„ფაქტ-მეტრი“ აგრძელებს პრემიერის 2023 წლის ანგარიშის გადამოწმებას. აღნიშნულ ნაწილში დამატებით პრემიერის 4 განცხადება გადავამოწმეთ. ანგარიშში მოცემული სხვა განცხადებების შესახებ პირველი სტატია იხილეთ ბმულზე.

განცხადება 1: 2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

2012 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო დასაბეგრი (დარიცხული) ხელფასი 713 ლარს შეადგენდა, 2022 წელს 1543 ლარს. 2023 წლის 3 კვარტლის საშუალო 1792 ლარია (Q1-1717 ლარი, Q2-1805 ლარი, Q3-1855 ლარი), რაც 2012-ის მონაცემებს 2.5-ჯერ აღემატება (საქსტატი კვარტალურ მონაცემებს 2014 წლიდან აქვეყნებს, რის გამოც, 2023 წლის პირველი ნახევრის, 2012 წლის პირველ ნახევართან შედარება ვერ მოხერხდა).

შემოსავლის ზრდისას გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ფაქტს ენიჭება, თუ რამდენჯერ მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენა შეუძლია ადამიანს მომატებული ხელფასით/სხვა შემოსავლით.

ხელფასების ნომინალურად 2.5-ჯერ ზრდის მიუხედავად, ადამიანთა რეალური შემოსავალი 2.5-ჯერ არ გაზრდილა. ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 1.53-ჯერ ანუ 53%-ით გაიზარდა.

გრაფიკი: დაქირავებით დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასი ლარში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკური მონაცემები დასაბეგრ ხელფასს ასახავს. საპენსიო შენატანისა და საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღები ხელფასი 1792-დან 1405 ლარამდე მცირდება. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილის ხელფასი საშუალოზე დაბალია. 2022 წელს საშუალო ხელფასი 1543 ლარს (ხელზე — 1210 ლარი) აღწევდა, მედიანური ხელფასი მასზე 33%-ით ნაკლებს 1040 ლარს (ხელზე — 815 ლარი) შეადგენდა.უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

განცხადება 2: 2024 წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის პენსია 415 ლარი გახდება, მაღალმთიან დასახლებებში კი 500 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 380 ლარი. შედარებისთვის, პენსია 2012 წელს იყო 125 ლარი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ასაკობრივი პენსიის ოდენობა ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არის დიფერენცირებული. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარამდე იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირებისთვის პენსია 380 ლარამდე, ხოლო 70 წლიდან ასაკის პენსიონერებისთვის 500 ლარამდე იზრდება.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი 125 ლარი) იყო.

გრძელვადიან პერიოდში პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში, ინფლაციის გამო, ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. შესაბამისად, შემოსავლები ნომინალურ და რეალურ კატეგორიებად იყოფა. ნომინალური შემოსავალი ხელზე ასაღებ, კონკრეტულ ფულად ერთეულში გამოსახულ თანხას ასახავს. რეალური შემოსავალი კი რეალურ დოვლათს, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელზე კორექტირდება.

2024 წელს, რეალური პენსია 2012 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს ერთი შეხედვით, ნომინალურ მაჩვენებელში, ჩანს. რეალურად, 2024 წელს 70 და მეტი წლის პენსიონერი 415-ლარიანი პენსიით იმდენივე პროდუქტის შეძენას შეძლებს, რამდენსაც 2012 წელს 245.5 ლარით შეიძენდა. მომავალ წელს 70 წლამდე პენსიონერის პენსია კი, 2012 წლის ფასებში თუ განვიხილავთ, 186.4 ლარის შესაბამისი იქნება. 2024 წელს - 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია, ინფლაციაზე კორექტირებული, 70 წლამდე პენსიონერებისთვის დაახლოებით 1.7-ჯერ, 70+ ასაკის პენსიონერებისთვის კი 1.9-ჯერ გაიზარდა. (ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

ამრიგად, პრემიერი ნომინალურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა პენსიის ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მის მიერ მოყვანილი რიცხვების სისწორის მიუხედავად, სინამდვილეში ზრდა ასეთი შთამბეჭდავი არ არის. შესაბამისად, პრემიერის განცხადება ზუსტია, თუმცა მას დამატებითი განმარტება აკლია და ფაქტ-მეტრი მას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.

განცხადება 3:2012 წელთან შედარებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით - 290%-ით ბოლო 11 წელიწადში. წელსაც, 11 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტმა მიაღწია უკვე 241 მლნ აშშ დოლარს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

2022 წელს საქართველოდან ჯამში 253 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2012 წელს იგივე მონაცემი 71 მლნ აშშ დოლარი იყო. საანგარიშო პერიოდში ზრდამ 182 მლნ - 256%, შეადგინა. პრემიერი მონაცემებს მცირედი გადაჭარბებით ასახელებს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 11 თვეში საქართველოდან ჯამში 241 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო იქნა გატანილი.

ცხრილი 1: ქართული ღვინის ექსპორტი 2012-2022 წლებში, მლნ აშშ დოლარი, მლნ ბოთლი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება. 2022 წელს ღვინის ექსპორტის 64% რუსეთზე მოდიოდა. მიმდინარე წლის 11 თვეში იმავე მონაცემმა 65.5% შეადგინა.

ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დაბალი 2012 წელს იყო (34%), რაც ემბარგოთი იყო განპირობებული (იხ. სტატია) ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 - 128 მლნ, 2014 - 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამისვე დასტურია, რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა.

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთი ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში საწარმოო ტექნოლოგიის შემოწმებას იწყებს (წყარო: bpn). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2006 წელს ქართულ ღვინოზე ემბარგო რუსეთმა სწორედ უხარისხობის მოტივით დააწესა. რა მოხდება ამჟამად, წინასწარ განჭვრეტა ძნელია. გამორიცხული საერთოდაც არ არის, რომ იგივე განმეორდეს, რაც 17 წლის წინ. აღნიშნული კი დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს, რადგან ბაზრის დივერსიფიცირების მიუხედავად, ღვინის ექსპორტის 64% მაინც რუსეთის ბაზრებზე მოდის.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. ქართული ღვინის ექსპორტზე დაკვირვება კი საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კი არ ვამცირებთ, პირიქით, ვზრდით. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

განცხადება 4: „დემოკრატიის ანგარიშში“ დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. ეს არის 11-წლიანი მუშაობის შედეგი

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

2023 წელს დემოკრატიის კვლევის ცენტრმა - „დემოკრატიის მრავალფეროვნება’’ (V-DEM) რიგით მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროექტია დემოკრატიის შესახებ. მისი სათავო ოფისი V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში არის დაფუძნებული.

საქართველომ 10-წლიანი პროგრესი ანგარიშის 6 ინდექსიდან ორში აჩვენა. ესენია: ლიბერალური დემოკრატიის (LIBERAL DEMOCRACY INDEX (LDI) ) და არჩევითი დემოკრატიის ინდექსები (ELECTORAL DEMOCRACY INDEX (EDI) ).

ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, სადაც ლიბერალური დემოკრატია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგრესის მაჩვენებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთან ერთად არიან სეიშელის კუნძულები, მალავი, ნეპალი, ეკვადორი და სხვ. ხოლო, ინდექსის ლიდერი ქვეყნებია: დანია, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ესტონეთი და სხვ. ლიბერალური დემოკრატიის საერთო რეიტინგში საქართველო 61-ე დღეს ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2017 წელს უკეთესი პოზიციური მაჩვენებელი ჰქონდა და 56-ე ადგილს იკავებდა.

ანალოგიური სურათია არჩევითი დემოკრატიზაციის ინდექსის (EDI) მიმართულებითაც. ამ მხრივ საქართველო 10-წლიანი დემოკრატიზაციის პროგრესის მაჩვენებელ ქვეყანათა ათეულშია. ათეულის ქვეყნებია: სეიშელის კუნძულები, საქართველო, ნეპალი, ეკვადორი, გამბია, სომხეთი, შრი ლანკა, ჰონდურასი, ფიჯი და მადაგასკარი. შეფასებული 175 ქვეყანას შორის კვლავ დანია, შვეიცარია, შვედეთი, ნორვეგია და სხვა ქვეყნები ლიდერობენ. ინდექსის საერთო რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს. 2017 წელთან შედარებით, საქართველომ პოზიციები ამ ნაწილშიც გააუარესა და მე-40 ადგილიდან მე-60 ადგილზე დაქვეითდა.

ორგანიზაციის შეფასებით, EDI ინდექსში პროგრესის მაჩვენებელი 10 ქვეყნიდან 2012 წლის მდგომარეობით საქართველოსგან განსხვავებით უმრავლესობა ავტოკრატიული იყო. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, „საქართველო 2012 წელს უკვე იყო კლასიფიცირებული, როგორც არჩევითი დემოკრატია, შემდეგ კი მაჩვენებელი გაუმჯობესდა“. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიში დემოკრატიზაციის პროგრესის მიხედვით, დამატებით ქვეყანათა ათეულს წარმოგვიდგენს, რომელთაც ამ პროგრესს ბოლო სამ წელიწადში მიაღწიეს. ათეულში გვხვდებიან ქვეყნები, რომლებმაც წარმატება 10-წლიანი დემოკრატიზაციის მიმართულებითაც მიაღწიეს, მაგალითად, გამბია და სეიშელის კუნძულები. საქართველო კი, აღნიშნულ რეიტინგში ვერ მოხვდა. მეტიც, 10- წლიან ტენდენციაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ 2012 წლიდან ქვეყნის მონაცემები 2017-2018 წლებამდე პროგრესირებს, ხოლო მომდევნო წლებში უარესდება. აღნიშნულს ადასტურებს V-DEM-ის წინა წლების წლიური ანგარიშებიც.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადებაში საქართველოს 10- წლიანი დემოკრატიზაციის პროგრესის შესახებ სიმართლის ელემენტი არის. საქართველო მართლაც მოიძებნება იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომლებმაც 10 წელიწადში დემოკრატიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენეს. ამის მიუხედავად, პრემიერის განცხადებაში იგნორირებულია 2017 წლის შემდეგ ასახული რეგრესი, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა. კერძოდ, 2017 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუარესებულია და საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვედრას ვერ ახერხებს, რომლებმაც ბოლო სამ წელიწადში აჩვენეს პროგრესი. აქედან გამომდინარე, ,,ფაქტ-მეტრი’’ პრემიერის აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტით მეტწილად მცდარი აფასებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი