომდევნო თვეებში მიიღებს“-განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს მთავრობა მიგრანტების რაოდენობის შემცირებას, ოლაფ შოლცმა განაცხადა, მთავრობას აქვს შემუშავებული პაკეტი, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტს მოიცავს. ასეთ ინსტრუმენტებს შორის, მან საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადება დაასახელა. ამავე პაკეტის სხვა ნაწილებზე საუბრისას, კანცლერმა აღნიშნა ევროკავშირის სოლიდარობის მექანიზმი, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ მიგრანტების სამართლიან განაწილებას შეუწყოს ხელი.

ამდენად, მიგრაციის ხელშეკრულებაზე არსებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ის საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობას აძლიერებს. არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ევროკავშირში ჩასული არალეგალი მიგრანტების (უცხო ქვეყნის მოქალაქეების) საქართველოში გადაყვანას არ მოიცავს.

დამატებით, ინფორმაციის დასაზუსტებლად, „ფაქტ-მეტრი“ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი