ეკა სეფაშვილი: კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო უსწრებს ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის 5 წევრ ქვეყანას, კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიოში მეოცე ადგილს, ხოლო ევროპაში მე-11 ადგილს იკავებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკა სეფიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

2023 წლის 12 დეკემბერს, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. განცხადებები, მათ შორის, კანდიდატის სტატუსსა და მის მისაღებად ქართული სახელმწიფოს მზაობას შეეხებოდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია კორუფციის საკითხი, რადგან ევროკავშირი მასში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს კორუფციის პრობლემების მოგვარებას სთხოვს (იხილეთ ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და 9 დათქმა).

„მე ხელთ მაქვს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო უსწრებს ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის 5 წევრ ქვეყანას, მსოფლიოში მეოცე ადგილს, ხოლო ევროპაში მე-11 ადგილს იკავებს კორუფციის კონტროლის მიხედვით. აი ეს არის სიმართლე და არა ის ტყუილი ნარატივი, რომელსაც გახარიას პარტია ავრცელებს ...“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

„ფაქტ-მეტრმა“ ეკა სეფაშვილის განცხადება გადაამოწმა:

მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის ფარგლებში სახელმწიფოთა რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი სხვადასხვა სფეროს შეეხება, მათ შორის, აფასებს სახელმწიფოთა პოლიტიკურ სტაბილურობასა და ძალადობის/ტერორიზმის არ არსებობას, ეფექტურ მმართველობას, მოქალაქეთა ჩართულობასა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და კორუფციის კონტროლს.

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვნახოთ, თუ რა შედეგები აქვს საქართველოს კორუფციის კონტროლის სფეროში. 2022 წლის მონაცემებით, სიის სათავეში დანიაა 2.4 ქულით, შემდეგ მოდიან ფინეთი (მე-2 ადგილი), ნორვეგია (მე-5 ადგილი), შვედეთი (მე-6 ადგილი), ნიდერლანდები (მე-8 ადგილი), გერმანია (მე-10 ადგილი) და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს 0.6 ქულით.

ზემოაღნიშნულ სიაში საქართველოს NATO-ს წევრი 19, ხოლო ევროკავშირის წევრი 17 სახელმწიფო უსწრებს. თავის მხრივ, საქართველო NATO-ს წევრ 12 სახელმწიფოს უსწრებს. ესენია - იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და თურქეთი. ამავე რეიტინგში საქართველო ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს უსწრებს. ესენია - იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველო ამავე რეიტინგში დიდი შვიდეულის წარმომადგენელ 6 სახელმწიფოს (გერმანია, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, საფრანგეთი და აშშ) ჩამორჩება, ხოლო მათგან მხოლოდ ერთს, იტალიას მხოლოდ 7 ადგილით უსწრებს.

როგორც ვხედავთ, საქართველო NATO-ს წევრ 25 სახელმწიფოს კი არა, მხოლოდ 12-ს უსწრებს, ხოლო ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის მე-11 ადგილზე კი არაა, არამედ მასზე წინ ევროკავშირის 17 წევრი სახელმწიფოა. ამასთანავე საქართველო დიდი შვიდეულის 5 წევრ სახელმწიფოს კი არა, მხოლოდ ერთს უსწრებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან საქართველო დასახელებული სახელმწიფოების უმეტეს ნაწილს კორუფციის კონტროლის სფეროში ჩამორჩება, „ფაქტ-მეტრი“ ეკა სეფაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი