ირაკლი ღარიბაშვილი: დემოკრატიზაციის გზაზე ჩვენ ძალიან ძლიერი და სწრაფი პროგრესი გვქონდა, 180 ქვეყანას შორის საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

2023 წლის 26 დეკემბერს ელჩების კონფერენცია , „საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიმართა. კონფერენციაზე მიწვეული გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საქართველოს მიერ საერთაშორისო რეიტინგებში ასახული პროგრესი კიდევ ერთხელ მიმოიხილა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც პრემიერის განცხადებით, „ძალიან ძლიერი და სწრაფი პროგრესი გვქონდა“, ქვეყნის დემოკრატიზაციაა. „შემთხვევითი არ არის რომ 180 ქვეყანას შორის დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,,ფაქტ-მეტრმა’’ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადაამოწმა.

დემოკრატიზაციის მიმართულებით სახელმწიფოების 10-წლიან პროგრესს დემოკრატიის კვლევის ცენტრი - „დემოკრატიის მრავალფეროვნება’’ (V-DEM) აფასებს. ,,დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მსოფლიოში დემოკრატიის შესახებ ერთ-ერთი უდიდესი პროექტია. მისი სათავო ოფისი V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში არის დაფუძნებული.

V-Dem ინსტიტუტმა 2023 წელს რიგით მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 179 ქვეყანა 6 სხვადასხვა ინდექსის მიხედვით არის შეფასებული. [1] ამასთან, თითოეულ ინდექსში დამატებით გამოყოფილია ის ქვეყნები, რომლებმაც ქვეყნის ქულა ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებითად გააუმჯობესეს ( [sign] Indicates that the country’s score has improved over the past 10 years, substantively and at a statistically significant level). საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებითი პროგრესი ანგარიშის 6 ინდექსიდან მხოლოდ ორში - ლიბერალური დემოკრატიის (LIBERAL DEMOCRACY INDEX (LDI) ) და არჩევითი დემოკრატიის ინდექსებში (ELECTORAL DEMOCRACY INDEX (EDI) ), აჩვენა:

ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის (LDI) მიხედვით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, სადაც ლიბერალური დემოკრატია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგრესის მაჩვენებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთან ერთად არიან სეიშელის კუნძულები, მალავი, ნეპალი, ეკვადორი და სხვ. ხოლო, ინდექსის ლიდერი ქვეყნებია: დანია, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ესტონეთი და სხვ. ლიბერალური დემოკრატიის საერთო რეიტინგში საქართველო დღეს 61- ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2017 წელს უკეთესი პოზიციური მაჩვენებელი ჰქონდა და 56- ადგილს იკავებდა.

ანალოგიური სურათია არჩევითი დემოკრატიზაციის ინდექსის(EDI) მიმართულებითაც. ამ მხრივ საქართველო 10-წლიანი დემოკრატიზაციის პროგრესის მაჩვენებელ ქვეყანათა ათეულშია (სწორედ აღნიშნულ ინდექსზე აპელირებს ირაკლი ღარიბაშვილი). ათეულის ქვეყნებია: სეიშელის კუნძულები, საქართველო, ნეპალი, ეკვადორი, გამბია, სომხეთი, შრი ლანკა, ჰონდურასი, ფიჯი და მადაგასკარი. ყველა შეფასებული ქვეყანას შორის კვლავ დანია, შვეიცარია, შვედეთი, ნორვეგია და სხვა ქვეყნები ლიდერობენ. ინდექსის საერთო რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს. 2017 წელთან შედარებით, საქართველომ პოზიციები ამ ნაწილშიც გააუარესა და მე-40 ადგილიდან მე-60 ადგილზე დაქვეითდა.

დამატებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის შეფასებით, 2012 წლის მდგომარეობით,EDI ინდექსში პროგრესის მაჩვენებელი 10 ქვეყნიდან, საქართველოსგან განსხვავებით, უმრავლესობა ავტოკრატიული იყო. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, „საქართველო 2012 წელს უკვე იყო კლასიფიცირებული, როგორც არჩევითი დემოკრატია, შემდეგ კი მაჩვენებელი გაუმჯობესდა“. გარდა ამისა, ანგარიში დემოკრატიზაციის პროგრესის მიხედვით, დამატებით ქვეყანათა ათეულს წარმოგვიდგენს, რომელთაც ამ პროგრესს ბოლო სამ წელიწადში მიაღწიეს. ათეულში გვხვდებიან ქვეყნები, რომლებმაც წარმატება 10-წლიანი დემოკრატიზაციის მიმართულებითაც მიაღწიეს, მაგალითად, გამბია და სეიშელის კუნძულები. საქართველო კი, აღნიშნულ რეიტინგში ვერ მოხვდა. მეტიც, 10- წლიან ტენდენციაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ 2012 წლიდან ქვეყნის მონაცემები 2017-2018 წლებამდე პროგრესირებს, ხოლო მომდევნო წლებში უარესდება. აღნიშნულს ადასტურებს V-DEM-ის წინა წლების წლიურიანგარიშებიც.

პრემიერის განცხადებაში არის სიმართლის ელემენტი - საქართველო მართლაც მოიძებნება იმ ქვეყანათა საუკეთესო ათეულში, რომლებმაც ბოლო ათ წელიწადში დემოკრატიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენეს. მიუხედავად ამისა, პრემიერი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ 2017 წლიდან დღემდე საქართველოს პოზიციები გაუარესებულია და მეტიც - 10-წლიან პროგრესზე საუბრისას, ფაქტობრივად, ამის საპირისპიროს ამტკიცებს და ქმნის იმგვარ შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველო ამ დროის განმავლობაში უწყვეტად დადებითი მიმართულებით ვითარდებოდა. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი