აკაკი გვიანიძე:ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს აქვს, არის ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი... სამი ბაღი რომ უნდა გახსნილიყო 2022 წელს, გადმოვიდა 2023 წელს...

ვერდიქტი: აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სამი ახალი საბავშვო ბაღი, რომლებიც ბაგრატიონის ქ. №127-ში, ქათამაძის ქ. №32-ში და მეზღვაურის ქუჩაზე (ქ. ჭავჭავაძის ქ.№7-ის მიმდებარედ) აშენდა. აღნიშნულ დაწესებულებებს აღსაზრდელები ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე უნდა მიეღო. თუმცა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ბათუმის მუნიციპალურმა ორგანიზაციამ - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ - სამივე ხელშეკრულება შეწყვიტა. მეორედ ტენდერი იმავე წლის ბოლოს გამოცხადდა და პროექტების დასრულების ბოლო ვადად 2023 წლის 30 აგვისტო განისაზღვრა. შემსყიდველმა სამუშაოები რამდენიმე თვის დაგვიანებით, 2023 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობის გამო, არაერთი ბავშვი სკოლამდელ დაწესებულებაში ვერ დადის, ქალაქის მერმა, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშით გამოსვლისას, აღნიშნული მიმართულებით მერიის მუშაობა დადებით კონტექსტში წარმოაჩინა. [1]

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის გარდა, ბათუმში რამდენიმე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტიც ძალიან გაჭიანურდა და ახლაც მიმდინარეობს, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გვიან დასრულდა. ამ პროექტებზე „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. მათი წაკითხვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ბმულების გახსნით.

ამდენად, აკაკი გვიანიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით: სიმართლე.

ანალიზი: რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა. თავის გამოსვლისას მან დადებით კონტექსტში ახსენა სამი საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის ფაქტი, თუმცა არ უთქვამს, რომ სწორედ ამ საბავშვო ბაღებს აღსაზრდელები ერთი წლის წინ, 2022 წელს, უნდა მიეღო. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე, რომელმაც განაცხადა: „ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს აქვს, არის ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი... სამი ბაღი რომ უნდა გახსნილიყო 2022 წელს, გადმოვიდა 2023 წელს“...

„ფაქტ-მეტრმა“, ამავე პოლიტიკოსის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ თემაზე 2022 წელსაც იმუშავა. ჩვენს სტატიაში დეტალურადაა განხილული, რომ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამი საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში შეისყიდა. ობიექტების მშენებლობა გათვალისწინებული იყო ბაგრატიონის ქ. №127-ში, ქათამაძის ქ. №32-ში და მეზღვაურის ქუჩაზე (ქ. ჭავჭავაძის ქ.№7-ის მიმდებარედ). სამივე პროექტი შარშან შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. თუმცა შემსყიდველმა სამივე ხელშეკრულება შეწყვიტა.

2022 წლის ბოლოს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, იმავე ბაღების მშენებლობის გაგრძელების მიზნით, ახალი ტენდერი გამოაცხადა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2023 წლის 30 აგვისტო განისაზღვრა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, შემსყიდველმა სამუშაოები რამდენიმე თვით გვიან, ნოემბერში ჩაიბარა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში დაწყებული პროექტები, რომლებიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო, ქალაქმა ერთწლიანი დაგვიანებით მიიღო.

გარდა ამისა, ქალაქში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლებიც მიმწოდებლებს 2022 წელს და უფრო ადრეც უნდა ჩაებარებინათ, თუმცა დღემდე დაუსრულებელია, ან დიდი ხნის დაგვიანებით დასრულდა. მათ შორის რამდენიმეზე ჩვენ ადრე დავწერეთ. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4. ამდენად,, ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

[1] არჩილ ჩიქოვანი: [2023] წელს სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ისინი ექსპლუატაციაშია შეყვანილი. როგორც მოგეხსენებათ, ესენია ბაგრატიონის, ქათამაძისა და ჩაქვის მეზღვაურთა ქუჩაზე არსებული ახალი ბაღები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი